დეტალი, რომლის გამოც სახლში ხანძრის რისკი მაღალია და როგორ დავიზღვიოთ თავი მისგან

დეტალი, რომლის გამოც სახლში ხანძრის რისკი მაღალია და როგორ დავიზღვიოთ თავი მისგან

რატომ შეიძლება გაჩნდეს სახლში ხანძარი, თუ ყველა მოწყობილობა გამორთული გვაქვს დენის წყაროდან და სხვა საფრთხეების მიმართაც ყურადღებით ვართ?

ბოლო პერიოდში საცხოვრებელ სახლებში გახშირებული ხანძრების მიზეზი როგორც დაუდევრობა (ანთებული სანთელი ან სიგარეტი, ჩართული გაზი თუ სხვა), ისე შიდა მოძველებული ელექტროსადენებია, რომელთა პერიოდულად შეცვლაც დიდ საფრთხეს აგვარიდებს თავიდან.

ელექტროსადენები ძირითადად, სხვენებში გადის, მათი დიდი ნაწილი კი ხის მასალისგან არის აშენებული. მათი დაზიანების შედეგად გაჩენილი ცეცხლი სწრაფად ვრცელდება და ერთი მხრივ, საფრთხეს უქმნის მაცხოვრებლებს და მეორე მხრივ, ნადგურდება მათი კუთვნილი ქონება. დამწვარი სახლის აღდგენა ხანდახან შეუძლებელიც ხდება.

როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განმარტავენ, მნიშვნელობა არ აქვს სამშენებლო მასალებისა თუ ელექტროგაყვანილობის ხარისხს, ექსპლუატაციის ვადის გასვლის შემდეგ სადენები აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

„ძალიან დიდი შანსია, მოძველებულმა ელექტროგაყვანილობამ ხანძარი გამოიწვიოს, საცხოვრებელი სახლების თითქმის 90%-ში კი ასეთი მდგომარეობაა“, - აღნიშნავენ კომპანიაში.

გასათვალისწინებელია, რომ სახლებში არსებული შიდა ელექტროქსელი ,,ენერგო-პრო ჯოჯიას“ არ ეკუთვნის, შესაბამისად, დაზიანების შემთხვევაში კომპანია სამუშაოებს ვერ აწარმოებს, ამიტომაც უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უძრავი ქონების მფლობელია.

როგორ დავიზღვიოთ თავი ხანძრის საფრთხისგან და გავმართოთ გაყვანილობა?

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ რეკომენდაციით, სახლის ელექტროქსელი პერიოდულად უნდა შევამოწმებინოთ კომპეტენტურ კერძო ელექტრიკოსებს და დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მივიღოთ ზომები.

ელექტროგაყვანილობა საბოლოო რემონტამდე კეთდება და როგორც უსაფრთხოების, ისე ხარჯების დაზოგვის მიზნით, მნიშვნელოვანია, მისი გამართვისთვის ფინანსები და ძალისხმევა არ დავიშუროთ. აღსანიშნავია, რომ სადენების გადაბმის ადგილები რემონტისთვის მარტივად მისაწვდომ ადგილებში უნდა განთავსდეს, ასევე, ერთ ავტომატურ ამომრთველთან არ უნდა იყოს დაკავშირებული ხუთ როზეტზე მეტი. უსაფრთხოებასთან და მუშაობის სიმძლავრესთან დაკავშირებულ ამ და სხვა დეტალების შესახებ უმჯობესია, მივმართოთ სპეციალისტებს, რომლებიც მოძველებულ სადენებს ახლით შეგვიცვლიან და შეცდომების არსებობის შემთხვევაში ახალ ელექტროქსელს მოგვიწყობენ.