ავტორი:

"ჩვენ გვჭირდება სანქციები ყველასგან. გამონაკლისის გარეშე... უკრაინელები ვგრძნობთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას და ვიმედოვნებთ, რომ ეს კიდევ უფრო გაძლიერდება“ - ანდრეი კასიანოვი

"ჩვენ გვჭირდება სანქციები ყველასგან. გამონაკლისის გარეშე... უკრაინელები ვგრძნობთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას და ვიმედოვნებთ, რომ ეს კიდევ უფრო გაძლიერდება“ - ანდრეი კასიანოვი

"რუსეთის ფედერაცია ახლა იზოლაციაშია. მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რადგან მტერი აგრძელებს უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის, უკრაინის უდანაშაულო ხალხის და უკრაინელი ბავშვების მკვლელობას" - ამის შესახებ უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში ანდრეი კასიანოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინა ქართველი ხალხის და საქართველოს ძალიან მადლიერია ამ ურთულეს პერიოდში უკრაინისადმი გამოვლენილი სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამო.

"პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არის უკრაინის ძლიერი მეგობარი, მტკიცე და სტრატეგიული პარტნიორი და ქართველი ხალხი გამოხატავს სოლიდარობას და მხარდაჭერას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ უკრაინელები ვგრძნობთ ამ მხარდაჭერას. ყველა უკრაინელი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის გამო საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის, გრძნობს ამ მხარდაჭერას და ვიმედოვნებთ, რომ ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება“, - დასძინა კასიანოვმა.

უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა განაცხადა, რომ მტერი აგრძელებს ომის დანაშაულებებს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის, ბავშვების წინააღმდეგ. ამის ფონზე კასიანოვი მიიჩნევს, რომ სანქციები საკმარისი არ არის.

"ჩვენ გვჭირდება მეტი სანქციები. ჩვენ გვჭირდება სანქციები ყველასგან. ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, ჩვენ გვჭირდება სანქციები ყველა გამონაკლისის გარეშე“, - აღნიშნა უკრაინელმა დიპლომატმა.

დროებითი რწმუნებულის განცხადებით, თუ მსოფლიო, დღეს არ დაეხმარება უკრაინას, მტერი სხვებსაც მიადგება.

"თქვენ ქართველმა ხალხმა კარგად იცით და გახსოვთ და არასოდეს დაივიწყებთ ქართველების ტანჯვას, ქართველ დევნილებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს“, - დასძინა კასიანოვმა.

"სლავა უკრაინი! დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს! საქართველოს გაუმარჯოს! უკრაინას გაუმარჯოს!“- განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.