ამერიკულ გამოცემა Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ილონ მასკი მუხლზე დადგა და ასე სთხოვა პატიება "გუგლის" თანადამფუძნებელს, სერგეი ბრინს მის მეუღლესთან რომანის გაბმისთვის. გამოცემის წყაროების მიხედვით, მილიარდერი მასკისა და ნიკოლ შანაჰანის რომანი შარშან, მაიამი ბიჩზე დაიწყო. მათივე მტკიცებით, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ამ წლის დასაწყისში ბოდიშიც მოუხადა ამის გამო თავისი დიდი ხნის მეგობარს. მათივე თქმით, ბრინმა მიიღო მასკის ბოდიში, მაგრამ ჯერ კიდევ არ ელაპარაკება მას.
როგორც გავრცელდა ხმები, ილონის და ნიკოლის რომანი რამდენიმედღიან გამოფენაზე დაიწყო, მას შემდეგ, რაც მასკი მის კანადელ პოპ-ვარსკვლავ პარტნიორს, გრაიმსს გაცილდა. ჟურნალის თანახმად, ბრინს განქორწინებისკენ მასკისა და მისი მეუღლის ურთიერთობამ უბიძგა. "გუგლის" თანადამფუძნებელთან დაახლოებული წყაროების თქმით, ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა სხვადასხვა პრობლემების გამო მანამდეც დაძაბული იყო. "ისინი გაცილებულები იყვნენ, მაგრამ ერთად ცხოვრობდნენ", - ამბობს შანაჰანთან დაახლოებული პირი.
თავად მასკი, WSJ-ის ამ სტატიას "ტვიტერზე" გამოეხმაურა და მოიხსენია, როგორც "სრული აბსურდი". მილიარდერის თქმით, ის და ბრინი ისევ ახლო მეგობრები არიან და რომ "წუხელაც ერთად იყვნენ წვეულებაზე". მასკის თქმით, მან ნიკოლი 3 წლის განმავლობაში სულ ორჯერ ნახა და ორივეჯერ უამრავი ხალხის თანდასწრებით და რომ მათ შორის რომანტიკული არაფერი მომხდარა.
მასკმა ცალკე პოსტში დაწერა: "Wall Street Journal-ს იმდენი აბსურდული სტატია აქვს ჩემსა და "ტესლაზე" დაწერილი, რომ უკვე სათვალავი ამერია".
გავრცელებული ინფორმაციით, ნიკოლ შანაჰანი ბრინისგან, რომლის ქონებაც 90 მილიარდ დოლარს შეადგენს,1 მილიარდ დოლარზე მეტს ითხოვს. ყოფილი მეუღლეები შეთანხმებას ვერ აღწევენ, რადგან ბრინის მხარე ირწმუნება, რომ შანაჰანი იმაზე მეტს სთხოვს მას, ვიდრე წინასაქორწინო შეთანხმებაშია ნათქვამი. თავად ნიკოლის მხარე კი ჩივის, რომ მან შეთანხმებას ხელი ორსულობის დროს იძულებით მოაწერა.
სერგეი ბრინის ადვოკატი კომენტარზე უარს აცხადებს.
წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
რომელია ილონ მასკი ,გრძელთმიანი?
არაკაცი