ქართველ მწერალს გურამ დოჩანაშვილს 6 აპრილს დაკრძალავენ. როგორც არქიმანდრიტმა იოანემ (მჭედლიშვილი) მედიას განუცხადა, გურამ დოჩანაშვილის ცხედარს სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება.
რაც შეეხება დაკრძალვის ადგილს, "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მწერლის ანდერძის შესაბამისად, მას საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალავენ.
ცნობისთვის, მწერალი გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს გარდაიცვალა.
გურამ დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში დაიბადა. 1962 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. 1968 წელს გურამ დოჩანაშვილი მწერალთა კავშირში მიიღეს. გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები 1961 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“. მწერალი არის ლიტერატურული პრემია - "საბას" ლაურეატი ნომინაციაში - "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის".
გურამ დოჩანაშვილის გამორჩეული ნაწარმოებებია - „სამოსელი პირველი“, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები“, "თავფარავნელი ჭაბუკი", "ლოდი ნასაყდრალი" .