საქართველოდან რუსეთში კონიაკის დისტილატის იმპორტი შესაძლოა გამარტივდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული სასმელის წარმოებისთვის ნედლეულის დეფიციტი,- რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ალკოჰოლისა და თამბაქოს ბაზრების კონტროლის ფედერალური სამსახურში აცხადებენ.
რუსეთის ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ საქართველოდან დისტილატის იმპორტის გამარტივების საკითხს მთავრობაში განიხილავენ. ამჟამად ქართული ნედლეული სხვა ქვეყნების პროდუქტებთან შედარებით უფრო მკაცრ კონტროლს გადის.
ფედერალური საბაჟო სამსახური აფორმებს კონიაკის დისტილატების თითოეულ პარტიას, რომელიც მიეწოდება რუსეთის ფედერაციას, მხოლოდ ლაბორატორიული ტესტების ჩატარების შემდეგ. გარდა ამისა, მათი რუსეთის ფედერაციაში შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მწარმოებლებისგან, რომლებმაც ინსპექტირება "როსპოტრებნადზორის“ მიერ გაიარეს. მანამდე "სოიუზკონიაკმა“, ნედლეულის დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით, საქართველოდან კონიაკის დისტილატის იმპორტის გამარტივება მოითხოვა.
"სოიუზკონიაკში“ მიიჩნევენ, რომ საქართველოდან მიწოდებაზე მკაცრმა კონტროლმა განაპირობა ის, რომ ქართულმა ნედლეულმა დაიწყო რუსეთში შესვლა სომხეთიდან და ყაზახეთიდან პროდუქციის საფარქვეშ.
ინიციატივას მხარი დაუჭირა ალკოჰოლისა და თამბაქოს ბაზრების კონტროლის ფედერალურმა სამსახურმა.
"კონიაკის დისტილატის მიწოდება, სატრანზიტო ქვეყნებით (როგორიცაა სომხეთი) შუამავალი ლოგისტიკური და ფინანსური ხარჯების გვერდის ავლით, უშუალოდ მწარმოებლისგან საქართველოდან, ეკონომიკურად უფრო მომგებიანია მიმღებისთვის“, - ნათქვამია ფედერალური სამსახურის წერილში.
ექსპერტები ასევე მიუთითებენ, რომ საქართველოდან პროდუქციის მიწოდებაზე კონტროლის შესუსტების განზრახვის მიზეზი, შესაძლოა, რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ბოლოდროინდელ გართულებაც იყოს.