ავტორი:

"ცხოვრების მთავარი სიმღერა დის დასაფლავების დღეს დავწერე - ლია ზღვაში გარდაცვლილი იპოვეს" - ტრავმა, სიყვარული და ცნობილი მეგობრები: უცნობი ამბები დათო ევგენიძის ცხოვრებიდან

"ცხოვრების მთავარი სიმღერა დის დასაფლავების დღეს დავწერე - ლია ზღვაში გარდაცვლილი იპოვეს" - ტრავმა, სიყვარული და ცნობილი მეგობრები: უცნობი ამბები დათო ევგენიძის ცხოვრებიდან

"ჩემთვის მუსიკა ცხოვრებაა, ჩემთვის სამყარო ჟღერს" - ამბობს მუსიკოსი დათო ევგენიძე, რომელსაც ცნობილი და დიდი მუსიკოსები თავიდანვე წარმატებულ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.

მუსიკის წერა ჯერ კიდევ 4-5 წლის ასაკში დაიწყო და ამ საოცარი ნიჭისთვის ცხოვრების არც ერთ ეტაპზე უღალატია. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ძალიან მარტივად გამოსდიოდა, წარმატებას ადვილად აღწევდა, ცხოვრების გზაზე ტკივილიც ჰქონია.

  • AMBEBI.GE-ს რუბრიკაში "ჩემი ცხოვრების მთავარი ამბები" დათო ევგენიძე ამ ყველაფერზე გულწრფელად საუბრობს.

ცოტა ხნის წინ, მან თავის ნეუღლესთან 18-წლიანი თანაცხოვრება ოფიციალურად, ხეილისმოწერით დაადასტურა და ქორწილიც ჰქონდა.

ქორწილი და ხელისმოწერა

- ნინო 18 წლის წინ მოვიყვანე ცოლად, ჯვარი დავიწერეთ, ძალიან მალე საქორწინო მოგზაურობაში წავედით და ხელის მოწერა ვერ მოვასწარით. სულ გვქონდა გეგმაში, რომ ჩვენი თანაცხოვრება ოფიციალურადაც გაგვეფორმებინა, მაგრამ წლები ისე გავიდა, ვერ მოვახერხეთ. ვინაიდან ჩვენი შვილი სრულწლოვანი ხდება და საკუთარი შვილი მინდოდა, მართლაც ჩემი ყოფილიყო და როგორღაც ხელისმოწერა გადავწყვიტეთ.

ჩემს ასაკში ცოლის მოყვანა მარლაც იშვიათია, მეუღლეზე არაფერს ვამბობ, მასზე 17 წლით უფროსი ვარ... მოკლედ, რადგან გადავწყვიტეთ, ვიფიქრეთ, ჩვენს ქორწილში მეგობრებიც მოგვეწვია და იმ ბედნიერ დღეს გაგვეხსენებინა დრო, როცა ერთმანეთის ქორწილებში დავდიოდით...

ჩემი მომავალი ცოლი პირველად რომ ვნახე, საკმაოდ პატარა იყო, ძალიან მომეწონა. მერე რამდენჯერაც ვნახავდი, სულ მინდოდა, შემდეგი შეხვედრა შემდგარიყო. ბოლოს 10 წელი არ მყავდა ნანახი, მოსკოვიდან თბილისში ვიზის გაგრძელებაზე ვიყავი წამოსული. იმ პერიოდში რუსულ-ქართული ურთიერთობები გაფუჭებული იყო, საკონსულო დაკეტილი იყო. არადა, მნიშვნელოვან ფილმზე ვმუშაობდი, საჩქაროდ ვიყავი უკან წასასვლელი, მაგრამ სანამ ვიზა ავიღე, ერთ თვით ჩამოსულს აქ ყოფნა 4 თვე გამეწელა.

იმ პერიოდში „აჭარამიუზიკჰოლში“ სამეგობრო ვიყავით მისული, ცუდ ხასიათზე ვიყავი, რადგან მნიშვნელოვან ფილმზე ვმუშაობდი და ფაქტობრივად, იმ შეფერხების გამო შეკვეთას ვკარგავდი... მოკლედ, ვხედავ შემოვიდა ნინო და მივხვდი, რომ ის ჩემი ბედნიერება იყო. როგორც ვთქვი, 10 წელი არ მყავდა ნანახი, ერთმანეთს ჩავეხუტეთ და პირდაპირ ვუთხარი, მოსკოვში უნდა წაგიყვანო-მეთქი. უი, მოსკოვში ჩემი ბიძაშვილი ცხოვრობსო. ასე მიპასუხა. ცოლად მომყავხარ-მეთქი. დაიბნა. მეორე დღეს დავურეკე, მეგობრებთან ერთად წამოვიყვანე, მერე სტუმრად ვიყავით და ნინოს დედაც იქ იყო. ორივე მანქანაში ჩავსვი და დედას ვუთხარი, თქვენი შვილი ცოლად მომყავს-მეთქი. მერე დედა დავტოვე თავის სახლში, ნინო ჩემთან წამოვიყვანე. არც ჩემებმა არაფერი იცოდნენ... იმ დღიდან 18 წელი გავიდა და ჩვენი ცოლქმრობა ცოტა ხნის წინ ოფიციალურადაც დადასტურდა.

"ჩემი ბავშვობა უმთავრესია, ჩემში შემოქმედებას და ყველაფერ პოზიტიურს ბადებს"

- გავიზარდე რუსთაველის 44-ში, თბილისურ ეზოში. ერთი უზარმაზარი აივანი იყო, რომელიც რამდენიმე ოჯახს აერთიანებდა, მეზობლები ოჯახის წევრებივით იყვნენ. ცხოვრობდნენ რუსები, ბალტიისპირელები, ქურთები, აზერბაიჯანელები... 1997 წელს ოპერაში კონცერტი გავმართე სახელწოდებით „შაბათი,“ სადაც ერთდროულად ჟღერდა ყველა ის მუსიკა, რაც მათი სახლებიდან გამოდიოდა. ბავშვობაში გაგონილი და იმ მრავალეთნიკური ოჯახებიდან გამოსული ნაციონალური მუსიკა ყურში რომ მქონდა ჩარჩენილი (მათ შორის, კლასიკა, ჯაზიც) გავაერთიანე.

"რუსთაველზე ოროთახიანი ბინა გვქონდა"

- იყო ერთი ძალიან დიდი ოთახი და მეორე - შედარებით პატარა. ვცხოვრობდით, მე, ჩემი და, დედა, მამა, ბებია და ჩემი დიდი ბებია ლუბა, რომელიც ფანტასტიკური ადამიანი იყო - ერთდროულად 4 თაობა ვიყავით. ჩვენი ნათესავებიც იქვე, მეზობელ ქუჩებზე - გრიბოედოვზე, კოტე მესხზე ცხოვრობდნენ. ყველანი ერთუბნელები ვიყავით.

საკმაოდ პატარას რატომღაც დამამახსოვრდა ყველა ჩემი საყვარელი ადამიანის სუნთქვა. არ იყო სხვადასხვა ოთახები, რომ იქ დაგვეძინა. ოჯახის ის ერთად ყოფნის სითბო, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია... სკოლაში 1967 წელს წავედი და მას მერე რუსთაველზე დიდხანს ვიცხოვრეთ. სკოლა რომ დავამთავრე, ახალი ბინა მიღებული კი გვქონდა, მაგრამ რუსთაველის სახლი მაინც გვქონდა და ჩემს სახლს მაინც იმას ვეძახი. ფანჯრებიდან ვხედავდი სასტუმრო „ივერიას“, მის წინ კაფე „მეტრო“ იყო, სადაც პირველად ვნახე კოქტეილის ჭიქა და ვოცნებობდი, იმ ასაკის მალე გავმხდარიყავი, რომ „მეტროში“ მოხვედრილიყავი. ქალაქის მთელი სტილიაგები იქ დადიოდნენ. სამწუხაროდ, მაგას ვერ მოვესწარი, რადგანაც კაფე დაანგრიეს... ასევე ჩემი სარკმლიდან დავინახე, როგორ მოჭრეს რუსთაველზე უზარმაზარი ხე, რომელიც იქაურობას ძალიან უხდებოდა. იმ ხის ერთგვარ დასაფლავებას დავესწარი. არავის რომ ენახა, ღამე მოჭრეს. ტანკერივით მანქანა იყო, იმაზე შემოდეს და წაიღეს. ის წუთები ჩემი ბავშვობის ხის დასაფლავებას ჰგავდა...

ჩემი და ლია

- 18 წლის არ ვიყავი, 16 წლის და რომ დამეღუპა. ლიაზე წლი-ნახევრით უფროსი გახლდით. ეგ ტრაგედია 1977 წელს მოხდა. მაგ წელს მოსკოვის კონსერვატორიაში ჩავაბარე, მაგრამ დის დაღუპვა ჩემთვის ტკივილზე მეტი იყო. მას მერე ასე - ჩემი ცხოვრება ლიას გარდაცვალებამდე და ლიას გარდაცვალების შემდეგ. სამწუხაროდ, ინციდენტი ზღვაზე ბავშვების თამაშისას მოხდა და ლია ზღვაში გარდაცვლილი იპოვეს... ის ჩემი სიმღერის პირველი შემსრულებელი იყო, მუსიკალურ ათწლედში ფლეიტაზე დადიოდა, როცა მე საფორტეპიანოზე ვსწავლობდი.

დათო ევგენიძე, ლია ევგენიძე, ეკა კახიანი, მაია ჯაბუა

ბავშვობაში დაწყებული შემოქმედება

ჩემი ბავშვობა ასევე უკავშირდება ეკა კახიანს, მაია ჯაბუას და ანსამბლ „მზიურის“ ბავშვებს. საკმაოდ პატარა ასაკიდან ვმეგობრობდით. სიმღერა 7 წლისამ რომ დავწერე, ეკა კახიანმა და ქეთინო ფირცხალავამ ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში შეასრულეს. ჩემი პირველი სიმღერა 8 წლის ვიყავი, გაზეთ „თბილისში“ რომ დაიბეჭდა. პირველი კონცერტი კი ციცინო ციცქიშვილისა და შურა ჯანელიძის იუბილეზე შედგა. პირველი საავტორო კონცერტი მსახიობთა ხელოვნების სახლში ჩატარდა, სადაც 13 წლისამ 24 ნაწარმოები გამოვიტანე. იმ კონცერტზე დავით თორაძე და მორის ფოცხიშვილმა წარმადგინეს. მერე კი უკვე ტელევიზიაში მიწვევდნენ. 10 წლისამ სატელევიზიო გადაცემისთვის „მზის იალქანი“ ქუდი დავწერე. არადა, ბევრ ცნობილ კომპოზიტორს ჰქონდა საკონკურსოდ ჩაბარებული სიმღერა. ჩემი ნამუშევარი მოეწონათ.

"ადამიანები, ვინც არ მავიწყდება"

- ჩემს ცხოვრებაში კომპოზიტორებიდან დიდი როლი აქვს სანდრო მირიანაშვილს, პირველად მან მომისმინა. მისი მეგობარი იყო ქალბატონი მარგო, ვინც სკოლამდე ფორტეპიანოზე მასწავლიდა. მასთან მუსიკის წერა 4-5 წლისამ დავიწყე. ღამე ვდგებოდი და ვუკრავდი. მამა ამბობდა, ბავშვი ფსიქიატრთან წავიყვანოთო, ბებია ამბობდა - სანდრო მირიანაშვილთან წავიყვანოთო. მარგო წარმოშობით სომეხი იყო. არამ ხაჩატურიანის მეგობარი გახლდათ და ხაჩატურიანმა თბილისში ერთ-ერთი ბოლო ვიზიტისას მისი დახმარებით მომისმინა. რჩევა იყო, - ამ ბიჭმა კონსერვატორიაში უნდა ჩააბაროს. სანდრო მირიანაშვილის მეზობელი იყო მორის ფოცხიშვილი. როცა გამიცნო, მქონდა იმის ფუფუნება, რომ 10-11 წლის ასაკში ჩემთვის სიმღერებისთვის ტექსტები დაეწერა.

ცხოვრების მთავარი სიმღერა კი იმ დღეს დავწერე, როცა და დავასაფლავე. სასაფლაოდან სახლში დავბრუნდი, ყველას ეგონა, რომ გავგიჟდი. სიმღერის ლექსი ბატონმა მორისმა დამიწერა... მერე მოსკოვში სასწავლებლად რომ წავედი, იქ მეუღლესთან ერთად ჩამომაკითხა, გვერდით რომ მდგომოდა. მისგან ჩემთვის უმძიმეს პერიოდში დიდი თანადგომა მახსოვს...

სანდრო მირიანაშვილის გარდაცვალების შემდეგი ჩემი პედაგოგი ლილი იაშვილი იყო, საოცარი კომპოზიტორი და დავიწყეთ ჩემი საფორტეპიანო ნაწარმოებების ნოტებზე ჩაწერა. პირველი საშუალო სკოლიდან მუსიკალურ ათწლედში რომ გადავედი, იქ ალექსანდრე შავერზაშვილი მამეცადინებდა. ჩემს კლასიკური მიმართულებით განვითარებაში კი დიდი წვლილი სულხან ცინცაძეს მიუძღვის - ეს ბიჭი კლასიკოსი კომპოზიტორი არისო, - ამბობდა. მისი ერთ-ერთი ცოლი, ნინო ცინცაძე მესამე მუსიკალურში საფორტეპიანოს მასწავლებელი იყო. სულხან ცინცაძეს დიდი როლი მიუძღვის, რომ კლასიკური მუსიკის მიმართულებით განვვითარდი.

როგორც აღმოჩნდა, მართლა ღმერთი მიგზავნიდა, იმ ქართველ გენიალურ ადამიანებს, რომლებიც გარკვეულად მაფასებდნენ... არ შემიძლია, არ გავიხსენო ჯანსუღ ჩარკვიანი. ჩემი და და თაკო ჩარკვიანი ჯანსუღის შვილი ერთ კლასში სწავლობდნენ. მამუკა ბავშვობის მეგობარი იყო. ერთხელაც, თაკომ ჩემი ლექსები სახლში მამას მიუტანა. ბატონმა ჯანსუღმა კი არც გამაფრთხილა, ლექსები თავის ჟურნალში ისე დაბეჭდა - პოეტს გზას ვულოცავთ.

ტარიელ ჭანტურიას შვილი ჩემი მეგობარი იყო და ჩემი ლექსები ბატონმა ტარიელმაც წაიკითხა. მისი დაჟინებით ჩემი პირველი კრებული გამოვეცი. ჩემს მეორე კრებულში უკვე მისი წინასიტყვაობაც არის.

კონსერვატორია

- მოსკოვის კონსერვატორიაში რომ ჩავაბარე, მესამე კურსზე ვიყავი, რომ ჩემი დივერტისმენტი მოსკოვის „დიდ თეატრში“ დაიდგა. კიდევ ოთხი დივერტისმენტი დაიდგა, ერთ-ერთი თეატრის საერთაშორისო ფესტივალზე შესრულადა და გრანპრი დაიმსახურა. მერე ნიუ-იორკშიც დადგეს. ბალანჩინისთვის მიძღვნილი ჩემი ბალეტი ალექსიძემ დადგა და ლიეპა იყო მისი პროდიუსერი. ლავროვსკი ცეკვავდა თვითონ ბალანჩინს. ნამუშევარს „საფირი“ ერქვა.

სამეგობრო

- პირველ საშუალო სკოლაში ჩემი კლასელები იყვნენ რეჟისორი დათო ჯანელიძე, ფილოლოგი ვასიკო მაღლაფერიძე, გია შერაზადაშვილი - გადაბმული მეგობრები ვიყავით. ასევე ჩემი ბავშვობის მეგობრები იყვნენ და 24-საათიან რეჟიმში ერთად ვიყავით - გეგა კობახიძე, ლევან აბაშიძე, ირაკლი ჩარკვიანი, ლევან კერესელიძე. სამწუხაროდ არც ერთი აღარ არის ცოცხალი. გეგა და ჩემი და ერთ წელს და ერთ თვეს იყვნენ დაბადებული, ტოლები იყვნენ და ერთ კლასში სწავლობდნენ. ლია რომ გადაიცვალა, გეგა თავის დაბადების დღეზე, 7 ივლისს, ყოველთვის ჩემთან მოდიოდა ხოლმე.

,ლევან კერესელიძე(კესტოლა) გეგა კობახიძე,ლევან ღოღობერიძე,ირაკლი ჩარკვიანი და დათო ევგენიძე

გეგა კობახიძე

- მე, ირაკლი ჩარკვიანი, ლევან აბაშიძე მისი ქორწილიდან ადრე წამოვედით. სინამდვილეში ცოტა ვიეჭვიანეთ, მეჯვარეებად ერთი წლის დამეგობრებულები რომ ჰყავდა (მერე კი მივხვდით, რატომ იყვნენ ისინი). მოკლედ, გეგა გამოგვყვა, - რატომ მიდიხართო? არ ვსვამთ და რა გავაკეთოთ-თქო? სად იქნებითო? ახალი მიღებული გვქონდა რუსთაველიდან ბინა ნუცუბიძეზე, გადასულები არც ვიყავით, ოღონდ, იქ ინსტრუმენტები მქონდა შეტანილი, სადაც მივდიოდით ხოლმე და ვუკრავდით. ამიტომ ვუთხარით, - ნუცუბიძეზე ვიქნებით-თქო და მე და ირაკლი ჩემთან სახლში დასაკრავად ავედით. დაახლოებით პირველი საათი იქნებოდა. მანამდე ცოტა ვიბოდიალეთ, ვიღაცებს გავუარეთ. სახლში მისულს კარში წერილი დამხვდა: „ვიყავით. გეგა, თინიკო და კომპანია“. თავისი ქორწილიდან ყველანი ჩემთან მოსულან. რადგან თავის ქორწილიდან აქ მოვიდა, ეტყობა, ეწყინა, რომ წამოვედით და მოდი, მივაკითხოთ-თქო. კანდელაკზე ცხოვრობდა. ჩავსხედით მანქანაში და ღამის 2 საათზე მივედით. გეგა უკვე ლოგინში იწვა. რომ დაგვინახეს, ჩაიცვეს და თინიკოსთან ერთად, ჩვენთან სახლში წამოვიდნენ. მთელი ღამე დასაკრავ ინსტრუმენტთან იჯდა, ირაკლი გიტარაზე უკრავდა, მე პიანინოზე - ვერთობოდით, ვიცინოდით. მხოლოდ თინიკო იყო რაღაცნაირ ხასიათზე. მე და ირაკლი ჩაის ვაკეთებდით და გეგას ვუთხარით, - მგონი, ამ გოგოს არ მოვწონვართ-თქო. არადა, ვერც წარმოგვედგინა, დილას სად მიდიოდნენ... ეს რომ მცოდნოდა, კარს არ გავუღებდი, ჩავკეტავდი...

ეკა ჭაჭიაშვილი, დათო ევგენიძე და გეგა კობახიძე

გარიჟრაჟზე სახლში მივიყვანეთ. ჩაგვეხუტა და ერთმანეთს ასე დავშორდით... მერე კი მოხდა ის, რაც მოხდა... ის ყველაფერი ჩემთვის შოკი იყო. ლოგიკურ ემოციაზე საუბარი არც არის. დაახლოებით იგივე რამ განვიცადე, რაც ჩემს დაზე...

პოეზია

- ღამე გვიან ვწერ. ლექსიც და მუსიკასაც თვითონ უნდა მოვიდეს. ლექსსაც ხელები წერენ ხოლმე - „პოეზია არის ცელქი ნოტები გაქცეული ლექსის სიტყვებად“...

შვილები და შვილიშვილები

- 4 შვილი და 8 შვილიშვილი მყავს. ჩემი შვილები ძალიან მალე გახდნენ ჩემი მეგობრები. მამა რაც არის შვილებისთვის, ასე ბაბუა გავხდი შვილიშვილებისთვის. არასდროს ვერევი მათ პირად ცხოვრებაში. ერთადერთი, უნდა ვიცოდე, ტელეფონზე რომ დავურეკავ, სადაც არ უნდა იყვანენ, უნდა მიპასუხონ, რადგან უნდა ვიცოდე, რომ კარგად არიან... საკმაოდ პატარას მომიწია საზღვარგარეთ ყოფნამ. მაშინ მობილური სად იყო. ამიტომ, უცხოეთში სატელეფონო საუბარს ვუკვეთდი, მერე რამდენიმე საათი ველოდი და დედას, ბებიას ასე ვეხმიანებოდი... 80-იანი წლების ბოლოდან ხან პარიზში ვიყავი, ხან კანარის კუნძულებზე, ამერიკაში. კარიერაზე უარი ვთქვი ჩემი ქვეყნის სიყვარულის გამო. საქართველოს გარეშე არ შემიძლია.

დათო ევგენიძის ოთხი შვილი

...ჩემი დის შემდეგ შიში დამრჩა და ამიტომ, შვილებს ხშირად ვურეკავ და გამოვტყდები, ცოტა ვაწუხებ კიდეც. კონფლიქტი არ გვაქვს, ჩვენ შორის კომუნიკაცია მარტივია, ერთ ენაზე ვსაუბრობთ და ერთმანეთის გვესმის. მნიშვნელოვანია, როცა შვილებთან მეგობრობ, ეს დედამ მასწავლა. მე და დედა საოცარი მეგობრები ვიყავით, მეოთხე წელია, სამწუხაროდ აღარ არის...

მას ჩემთვის ცრემლი არ უჩვენებია. ერთადერთხელ შეუსწარი, ისიც არ ეგონა, რომ ოთახში შევედი. გვერდში იმდენად მედგა, რომ ტრაგიზმს მიმალავდა, უნდოდა, ტკივილი ჩემთვის გაენელებინა, მეც იმავეს ვცდილობდი. ბავშვობიდან გამორჩეული მეგობრობა გვქონდა, მაგრამ ჩემი დიდ შემდეგ ჩვენი მეგობრობა გაღრმავდა.

დათო ნიკოლოზსა და ლიკას ქალ-ვაჟთან ერთად

ბენდენა

- დღეს უკვე ბევრს ახურავს... მეცხრე კლასში ვიყავი, როდესაც ბენდენა დავიხურე და პირველი ვიყავი იმ მიმართულებითაც, ვინც საყურე გაიკეთა. ბენდენის და საყურის გამო ბევრჯერ ქუჩაში, დაბადების დღეზე მიჩხუბია. პასუხსაც ვაძლევდი, რომ არ მეპასუხა, ბენდენას ვერ შევინარჩუნებდი, მოხსნა მომიწევდა... ქუჩის ყველა წესით ვცხოვრობდით, მნიშვნელობა არ ჰქონდა მუსიკას და ფორტეპიანოს. საჩხუბარი იყო, ვჩხუბობდით, ოღონდ, მაშინ ჩხუბის ერთადერთი მიზეზი ის იყო, - გოგოებს ჩვენ უფრო მოვწონდით. თავს კი იმით ვაწონებდით, რომ რა კარგად ვიცოდით რეპროდუქციები, რა წიგნები გვქონდა წაკითხული, ახლა როგორი მანქანა აქვს ბიჭს - საზომი ეს არის. ჩვენს დროს ბევრი ფულის ქონა ცოტა სირცხვილი იყო. ამ ფასეულობებით ვიყავით, რომ ფული ჩვენთვის არანაირ ფასეულობას წარმოადგენდა. არ შემიძლია, იმ დროინდელი ჩემი მეგობრები არ გავიხსენო... გოგიტა ჭყონია, საოცარი რეჟისორი, ტატო კოტეტიშვილი, გიო ხუციშვილი, ერეკლე ბადურაშვილი, ირაკლი ჭანტურია, - იმხელა სიაა ადამიანების, ვისთანაც მთელი ბავშვობა მაქვს გატარებული...

ჩემი სურვილია...

_ ჩემი ქვეყანა რისი ღირსიც არის, მინდა, ისე მოექცეს მსოფლიო, იმიტომ, რომ უდიდესი კულტურის ქვეყანა ვართ, გვაქვს ჩვენი ფასეულობები. მინდა, ახალი თაობა მიხვდეს, რომ საამაყო ერის შვილები ვართ და რომ არავის ხელის დასაქნევი სამშობლო არ გვაქვს. არ იმსახურებს ამას ქართველი ერი და მისი ისტორია. ამიტომ გვჭირდება საქართველოს ერთობა და ის, რომ პირველ ადგილზე იყო ქვეყანა და რა პირადი ინტერესები. ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაც ვართ. შევინარჩუნეთ ჩვენი ენა, სარწმუნოება და იდენტობა. ჩვენი საკუთარი ტერიტორიიდან ფეხი არ დაგვიძრავს. ეს ყველაფერი კარგად უნდა გვახსოვდეს.