არავინ იცის, ვის რა ელოდება ცხოვრებაში. თუმცა ლეილა აბაშიძეზე მის ახალგაზრდობაში აუცილებლად გეტყოდნენ, რომ ის - ქართული კინოს ვარსკვლავი, აუცილებლად ვარსკვლავურად იცხოვრებდა: მას ცნობდნენ და უყვარდათ, მისი ნიჭი აღიარებული იყო, მეგობრობა და პატივისცემა არ აკლდა. მართალია, საბჭოთა საქართველოში ჰოლივუდური ფუფუნება არ მიეცემოდა, მაგრამ ამ არეალში ერთ-ერთი ყველაზე უზრუნველყოფილი და ბედნიერი იქნებოდა. წესით, ასეც უნდა ყოფილიყო...
ფოტოგალერეა
მაგრამ არსებობდა ერთი "მაგრამ"... ლეილა აბაშიძეს ბავშვობიდანვე ძალიან ბევრი ტკივილი არგუნა ბედმა. მამა, რომელიც რუსეთში თანამდებობის პირი იყო და 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლი გახდა - ციმბირში გადაასახლეს. ცოლ-შვილი გაჰყვა მის კვალს... სულ პატარა ლეილამ, დედის ალერსსა და მამის სითბოსთან ერთად, ცივი და მოქუფრული ბანაკის რაობაც შეიცნო.
ყვებოდა თურმე: "იყო გახლართული მავთულები, სადაც 220 ვოლტი დენი გადიოდა, ვერ მიეკარებოდი. იქვე, დედამ ერთი ადგილი იცოდა, დადგებოდა და შორიდან შეუმჩნევლად დაუქნევდა ხელს მამას, ისიც ჩუმად მიესალმებოდა. მე პატარა ვიყავი, დავიმახსოვრე ის ადგილი, გავძვრებოდი-გამოვძვრებოდი ყოველდღე, მივიდოდი იქ, ხან სიგარეტს გადავუგდებდი მამას. ის გამომხედავდა ასე მადლიანი თვალებით და მხოლოდ ეს იყო ჩვენი შეხვედრები".
ეს მადლიერი თვალები მთელი ცხოვრების ტკივილად ექცა. ვინ იცის, რამდენჯერ ახსენებდა თავს მაშინ, როცა…წესით მხოლოდ საკუთარ ბედნიერებაზე უნდა ეფიქრა... დედისა და მამის განაწამები სახეები მეხსიერებიდან არ ამოსდიოდა. რაც უფრო მეტად სტკიოდა, მით უფრო იკეტებოდა თავის სიმარტოვესა და სადარდელში. საზოგადოების წინ კი მხიარული ლეილა ჩანდა, რომელსაც ნიჭიერების წყალობით შეუმჩნევლად ვერ დატოვებდი! ჯერ კიდევ პაწაწინა გოგონა საკონცენტრაციო ბანკის პატიმრებისთვის გამართულ კონცერტზე გამოდიოდა და მთელი არსებით კითხულობდა ლექსს "Умер Ильич". როგორც თვითონ ამბობდა, ამ ლექსში აქსოვდა მთელ განცდას, რაც დაგროვებოდა გისოსებს იქით მყოფი მამის, შრომით დაღლილი დედის, ქართულ მზეს მოშორებული პატარა გულის ტკივილის გამო...
ლეილა აბაშიძე იმ მძიმე წლებს როცა იხსენებდა, იმასაც ამბობდა, რომ პირველი რეცენზია სწორედ მაშინ მიიღო: "იქ ბევრი ქართველი იყო, რა თქმა უნდა, რომლებიც თურმე მოუთმენლად ელოდნენ ჩემს გამოჩენას და ტაშით მხვდებოდნენ. იმ პერიოდში მე და მამას პორტრეტთან ერთად გაზეთ "Сибирская правда"-ში დაიბეჭდა სტატია სახელწოდებით "Oтец и дочь", სადაც ეწერა: "Когда на сцене появляется маленькая Лейла, ее встречают аплодисментами, предчувствуя появление будущей большой актрисы". ეს იყო პირველი რეცენზია, რომლითაც მე მაღიარა მაყურებელმა".
თავბრუდამხვევი კარიერა! ეს შეფასება მართლაც ზედმიწევნით შეეფერება მის თამაშს კინოში, რადგან თითქმის ყველა მნიშვნელოვან ფილმში იწვევდნენ. მის მიერ შექმნილი სახეები უყვარდათ და თაობები იზრდებოდნენ მისი თაყვანისცემით! ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა 8 წლისამ, 1941 წელს ფილმში "ქაჯანა", კატოს როლი შეასრულა. სკოლის დამთავრებამდე კიდევ ორი როლი მისცეს: იუტა ("ოქროს ბილიკი", 1945) და ნაზიბროლა ("აკაკის აკვანი", 1947).
პროფესიის არჩევაზე რომ მიდგა საქმე, კითხვა არც გაჩენილა - თეატრალურ ინსტიტუტს მიაშურა. ინსტიტუტის წითელ დიპლომზე დამთავრების შემდეგ ლეილა აბაშიძე რუსთაველის თეატრში გაანაწილეს. ძალიან მალე მიიწვიეს კინოსტუდია "ქართულ ფილმში". ახლა კი მართლაც დასჭირდა არჩევანის გაკეთება: ან კინო და ან თეატრი! ლეილა აბაშიძემ კინო არჩია...
საყოველთაო აღიარება მოუტანა როლებმა ფილმებში მარინე ("ჭრიჭინა", 1954), ლია ("აბეზარა", 1957). ფილმმა "ჭრიჭინა" (სცენარი მარიკა ბარათაშვილის და ლევან ხოტივარის, რეჟისორი სიკო დოლიძე) მთელი მსოფლიოს ეკრანები მოიარა და მსახიობს დიდი წარმატება მოუტანა.
არავის დაავიწყდება ლეილა აბაშიძის ლელა ("ისინი ჩამოვიდნენ მთიდან", 1954), მანანა ("ჩვენი ეზო", 1956), მაია წყნეთელი ("მაია წყნეთელი", 1959), ძიძია ("ხევისბერი გოჩა", 1964), ნინო ("შეხვედრა წარსულთან", 1966), ლალი-მზევინარი ("შეხვედრა მთაში", 1966), ვარდისახარი ("დიდოსტატის მარჯვენა", 1969), ქეთევანი, ("მოლოდინი", 1969)...
ცხოვრება მიდიოდა... ლეილა აბაშიძეს, როგორც კინომსახიობს, ყველაზე დიდი წარმატება ერგო წილად და ალბათ ბედნიერი უნდა ყოფილიყო ამით... მაგრამ მისი სათუთი ბუნება, დაუცველი შინაგანი სამყარო გაცილებით მძაფრად განიცდიდა ნებისმიერ პატარა ტკივილსაც კი... მისთვის ერთი სიტყვა, ერთი გამოხედვა შეიძლებოდა ყოფილიყო მოუშუშებელი ტკივილის მომტანი. ცხადია, არც ის ბავშვობის დროინდელი მძაფრი შთაბეჭდილება ავიწყდებოდა: ტკივილად ქცეული ადამიანების სახეები გისოსებს მიღმა, განწირული პატიმრის მადლიერი თვალები, ოჯახს დანატრულებული ტუსაღების სიყვარულიანი შეძახილები...
ამიტომაც უნდოდა რაღაც უფრო სერიოზული, ფსიქოლოგიური ეთამაშა. სულში დაგროვილი სათქმელი, როგორც კივილი, ისე აღმოხდენოდა ამ როლის თამაშისას... ეს ოცნება არ შეუსრულდა. ახლა ძნელია თქმა, რატომ მოხდა ასე: დაემთხვა მძიმე წლები, როცა ქართული კინო ლამის მოკვდა, როგორც ხელოვნება, არ იყო არანაირი სახსარი, რომ რეჟისორებს ემუშავათ. უკვე ახალგაზრდულ ასაკს დამშვიდობებულ მსახიობს რატომღაც მაშინაც ნაკლებად აძლევდნენ როლებს, როცა შესაძლებელი იყო.
2009 წლის 8 მარტს თბილისში, კინოთეატრ "რუსთაველის" წინ ლეილა აბაშიძის ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავის გახსნამდე კინოთეატრში მსახიობის პატივსაცემად საღამო გაიმართა, რომელზეც ქალბატონმა ლეილამ თქვა: "დღეს მეორედ დავიბადე. ადრე თუ გვიან აღარ ვიქნები ამ ქვეყანაზე და ეს ვარსკვლავი კი, სადაც ჩემი სახელი და გვარია ამოტვიფრული, მუდამ იარსებებს. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, ეს რამხელა პატივია ჩემთვის. მით უმეტეს, რომ ჩემი ვარსკვლავი დიდებული, გენიალური ქართველი მსახიობი ქალის, ნატო ვაჩნაძის ვარსკვლავის გვერდით გაიხსნა. დიდი მადლობა უპირველეს ყოვლისა, ქართველ ერს, ჩემს მაყურებელს; დიდი მადლობა ყველა იმ რეჟისორს, ვისაც ამ ვარსკვლავის გახსნაში წვლილი მიუძღვის, რადგან მათ ფილმებში მათამაშეს. მე ამას აღვიქვამ, როგორც უდიდეს ჯილდოს. ამ ბედნიერ დღეს ღმერთს ვთხოვ, რომ გენიალური ქართული კინო ისევ აღორძინდეს და უფრო მეტი ბრწყინვალებით წარდგეს მაყურებლის წინაშე. ჩემთვის ერთი ვარსკვლავი ცოტაა. მე მინდა საქართველო ვარსკვლავების ქვეყნად იქცეს". განაგრძეთ კითხვა