"ცვალებადი ნიშნები" ახალი სერიალია, რომელიც სტუდენტების ცხოვრებაზე, მათ პრობლემებზე და ისეთ ამბებზე გვიყვება, რაც რეალისტურია, სერიალის პერსონაჟებში კი შეიძლება ბევრმა ადამიანმა საკუთარი თავი ამოიცნოს. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და მაყურებლისთვის საყვარელი პერსონაჟი ნატაა, რომელსაც მსახიობი ნია გუგავა თამაშობს.
სოციალურ ქსელებში ნატას ფრაზები, ვიდეოები პოპულარულია და მაყურებლის განხილვის თემაა. მსახიობ ნია გუგასვასთვის ეს არ არის პირველი როლი, მანამდე "ხელოვნურ სუნთქვაში" თამაშობდა, გარდა ამისა, ახალგაზრდა მსახიობმა სრულმეტრაჟიან ფილმში მთავარი როლიც შეასრულა. გთავაზობთ რამდენიმე კვირის წინ ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებულ ინტერვიუს ნიასთან:
- კამერასთან მუშაობის რა გამოცდილება გაქვს?
- სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, კამერასთან მუშაობის ჩემი პირველი გამოცდილება პირდაპირ სრულმეტრაჟიან ფილმში, მთავარ როლს უკავშირდება. სანამ გადაღებები დაიწყებოდა, ძალიან გახარებულიც ვიყავი და იმავდროულად, შეშინებულიც, რადგან კამერასთან პირველად დგომისას, პირდაპირ მთავარი როლის შესრულება მარტივი არ იყო. მით უმეტეს, 17 წლის ვიყავი. ჯერ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარებულიც არ მქონდა. როლისთვის შედარებით უფროსი ასაკის მსახიობს ეძებდნენ. ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ გადასაღებ მოედანზე ისეთი ატმოსფერო და ხალხი დამხვდა, რომ პირველი სცენა გადავიღეთ თუ არა, თავისუფლად ვიგრძენი თავი. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე. ეს ფილმი - "ჯადოსნური ახალი წელი ანუ ერთი კოცნის ისტორია" - სამსახიობო სფეროში ჩემი პირველი ნაბიჯები იყო.
- გვიამბე, ამ ფილმში როგორ მოხვდი?
- კასტინგები ბევრად რთული იყო. თავდაპირველად, კასტინგის მენეჯერებმა მსახიობების მხოლოდ ფოტოები ნახეს. ჩემი ფოტოს ნახვისას თქვეს, - ეს გოგო პატარაა. მოდი, არ გვინდაო, მაგრამ ქალბატონმა ეკამ მაინც მიმიყვანა... პირველი კასტინგი უფრო ზოგადი ხასიათის იყო - მხოლოდ ტექსტი წამაკითხეს; მეორედ, "გადარჩევის" ეტაპზე, მთავარი როლების კანდიდატები - გოგონები და ბიჭები დაგვიბარეს. სცენა რამდენიმე ბიჭთან გავიარე. კასტინგზე 2 რეჟისორი - ჯაბა მელქაძე და გიორგი ებრალიძე იყვნენ... მეორე კასტინგის მერე უკვე როლზე დამამტკიცეს. ჩემთვის ეს სრულიად მოულოდნელი იყო, რადგან ვიცოდი, ჩემს ასაკთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდათ, მით უმეტეს, არასრულწლოვანი ვიყავი და არც გამოცდილება მქონდა, არც - თეატრალურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი. არ ვიცი, რა და როგორ მოხდა, მაგრამ ძალიან მოულოდნელად ასეთი ბედნიერება მეწვია (იღიმის).
- იმ პერიოდში მსახიობობა შენთვის ჰობი იყო?
- არა. მსახიობობა ჰობად არასოდეს მქონია. 4 წლის ვიყავი, როცა პირველად სცენაზე დავდექი - დედასთან ერთად ვთამაშობდი. მგონი, ლაპარაკიც არ ვიცოდი, როცა უკვე ეს პროფესია მინდოდა. 14 წლიდან გოგა პიპინაშვილის სტუდიაში დავდიოდი. მსახიობობა ყოველთვის მიზნად მქონდა დასახული. ფილმში მონაწილეობამ მაჩვენა, რომ თუკი მანამდე მსახიობობა ჩემი სურვილი და ოცნება იყო, ახლა უკვე შეიძლება, ამ მიმართულებით ჩემი საქმეები წინ წავიდეს. ჯერ 18 წლის ვარ. საერთოდ, ყველა ასაკში ბევრი ადამიანი მიზანს იცვლის, მაგრამ ჩემი სურვილი ისეთი ძლიერია, რომ გამომივა თუ არა, მაინც ყოველთვის ამ გზას მივყვები!.
- შენი პროფესიული არჩევანი დიდწილად დედამ, მსახიობმა ეთო გუგავამ ხომ არ განაპირობა?
- არა. ამასთან დაკავშირებით, დედისგან რჩევა ან შემოთავაზება არასდროს ყოფილა. როცა დედაჩემს რეპეტიციებზე ვესწრებოდი, მსახიობობის სურვილი მაშინ გამიჩნდა და ეს პროფესია შემიყვარდა. დედა რეპეტიციას იმიტომ მასწრებდა, რომ უბრალოდ, მასთან ერთად უნდა ვყოფილიყავი და არა იმიტომ, რომ პროფესიულ გზას მისახავდა. მას არასოდეს უთქვამს, - მოდი, ეს პროფესია აირჩიეო, პირიქით, მაფრთხილებდა, - ეს გზა ძალიან რთულია, დიდ მოთმინებას მოითხოვს, კარგად დაფიქრდიო... მოკლედ, მსახიობობა ბავშვობიდან აბსოლუტურად ჩემი პირადი არჩევანი იყო.
- გართობისთვის დრო გრჩება? როგორ ერთობით შენი თაობის წარმომადგენლები?
- ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გართობა ცოტათი რთული თემაა, რადგან დილის 9 საათიდან საღამოს 9-10-მდე, ყოველდღე უნივერსიტეტში ვართ. მხოლოდ კვირას ვისვენებთ, თუმცა შეიძლება, კვირასაც გადაღებები დაემთხვეს. ამიტომ ვცდილობთ, უნივერსიტეტშივე გავერთოთ კიდეც. თუ 1 თავისუფალი დღე დაგვრჩა, აუცილებლად ბარში ან კაფეში მივდივართ და განტვირთვას ვცდილობთ, მაგრამ მაინც ყოველთვის ეს ფიქრი გვაქვს, - ვაიმე, ხვალ დილის 9 საათზე ქართული ცეკვა გვაქვსო!.. მიუხედავად ამისა, მაინც ვცდილობთ, თავისუფალი დრო არ დავკარგოთ.
- ფილმისა და სერიალში მონაწილეობის გარდა, კიდევ რამე გამოცდილება ხომ არ გაქვს, რის შესახებაც არ ვიცით?
- ერთ მოკლემეტრაჟიან ფილმშიც - "ხავერდის კაბა" ვმონაწილეობდი, რომელსაც რეჟისურის ფაკულტეტის სტუდენტი იღებდა. გარდაცვლილი ცოლის როლს ვთამაშობდი. ჩემთვის განსხვავებული, რთული და საინტერესო სამუშაო იყო. მით უმეტეს, ბავშვობის მეგობრები ვთანამშრომლობდით: ჩემი მეგობარი რეჟისორის ამპლუაში იყო, მე - მსახიობის.
- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
- არაფერი. ვცდილობ, საკუთარ თავზე კონცენტრირებული ვიყო. ცოტა ხნის წინ ხანგრძლივი ურთიერთობა დავამთავრე. ახლა მინდა, ბევრი დრო საკუთარ თავს, კარიერას დავუთმო - ამით შემოვიფარგლები (იღიმის)...
- 18 წლის გოგონამ მითხარი, - ხანგრძლივი ურთიერთობა დავასრულეო... შეგიძლია ამ ურთიერთობის შესახებ მეტი გვიამბო?
- მე და ჩემი ყოფილი შეყვარებული სამსახიობო ფაკულტეტზე ერთად ვაბარებდით. ერთმანეთს მხარში ვედექით, სტუდიაში ერთად დავდიოდით... უნივერსიტეტში ჩავაბარეთ. ახლა ჩვენი ურთიერთობა დასრულდა, მაგრამ მაინც კარგი მეგობრები ვართ - ერთმანეთს ყოველთვის მხარში ვუდგავართ. მე მისი წარმატება მიხარია, მას - ჩემი.
- სამომავლოდ, შენს პროფესიულ განვითარებას სად ხედავ?
- რა თქმა უნდა, საზღვარგარეთ მუშაობაც მინდა, მაგრამ ამ ეტაპზე, ჯერ უნივერსიტეტში სწავლაც დასასრულებელი მაქვს და ასევე, საქართველოში ბევრი პროექტისგან პასუხს ველოდები. მინდა, რაღაცნაირად, ჯერ აქ მოვიკიდო ფეხი, შემდეგ კი - აუცილებლად საზღვარგარეთაც ვცადო ბედი. დღეს რომ არჩევანის წინაშე დამაყენონ, საქართველოში დავრჩე თუ უცხოეთში ვიმუშაო, აუცილებლად საქართველოს ავირჩევ...წაიკითხეთ ვრცლად
ძალიან ლამაზი და საყვარელი!
სიტყვა ,, შეყვარებული"გააუპატიურეს ზოგზოგებმა, ასეთ დროებით კაცს ან ქალს პარტნიორებს უწოდებენ ახლა, პარტნიორს შეყვარებული არა ჰქვია, პარტნიორობა ხშირად უსიყვარულოდ ხდება.