ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, რომელსაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.
სასამართლო პროცესზე, რომელსაც ცხრავე ბრალდებული ესწრებოდა, საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულები შეაჯამა.
პროკურორს საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.
"ბრალდების მხარემ წარმოვთქვით დასკვნითი სიტყვა, დეტალურად ვისაუბრეთ გამოკვლეულ მტკიცებულებებზე, რომლითაც მიგვაჩნია, რომ უტყუარად დასტურდება წარმოდგენილი ბრალდებულების ბრალეულობა. ჩვენ შევეხეთ როგორც ექსპერტიზის დასკვნებს, მოგეხსენებათ, ჩატარებულია საინჟინრო, სამედიცინო ექსპერტიზები, ასევე, შევეხეთ გამოთხოვილ დოკუმენტაციას, სატენდერო დოკუმენტაციას, მოწმეთა ჩვენებებს, შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით მიგვაჩნია, რომ უტყუარად დასტურდება წარმოდგენილი პირების ბრალეულობა და მოლოდინი გვაქვს, რომ სასამართლო ერთადერთ, სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს გამამტყუნებელი განაჩენის სახით", - განაცხადა ტყეშელაშვილმა.
ბრალდების მხარის მიერ წარმოთქმული დღევანდელი დასკვნითი სიტყვის შემდეგ, მოსამართლისთვის გაცილებით მარტივი უნდა იყოს გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღება, - ასე გამოეხმაურა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამი დაკავებულის - დევი კახოიძის, ბექა მურღვლიანისა და ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი, ომარ ფურცელაძე ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვას.
როგორც ფურცელაძე განმარტავს, პროკურატურის დასკვნით სიტყვას იმ მნიშვნელოვან კითხვებზე არ გაუცია პასუხი, რაც ადვოკატის თქმითვე, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქმის გარშემო არსებობს.
ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა. კერძოდ, ბრალი დაუმძიმდათ - "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი)."გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტი) და "მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტს დავით თუშიშვილს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ’’ ქვეპუნქტი).
არ არიან დამნაშავე ეს ხალხი უბრალოდ უბედური შემთხვევის ბრალია სამწუხაროდ
თავიდანვე ცუდი სუნი ასდის ამ საქმეს და ასეც დამთავრდება. კარგი,გავიგეთ ვიღაცის დაჭერა იყო საჭირო,რადგან ადამიანები დაწყნარებინათ,თუმცა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აკიდო დირექტორს უხარისხოდ შესრულებული სამუშაოსთვის ცოტა არაადეკვატურია. რა თქმა უნდა,მისი მორალური პასუხიმგებლობა არის,თუმცა სად გინახავთ დირექტორს თავად გაეყვანოს კაბელი? ამ კაცს ბრალდება კონტროლის ნაკლებობა,წესიერად უნდა შეემოწმებინაო,თუმცა ეგრე მერიის კომპეტნციაც არის,კარგად შეამოწმოს ჩასაბარებელი ობიექტი. ხოდა თუ დირექტორებზე ტყდება ჯოხი,მაშინ კალაძის პასუხიმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს. აბა,ერთი დაიჭირო კონტროლის არ ქონაზე,კარგად ვერ შემოწმებაზე და მეორეც ხახვივით შერჩეს იგივე დანაშაულზე? ქოცებთან მაქვს შეკითხვა,ხეების გადატანის დროს,თუ ეს ხე გადავარდებოდა და ვიღაცას დააზიანებდა,ეს ივანიშვილის ბრალი იქნებოდა? არ ფიქრობთ,რომ იგივე სიტუაცია არის აქაც? ამ საქმეზე არავინ უნდა იქნას დაჭერილი ციხეში,რადგან უბედური შემთხვევა მოხდა,ეს არ ყოფილა წინასწარ განზრახული ქმედება. ჯარიმა და კომეპნსაცია საკმარისია ამისთვის.თუ ასე უყურადღებობაზე მიდგა საქმე,მაშინ სხვა პირებიც დასასჯელები არიან. მერიაზე უკვე მოგახსენეთ და თავად კალაძეზე,მშობლები და სკოლის ადმინსტრაცია. რა უნდოდა ბავშვს სასწავლო საათებში პარკში? აქ უმეტესობა იტყვით,რომ მშობელს ან მასწავლებელს რო სცოდნოდა,არავინ გაუშვებდა ან უკან გაყვებოდა,თუმცა ეგრე ითქმის დაკავებულებზე,რო სცოდნოდათ დაზიანებული ან კარგად არ იყო გაკეთებული,მაშინ ხო გააკეთებდნენ.განტევების ვაცების მოძებნა ქართული მარკაა,რეალურ პრობლემას გვერდს უვლით და ვიღაცის დაჭერით გულს იმშვიდებთ. გავა დრო და კიდევ იქნება მარიტას მსგავსი მსხვერპლები,მერე დირექტორს დააბრალებთ? სინამდვილეში,კვალიფიკაცია და ნეპოტიზმი არის პრობლემა,ახლობლებს რო აჭერინებენ ტენდერებს,როგორც ბაყაყი კოღოს. კვალიფიციური პერსონალი არ ყავთ,ფულის ნაკლებობას უჩივიან და აფუჩეჩებენ საქმეს,ეს ვისი ბრალია? ჩატარდეს ნორმალური კვლევა ქვეყანაში,რომელიც შეისწავლის ბოლო წლებში ჩატარებულ ტენდერებს და შესრულებულ სამუშაოს,ყველაგან ასეთი სიტუაცია იქნება ან უარესი. მაინცადამაინც ადამიანი უნდა გარდაიცვალოს,რათა რაიმე შეისწავლონ? თუცა რა უნდა შეისწავლონ,ფეხებზე კიდიათ ეს ამბავი,მოკვდება ვინმე და ხელებს შეაწმედნენ ვიღაცას,პრობლემის სათავე ხელუხლებელი რჩება.