ერთი შეხედვით მომხიბვლელი და ნაზი ქალბატონია, მაგრამ ფლობს საბრძოლო უნარებს, გავლილი აქვს სამხედრო მომზადება და კარგად ისვრის მიზანში. მას დამთავრებული აქვს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, პარიზის სორბონის უნივერსიტეტი და მიღებული აქვს დოქტორის წოდება, ასევე, დამთავრებული აქვს ვესტმინსტერის უნივერსიტეტი და არის დიპლომატიურ მეცნიერებათა მაგისტრი. იგი ფლობს ექვს უცხო ენას, უყვარს მოგზაურობა და ახალი კულტურის გაცნობა, ჰყავს ფრანგი მეუღლე და ორი ქალიშვილი. პოლიტიკით ცოტა ხნის წინ, 2020 წელს დაინტერესდა, უფრო სწორად, პოლიტიკოსები დაინტერესდნენ მისით. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ნონა მამულაშვილი, სხვა ახალ სახეებთან ერთად, პარტიის განახლების მიზნით მიიწვია გუნდში. პოლიტიკაში მისი გამოჩენა საკმაოდ ხმაურიანი აღმოჩნდა, საზოგადოება არა ერთხელ გახდა პოლიტიკურ ოპონენტებთან მისი დაპირისპირების მოწმე. რამდენიმე თვის წინ ყველასთვის მოულოდნელად დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ მალევე დაბრუნდა პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატის სტატუსით. 2023 წელს იმედიანად, კარგი ამბების მოლოდინში ხვდება. ამბობს, რომ რუსეთი აუცილებლად დაისჯება და საქართველოს ახალი შესაძლებლობები მიეცემა. უფრო ვრცლად, ცნობილ პოლიტიკოს ქალზე, რომელიც გენერალი მამისა და მეომარი ძმის გარემოცვაში გაიზარდა, მის ფრანგ მეუღლესა და ორ ქალიშვილზე ნონა მამულაშვილთან ინტერვიუში შეიტყობთ.
ნონა მამულაშვილი:
- მხიარული საახალწლო განწყობა ვერ ექნება ქვეყანას, რომელიც ევროპულ პერსპექტივას თვალსა და ხელს შუა კარგავს და რომლის შვილებიც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს კლავენ, მაგრამ მსოფლიოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს. ვგულისხმობ იმას, რომ უკრაინა დაამარცხებს რუსეთს და შესაბამისად, რუსეთი დასავლეთის მხრიდან ძალიან მკაცრად დაისჯება. ეს საქართველოსაც მისცემს რუსეთის კლანჭებისგან დახსნის შესაძლებლობას. ეს არის ჩვენი ისტორიული, იშვიათი შესაძლებლობა, რომ გავთავისუფლდეთ რუსული გავლენებისგან. გაგვიმართლა, რომ ამის მომსწრენი ვიქნებით.
- ახალ წელს სად ან რა ვითარებაში ხვდებით?
- ალბათ, ოჯახურ გარემოში.
- როგორი დიასახლისი ხართ?
- კარგი დიასახლისი ვარ, უბრალოდ, ხშირად არ მეძლევა საშუალება, რომ ვისიამოვნო და ოჯახის წევრებიც ვასიამოვნო ჩემი დიასახლისობით. დედა მეხმარება, მეუღლეც, ჩემი შვილები - ლილი და სესილიც უკვე იმ ასაკში არიან, შეუძლიათ საკუთარი თავის მიხედვა.
- პოლიტიკა მათაც აინტერესებთ?
- პოლიტიკისთვის ჯერ პატარები არიან - 13 და 10 წლის. ის იციან, რომ რუსეთი ჩვენი მტერია, დანარჩენი - ჯერ ადრეა.
- თქვენ როგორი ბავშვი იყავით და როგორი იყო გარემო, სადაც პიროვნებად ჩამოყალიბდით?
- ოჯახური გარემო, სადაც ვიზრდებოდით, იყო ძალიან თბილი და მზრუნველი, ამავდროულად - პატრიოტული სულისკვეთებით სავსე. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში ვიყავით, როდესაც დედა და მამა საქართველოს უკეთესი მომავლისთვის იბრძოდნენ. ჩვენც ბავშვობიდანვე გვინერგავდნენ ქვეყნის სიყვარულს. ორივე 9 აპრილის მონაწილე იყო. მე და ჩემი ძმა, მამუკა მამულაშვილი ვუყურებდით, როგორ იბრძოდნენ ჩვენი მშობლები და ჩვენც ასე გავაგრძელეთ. ჩემი ბავშვობა რთულ 90-იან წლებს დაემთხვა. ჩემს ოჯახში საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შედეგად განცდილი სიხარული მალე სამოქალაქო დაპირისპირებით გამოწვეულმა სევდამ შეცვალა. ჩემი მშობლები ძალიან განიცდიდნენ რუსეთის პროვოცირებით ქართველების დაპირისპირებას, ზვიად გამსახურდიას მდგომარეობას. მერე დაიწყო ავბედითი ომი აფხაზეთში და ამან მთელი ჩვენი მომავალი განსაზღვრა.
- რა შეგიძლიათ გაიხსენოთ აფხაზეთის ომთან დაკავშირებით?
- როგორც კი ომი დაიწყო, მამა - ზურაბ მამულაშვილი, ასევე ჩემი ორი ბიძა, მაშინვე წავიდნენ საბრძოლველად. სამწუხაროდ, ჩემი ბიძები პირველივე დღეებში დაეცნენ ბრძოლის ველზე. ეს ტკივილი ჩემთვის და ჩემი ძმისთვის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის მოტივაცია გახდა.
- თქვენი ძმის მსგავსად, ომში წასვლის სურვილი არ გაგიჩნდათ?
- არა, დედას მარტო ვერ დავტოვებდი.
- მაშინ, როდესაც არც ტელეფონი იყო და სხვა დამაკავშირებელი საშუალება, ალბათ, რთული იყო მოლოდინის რეჟიმში ყოფნა.
- ძალიან რთული იყო. იშვიათად მამა ახერხებდა ფრონტის ხაზიდან დარეკვას. ძირითადად, ინფორმაციას ომიდან ჩამოსული ადამიანებისგან ვიღებდით. მამას და მამუკას ტყვეობის შესახებ სრულიად შემთხვევით რუსეთის ტელევიზიიდან და ისიც - რამდენიმე დღის დაგვიანებით გავიგეთ. მე და დედა ვხდებოდით პოლიტიკოსებს და ვარკვევდით, თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა მათი ტყვეობიდან დასახსნელად. ასევე, შეხვედრები გვქონდა წითელ ჯვართან. სწორედ ამ ორგანიზაციის საშუალებით ვუგზავნიდით წერილებს ოჯახის წევრებს. მალე გამოჩნდა შესაძლებლობა, რომ მამა რუს მაღალჩინოსანში გაეცვალათ, მაგრამ ამაზე თავადვე არ დათანხმდა, თქვა, რომ მანამდე დარჩებოდა ტყვეობაში, ვიდრე მისი ბოლო ჯარისკაცი არ განთავისუფლდებოდა. შესაბამისად, როდესაც უკვე სოხუმი დაეცა და ყველა ყველაზე გაიცვალა, მამამაც მაშინ დააღწია ტყვეობას თავი.
- ზურაბ მამულაშვილი გენერალი იყო და ის სრულიად მომზადებული იქნებოდა ომისთვის. როგორი იყო ომიდან დაბრუნებული 14 წლის მამუკა?
- ძალიან შეცვლილი. შეიძლება ითქვას, რომ მამუკამ ბავშვობა გამოტოვა, 14 წლის ასაკში ის უკვე ზრდასრული, პასუხისმგებლობითა და ვალდებულებებით დატვირთული ადამიანი იყო. უკვე თავისი იდეები და მიზნები ჰქონდა.
- მარტივი ბავშვობა არც თქვენ გექნებოდათ.
- რა თქმა უნდა, არც მე მქონდა. ზოგადად, მგონია, ჩემი თაობიდან არავის ჰქონდა ნორმალური ბავშვობა. ან კი, როგორ უნდა გვქონოდა?! 90-იანმა წლებმა ყველა ქართველს დაასვა თავისი დაღი. ომიდან ომში, ქარტეხილიდან ქარტეხილში გვიწევდა გადასვლა და ეს ყველაფერი „ერთმორწმუნე“ რუსეთის „წყალობით“. მძიმე იყო ეს ყველაფერი, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ამ სიმძიმემ და სირთულემ გაგვაძლიერა, მოტივაცია მოგვცა, გაათმაგებული ძალებით გვებრძოლა იმ ძალის წინააღმდეგ, ვინც ჩვენ ამ დღეში ჩაგვაყენა. განაგრძეთ კითხვა
საუკეთესო და-ძმა. წარმატებები და ბედნიერება ნონას და მამუკას.
მამუკამ დიდობაც გამოტოვა