სალომე ბაჯელიძესა და გიორგი აბაშიძეს 1 ოქტომბერს მესამე შვილი ლუკა აბაშიძე შეეძინათ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი ლიდერის ვაჟი წლების წინ ძალიან პოპულარული გახლდათ. მათ ოჯახზე ყოველკვირეულად იბეჭდებოდა სტატიები.
27 წლის იყო გიორგი აბაშიძე, როდესაც 17 წლის ბათუმელ გოგონაზე სალომე ბაჯელიძეზე იქორწინა. ქორწინება 2003 წელს შედგა, მაგრამ გრანდიოზული ქორწილისა და ჯვრისწერის გარეშე. ოჯახის შექმნიდან ძალიან მალე სალომეს მამა გარდაიცვალა, გიორგის დედას კი, მაგული გოგიტიძეს სიმსივნე აღმოაჩნდა და რამდენიმე თვეში ისიც დაიღუპა.
საყვარელი ადამიანების გამო დაგროვილ სტრესს ახალდაქორწინებულებმა ვერ გაუძლეს და რვა თვეში დაშორდნენ. მაშინ ამბობდნენ, რომ სალომე დედამთილის რჩეული იყო და მათ არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ. დაშორების მიუხედავად ყოფილი დედამთილის საფლავზე ქალი ხშირად დადიოდა. სალომეს ძალიან უყვარდა მამამთილი და მისივე თხოვნით, ბაბუთი მიმართავდა...
მომხდარის შემდეგ წყვილს შერიგება არ უცდიათ, თუმცა მეგობრულ ურთიერთობას აგრძელებდნენ. ვარდების რევოლუციის შემდეგ ასლან აბაშიძემ ოჯახთან ერთად საქართველო დატოვა და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. მოსკოვში ცხოვრობდა გიორგი აბაშიძეც, რომელსაც იქ ახალი რჩეული ჰყავდა, თუმცა არ დაოჯახებულა. თერთმეტწლიანი დაშორების შემდეგ, სალომე და გიორგი შერიგდნენ და ხელი 2015 წელს ბათუმში მოაწერეს.
მალე წყვილს ტყუპი გოგონა შეეძინა, რამდენიმე თვის წინ კი ვაჟი. სალომე ბაჯელიძე ინსტაგრამზე ხშირად აქვეყნებს ოჯახურ ფოტოებს, საიდანაც ჩანს, რომ წყვილი ძალიან ბედნიერია. ისინი ბევრს მოგზაურობენ, ზრდიან შვილებს და ცხოვრობენ ბათუმში.
ასლან აბაშიძის მეორე შვილი დიანა აბაშიძე იტალიაში ცხოვრობს. ქალს ორი შვილი ჰყავს და მისი მეუღლე იტალიელი მუსიკოსი მარკო კანესტრარია.
რაც შეეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ მმართველს, მან რამდენიმე წლის წინ კიდევ გააოცა საზოგადოება, როდესაც 78 წლის ასაკში მესამე შვილი შეეძინა. მისი მეუღლე ანაიდა ოვაკუმიანია.
ანაიდა ოვაკუმიანი აბაშიძეების ოჯახში მზარეულად ჯერ კიდევ ბათუმში მუშაობდა. ასლან აბაშიძის პირველი მეუღლის მაგული გოგიტიძის გარდაცვალების შემდეგ, აბაშიძესთან ერთად ის მოსკოვში გაემგზავრა.