ავტორი:

"ინფიცირებულები ნუ დადიხართ ქუჩა-ქუჩა. დაეტიეთ სახლში! იმ დღეს ვიტირე, რადგან ვხედავ, ექიმები ვეღარ დაგეხმარებით!" - რას ყვება ექიმი კოვიდპაციენტებსა და გადაღლილ მედპერსონალზე

"ინფიცირებულები ნუ დადიხართ ქუჩა-ქუჩა. დაეტიეთ სახლში! იმ დღეს ვიტირე, რადგან ვხედავ, ექიმები ვეღარ დაგეხმარებით!" - რას ყვება ექიმი კოვიდპაციენტებსა და გადაღლილ მედპერსონალზე

„სხვისი ჭირი - ღობეს ჩხირი“ - ასე გგონიათ ხომ? ეს ყველას ტკივილი და მწუხარებაა, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, უმორჩილესად გთხოვთ, ინფიცირებული პაციენტები ნუ დადიხართ ქუჩა-ქუჩა. დაეტიეთ სახლში! უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია მედპერსონალი, ვეღარ შეძლებენ თქვენს დახმარებას. ახლა გულგრილობის დროა? ახლა დროსტარების დროა? რას ფიქრობთ, რას? ყველაფერი ისევ ჩვენს ხელშია... დღეს ვიტირე, უნებლიედ ვიტირე, ვხედავ, რომ ვეღარ შევძლებთ თქვენს დახმარებას! თითოეული თქენთაგანი უძვირფასესია! სიცოცხლემ უნდა აჯობოს ამ ჯოჯოხეთს! გთხოვთ, დაიცავით რეკომენდაციები! გთხოვთ, ატარეთ ნიღაბი! გთხოვთ, დაუყოვნებლივ ჩაერთეთ ვაქცინაციის პროცესში! უნდა გადავლახოთ ეს უმძიმესი პერიოდი. როგორ? როგორ და უნდა ვიბრძოლოთ და დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში. სხვა გამოსავალი არაა!“ - ეს ექიმის მაკა ბულეიშვილის ემოციური პოსტია... ადამიანურად თანავუგრძნობ მედპერსონალს - უმძიმეს პერიოდში მოუხდათ საქმიანობა. ადამიანების ჯანმრთელობა მათ ხელშია და უამრავი იხსნეს კიდეც ამ საშინელი ვირუსისგან. თუმცა ყოველი დამძიმებული და გარდაცვლილი პაციენტი მათი ტკივილია. ისინიც ადამიანები არიან...

AMBEBI.GE მაკა ბულეიშვილს დაუკავშირდა:

- ძალიან ემოციური პოსტი გქონდათ. შოკისმომგვრელი მაინც ის ეპიზოდია, სადაც მიმართავთ, დაინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც თურმე, ქუჩაშიც დადიან და უამრავ ადამიანს საფრთხეს უქმნიან...

- კი, ემოციური გამოვიდა, მაგრამ ჩვენც ადამიანები ვართ, მთელ მედპერსონალს ვგულისხმობ და იმ მძიმე სიტუაციას, რომელშიც ახლა გვიწევს საქმიანობა. როდესაც პაციენტს ოჯახის ექიმი მიმართვას აძლევს, რომ ტესტირებაზე წავიდეს, იმას კი არ ეუბნება, რომ სანამ ტესტს გაიკეთებ, მანამდე მოიარე ყველა ბაზარი, მაღაზია, მეგობრები, ხალხს ხელი ჩამოართვი, მოიკითხე. ან როდესაც უკვე ჩაიტარებ ტესტირებას და შემდგომ გარეთ იარე და სხვა საქმეები მოილიეო. პაციენტების გარკვეული ნაწილი, როდესაც იგებს, რომ დაინფიცირებულია, საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც სარგებლობს, მარკეტში შედის... რაც დავწერე, ტყუილად არ დამიწერია... რამდენიმე ასეთი პაციენტი გზაში მეც შემომხვდა, გუშინ რომ დაუდასტურდა კოვიდი და დღეს ქუჩაში დადის... გასაგებია, რომ ესენი შედარებით მსუბუქი პაციენტები არიან, მაგრამ მათ აქვთ კოვიდი და სხვა ადამიანებისთვის სახიფათოები არიან.

- მართლაც, უსიმპტომობა პრობლემას არ ხსნის. თითოეული ინფექციის გამავრცელებელია...

- ამაშია საქმე... წინა პერიოდში ინფიცირებული გარეთ ვერ გამოვიდოდა, დასჯადი იყო და შეგნებაც ჰქონდა, რომ არ უნდა გასულიყო. ახლა ამ ადამიანებს შეეცვალათ მიდგომა. რამდენიმე თვის წინ, კლასიკური კოვიდის დროს, ინფექცია ასეთი გადამდები არ იყო, როგორიც „დელტას“ შემთხვევაშია. ამიტომ, თუ რეგულაციები არ დაიცავი, ელვის სისწრაფით ვრცელდება. ორმეტრიანი დისტანციაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არსებობს, რომ არ გადაგედოს.

მოქალაქეს, რომელსაც კოვიდი აქვს, უნდა ესმოდეს, რომ გარეთ არ უნდა გავიდეს და მას მაინცდამაინც ჟანდარმი არ უნდა სჭირდებოდეს, რომ ეს არ გააკეთოს

- ვირუსის გადადება პირბადის გამოყენებისასაც ხდება?

- პირბადე ამ ეტაპისთვის და ყველა ეტაპისთვის არის ერთადერთი ყველაზე გამართლებული საშუალება, რომ ასე თუ ისე, მოხდეს ამ ვირუსის გადაცემის შეკავება. პირბადის შემთხვევაში 95% დაცული ხარ, მაგრამ პირბადე სწორად უნდა ეკეთოთ. თუ ინფიცირებულთან ერთად ერთი საათი დგახარ და ის პირბადე კიდევ ორჯერ ჩამოიწიე, მერე არ გადააგდე, ხელი არ დაიბანე და ყავის დასალევადაც გახვედი, მოიხსენი, ისევ გაიკეთა, რა აზრი აქვს? ნიღბის ცუდად ტარება ეს უპირობოდ გავრცელების საშუალებაა.

- აცრა ლეტალური გამოსავლისგან იცავს, მაგრამ პირბადე მაინც გავრცელების შესაკავებლად უპირობო საშუალებაა. ამ ეტაპზე ის აცრილებსაც სჭირდებათ და აუცრელებსაც, ხომ?

- კი, ჩვენ ვამბობთ, რომ აცრა არის საშუალება, რომელიც სიკვდილისგან იცავს, მაგრამ არა დაინფიცირებისგან. აცრა იმისთვისაა, რომ კოვიდით დაავადებული არ დამძიმდეს და მსუბუქად გადაიტანოს. შესაძლებელია ასეთ პაციენტებს შორის ორჯერ ვაქცინირებულები მოვხდნენ და მათგან ქრონიკული დაავადებების მქონენიც. ასეთი არაერთი მყავს, ამ რაოდენობას მუდმივად ვითვლი. უმრავლესობამ 5-6 დღის შემდეგ დატოვა კლინიკა და არცერთთან არ დამთავრებულა ცუდი შედეგით. მე მხოლოდ ჩემს პრაქტიკულ მონაცემებზე ვსაუბრობ. ჩემთან ვაქცინირებული პაციენტი არ გადარცვლილა.

- სრულად ვაქცინირებულებში ანტისხეულების სათნადო რაოდენობა რამდენი ხნის შემდეგ აღწევს სათანადო ნორმას?

- ყველა ინდივიდუალურია. ამიტომ, ვაქცინაციის შემდგომ მოსახლეობას არ უნდა ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ ის აბსოლუტურად თავისუფალია და მან არ უნდა დაიცვას რეკომენდაციები, რომ მას კოვიდი არ დაემართება. განსაკუთრებით პირველი ვაქცინაციის შემდეგ მეტად უნდა დაიცვას თავი და გააკონტროლოს, რომ არ დაინფიცირდეს. პირველი ვაქცინაციის შემდგომ გარკვეული რაოდენობის ანტისხეულები გროვდება, მაგრამ მეორე აცრის შემდგ უკვე ანტისხეულების გარკვეული ტიტრი მოდის, რაც ადამიანის ორგანიზმს იცავს. მერე ორგანიზმს აქვს უნარი, დაინფიცირების შემთხვევაში ვირუსს შეებრძოლოს და არ მოხდება ის გამოსავალი, რაზეც ვილაპარაკეთ.

ჯანდაცვა დღეს ექიმების კისერზე დგას და ეს ხალხიც ერთხელაც იტყვის, რომ აღარ შეგვიძლია და ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით

- თქვენს სტატუსში ასევე ემოციური იყო ეპიზოდი, სადაც წერდით, რომ „ვტირი, რადგან უმძიმესი მდგომარეობაა და სამედიცინო პერსონალი ვეღარ შეძლებს თქვენს დახმარებას“...

- მართლაც ვიტირე, როდესაც იმ კონკრეტულ დღეს გარდაცვლილების რიცხვის შესახებ შევიტყვე... ამ სიტუაციაში რომელი პანდემიის დამარცხებაზეა საუბარი? რომელი ექიმი ან მთავრობა უშველის სიტუაციას?! ადამინები უკვე წელიწადი და 5 თვის განმავლობაში გაუსაძლის მდგომარეობაში ვცხოვრობთ. ეს ყველა ჩემს კოლეგას ეხება. დრო უკვე ისე მაქვს არეული, მიუხედავად ზაფხულისა, სულ მგონია, რომ ზამთარია, თითქოს დრო არ იცვლება. რთულ პირობებში მოგვიწია მუშაობამ. ეს ჩვენს ფსიქიკაზეც მოქმედებს, ღამე არ გვძინავს. ამდენი სატელეფონო ზარის გარდა, მუშაობ კლინიკაში, საოჯახო მედიცინაში, დღის განმავლობაში ათასობით ადამიანის მენეჯმენტი გიწევს. რომელიც სწორად უნდა მართო როგორც პირდაპირ, ასევე ონლაინ. უნდა შეძლო, რომ არ დაგიმძიმდეს მდგომარეობა, რამე არ გაგეპაროს და პაციენტი არ დაგეღუპოს. ამიტომ იყო რომ ვთქვი, „სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი“-მეთქი. ნუთუ ეს არ არის ყველას ჭირი?! ნუთუ ეს მხოლოდ დღეში გარდაცვლილი სიტყვაზე, 54 ოჯახის ტკივილია მხოლოდ, რომლის უკან კიდევ სხვა ოჯახებიცაა და ზოგჯერ შეიძლება მათში ახლობლებიც იყვნენ - ეს ხომ საქართველოა? მოკლედ, ამ ყველაფერმა ტირილით დამაწერინა ის, რაც დავწერე. ცრემლები იმიტომ კი არ წამომივიდა, რომ უძლური ვიყავი. ეს არ მჩვევია. ვიტირე იმიტომ, რომ ერთ დღესაც ექიმი პაციენტებს რომ ვეღარ მოგემსახუროს...

არაჩეულებრივია გართობა, დასვენება, მაგრამ როცა რეკომენდაციას არ იცავ და ამდენი ადამიანის შრომა უგულებელყოფილია და კიდევ ექიმებს ლანძღავ, ცუდია! არ ვამბობ, რომ არ უნდა გავერთოთ და გლოვა გამოვაცხადოთ, - ეს გამორიცხულია, მაგრამ ჩვენ ვხედავთ უპასუხისმგებლო ადამიანებს, რომლებსაც არავინ ადარდებთ. ის ჯანდაცვა დღეს ექიმების კისერზე დგას და ეს ხალხიც ერთხელაც იტყვის, რომ აღარ შეგვიძლია და ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ეს ყველაფერი ნებისმიერი ადამიანის, თითოეული ჩვენთაგანის პასუხისმგებლობაა. მოქალაქეს, რომელსაც კოვიდი აქვს, უნდა ესმოდეს, რომ გარეთ არ უნდა გავიდეს და მას მაინცდამაინც ჟანდრამი არ უნდა სჭირდებოდეს, რომ ეს არ გააკეთოს. ჯარიმები ჩამოაწერეს და უარესი ჩაიდინეს. მნიშველოვანია ასევე ამ ახალი რეგულაციების აღსრულება როგორ მოხდება... ფართომასშტაბიან კონცერტებზე, ღონისძიებებზე ორგანიზატორებმა დისტანცია და პირბადე უნდა უზრუნველყონ, რაოდენობრივადაც უნდა შეზღუდონ. თუ არადა, არაფერი გამოვა...