ავტორი:

ვინ იხდის ბანკის ვალს მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში? - რა უნდა იცოდნენ მემკვიდრეებმა

ვინ იხდის ბანკის ვალს მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში? - რა უნდა იცოდნენ მემკვიდრეებმა

საქართველოში მოსახლეობის უმეტესობას გარკვეული ფინანსური ვალდებულებები აქვს, რაც წლების განმავლობაში ტვირთად აწევს. მაშინ, როდესაც ადამიანი საფინანსო ორგანიზაციიდან სესხს იღებს, შეიძლება, შეთანხმების ხელშეკრულების პირობებს ყურადღება არც მიაქციოს, რისი გამოსწორებაც დაგვიანებულია გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს.

რა ხდება მაშინ, როდესაც ის ადამიანი გარდაიცვლება, ვისაც საბანკო სესხი ჰქონდა აღებული? რა შემთხვევაში გადადის ეს ვალდებულება მემკვიდრეებზე? - ამის შესახებ AMBEBI.GE-ს იურისტი ვასილ მამულაშვილი ესაუბრა.

- პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი სესხის გადახდა შესაძლოა, გარდაცვლილის მემკვიდრეებს დაეკისროთ. სამკვიდრო მასა აქტივებისგან და პასივებისგან შედგება და პასივებს წარმოადგენს მათ შორის გარდაცვლილის ვალდებულებები კრედიტორების მიმართ. შესაბამისად, თუ მემკვიდრეები სამკვიდროს მიიღებენ, მხოლოდ ამ შემთხვევაში არიან ვალდებულნი, დააკმაყოფილონ კრედიტორები, ვისაც მოთხოვნა აქვთ.

თუ სამკვიდრო ქონება, მაგალითად, ბინის ღირებულება შეადგენს 10 000 ლარს, ხოლო გარდაცვლილის ვალი - 100 000-ს, მემკვიდრეზე ვალდებულება მხოლოდ მიღებული სამკვიდროს ფარგლებში გავრცელდება

ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ ვალის გადახდის ვალდებულება მემკვიდრეებს ავტომატურად არ ეკისრებათ და აუცილებელია, კრედიტორებმა კონკრეტული მოქმედებები განახორციელონ. კერძოდ, ისინი ვალდებულები არიან, იმ დღიდან 6 თვის ვადაში, როდესაც ცნობილი გახდება, რომ მოვალე გარდაიცვალა, მემკვიდრეებს თანხის გადახდაზე მოთხოვნა წაუყენონ.

თუ 6-თვიანი ვადა გავიდა და მაგალითად, ბანკმა ან ნებისმიერმა კრედიტორმა მემკვიდრეს მოთხოვნა ამ ვადის გასვლის შემდეგ წარუდგინა, ამ შემთხვევაში მემკვიდრეს შეუძლია, ვალდებულების შესრულებაზე უარი თქვას და სასამართლო დავის შემთხვევაშიც აღნიშნული თანხა არ დაეკისრება.

არის მეორე შემთხვევა - მაგალითად, თუ ბანკი ან სხვა კრედიტორი განაცხადებს, რომ მისთვის მოვალის გარდაცვალების შესახებ უცნობი იყო, ამ შემთხვევაში ვადა უკვე სხვანაირად ითვლება და მოთხოვნის ვადის დადგომიდან ერთი წელია. მოთხოვნის ვადა - ეს ის ვადაა, როდესაც კრედიტორს თანხის მოთხოვნის უფლება წარმოეშვება, მაგალითად, თუ მოვალეს თანხა უნდა დაებრუნებინა 2020 წლის 1-ელ იანვარს და იგი მოთხოვნის წარმოშობამდე გარდაიცვალა, კრედიტორმა მოთხოვნა უნდა წაუყენოს მემკვიდრეს არაუგვიანეს 2021 წლის 11 იანვარამდე, ანუ მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან 1 წლის ვადაში.

ამასთან, კრედიტორმა სასამართლოს ან მემკვიდრის წინაშე უნდა დაამტკიცოს შესაბამისი მტკიცებულებებით, რომ მან მართლაც არ იცოდა პირის გარდაცვალების შესახებ - სხვა შემთხვევაში ისევ 6-თვიანი ვადა მოქმედებს

რომ შევაჯამოთ, როდესაც პირი გარდაიცვლება, ვალდებულება არ წყდება, არამედ, გადადის მემკვიდრეებზე, იმ შემთხვევაში, თუ მას მემკვიდრეები ჰყავს. თუმცა, მხოლოდ მემკვიდრეების არსებობა არაა მნიშვნელოვანი, რადგან ეს მემკვიდრეობის უფლება რეალიზებადი უფლებაა და თუ მემკვიდრემ სამკვიდრო არ მიიღო, მემკვიდრეობის უფლება არაფერს ნიშნავს.

მემკვიდრეობა მხოლოდ მატერიალური ქონებრივი სიკეთე არაა, შესაძლოა, სამკვიდროს მასას წარმოადგენს არამატერიალური ქონებრივი სიკეთეც, ასევე სამკვიდრო მასა შესაძლოა, იყოს მცირე ღირებულებისაც - მაგალითად, ადამიანმა მემკვიდრეობად ერთი კალამი, ფურცელი ან რაღაც სუვენირი მიიღოს და ეს ნიშნავს, რომ მეკვიდრემ მამკვიდრებლისაგან სრული სამკვიდრო მიიღო. პასივების/ვალდებულების მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში კი, მიუხედავად მისი მოცულობისა, მემკვიდრე გადაიხდის მიღებულის პროპორციულად, ანუ, თუ მიიღო ერთი კალამი, მისი ვალდებულება იქნება, შეასრულოს კალმის ღირებულების ტოლფასი ვალდებულება.

- რას გვეტყვით სიცოცხლის დაზღვევის შესახებ?

- სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიებს სხვადასხვა პირობები და შეთავაზებები აქვს და მათ შორისაა სიცოცხლის დაზღვევა. მათ შორის, ბანკებიც სთავაზობენ - არის სერვისი, რომ როდესაც პირი სესხს იღებს, გარკვეული პროცენტულობით საკომისიო ემატება და თუ უბედური შემთხვევით ან ბუნებრივად გარდაცვალება დადგება, ამ შემთხვევაში ვალდებულებისგან გათავისუფლება კი არ ხდება, უბრალოდ, სადაზღვევო იღებს ამ თანხის ანაზღაურების ვალდებულებას.

სადაზღვევო კი რისკის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას - მაგალითად, ადამიანი თუ 70-80 წლისაა, შეიძლება, არც დააზღვიოს, რადგან მისი გარდაცვალების რისკები იზრდება, თუმცა თუ ახალგაზრდაა, დაზღვევა თავისუფლად შესაძლებელია.

- რა შეთხვევაში მოხდება გარდაცვლილის სესხის ჩამოწერა ან გაუქმება?

- კრედიტორს, ბანკი იქნება თუ სხვა, სამოქალაქო კოდექსის 448-ე მუხლიდან გამომდინარე, ვალის პატიება შეუძლია. ვალდებულების მოცულობას გააჩნია და თუ მცირე მოცულობაა, ბანკები გარკვეულ შემთხვევებში სამოქალაქო კოდექსის 448-ე მუხლს იყენებენ. ვალის პატიება შეიძლება მხარეთა შეთანხმებით, რაც ვალდებულების შეწყვეტას იწვევს. ეს მის ნებაზეა დამოკიდებული და ჩვენ ამაზე მოთხოვნა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გვექნება.

მეორე შემთხვევაა ხანდაზმულობის ვადა, რომელიც ვალდებულების შეწყვეტას იწვევს და რაც უკვე აღვნიშნეთ - თუ კრედიტორი 6 თვის განმავლობაში არ გვთხოვს თანხის გადახდას, ეს ვადის გასვლას იწვევს და სასამართლო დავისას მემკვიდრეს შეუძლია, გადახდაზე უარი თქვას. თავისი არსით, ეს ვალდებულების შეწყვეტას არ ნიშნავს, თუმცა იწვევს იმავე შედეგებს, რაც შეწყვეტის შემთხვევაში დგება, ანუ სასამართლო არ დააკისრებს თანხას. კიდევ სხვაა მხარეთა შეთანხმება. მოქმედი კანონმდებლობა სხვა გამონაკლისს არ ადგენს, თუ ვალდებულება არსებობს და ეს პირობები შეუსრულებელია, კრედიტორს ყველა შემთხვევაში შეუძლია მოთხოვნის წაყენება.

აღნიშნულ საკითხს ძირითადად განვიხილავთ სესხის კონტექსტში და სხვა სახის ვალდებულებების გადაკისრება შესაძლოა, მემკვიდრეს ვალდებულების ხასიათიდან გამომდინარე არ დაეკისროს, მაგალითად კონკრეტული სამუშაოს შესრულების ვალდებულება, რომელიც სპეციპიკურია და მხოლოდ გარდაცვლილს შეეძლო.

- კიდევ რა შემთხვევებში შეიძლება საქმე სასამართლომდე მივიდეს?

- დისპოზიციურობის პრინციპი სწორედ ამას ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს მხარეს შეუძლია, თავისი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მიმართოს სასამართლოს, მიუხედავად იმისა, არის ეს საფუძვლიანი თუ არა. მემკვიდრეების მიმართ სარჩელის აღძვრის კუთხით, ასევე გასათვალისწინებელია, რა თანხის მოთხოვნა შეუძლია კრედიტორს თუ სრულ თანხაზე მოთხოვნის ვადა დამდგარი არ არის, მაგალითად, თუ 100 000-ლარიანი სესხია და ვალდებულება 10 წელზეა გაწერილი, ამ შემთხვევაში გარკვეულწილად ვადადამდგარი მოთხოვნები შეუძლია წაუყენოს მემკვიდრეს, მაგრამ მთლიანად 100 000-ს ვერ მოთხოვს, თუ არ იქნება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები, რასაც თავისი წინაპირობები აქვს. ანუ, თუ გრაფიკით თვეში 500 ლარი იყო გადასახდელი, ამ ურთიერთობის უფლებამონაცვლე გახდება მემკვიდრე და შესრულებაც უნდა განახორციელოს გრაფიკის შესაბამისად.

- აქვს თუ არა ბანკს ვალდებულება, რომ სესხის ხელშეკრულებაში ყველა დეტალი დაწვრილებით გაწეროს? თუ წერია, რომ ამა და ამ საკითხს "ექსპერტი გადაწყვეტს", ეს რას ნიშნავს?

- თუ ეს დათქმაა, რომ "ექსპერტი გადაწყვეტს", ეს მხარის ერთგვარი დაიმედებაა. რომელი ექსპერტი? ვერც ერთი ექსპერტი მხარეთა ვალდებულებებში ვარ ჩაერევა. ექსპერტი ვერ გადაწყვეტს, ვალი უნდა გადაიხადოს მემკვიდრემ თუ - არა. სავარაუდოდ, ამაში იგულისხმება დაფარული კრედიტორი, მაგალითად, თუ კრედიტორი ბანკია, შეიძლება, იგულისხმებოდეს ამა თუ იმ ბანკის შიდა სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი თანამშრომელი. არ აქვს მნიშვნელობა, მას ექსპერტს დავარქმევთ თუ კრედიტორს, ერთი და იგივეა.

ეს წერია შაბლონურად, მოსაჩვენებლად, რომ შემდგომში კულტურული პასუხი იყოს - "უარს კი არ გეუბნებით, მაგრამ განხილვით გადაწყდეს". თუმცა ექსპერტი, სპეციალისტი ან კრედიტორი, თუ რასაც დავარქმევთ, თუ მოთხოვნაზე უარს არ იტყვის, არსებული მოთხოვნები ძალაში დარჩება

როდესაც ადამიანები სესხს იღებენ, არათუ გარდაცვალებაზე არ ფიქრობენ, არამედ არ ფიქრობენ მათ შორის იმაზე, როგორ უნდა შეასრულონ და შეუძლიათ თუ არა ვალდებულებების შესრულება. ყველას არ ეხება, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში საერთოდ არ კითხულობენ ხელშეკრულებას - სტანდარტულ, შაბლონურ ხელშეკრულებას, რომელიც ხშირ შემთხვევაში ძალიან წვრილი შრიფტითაა დაწერილი და ათეულობით გვერდს მოიცავს.

იურისტის რეკომენდაცია იქნება, რომ თუ მხარეს სურს, ეს რისკი დაზღვეული იყოს, ამაზე შეთანხმება მოხდეს. მხარეები შეიძლება, ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ მოვალის გარდაცვალების შემთხვევაში მოთხოვნა მის მემკვიდრეებზე არ გავრცელდეს და შესაბამისად, ვალდებულების შეწყვეტა მოხდეს. ეს პირობა თუ შეთანხმებული იქნება, მემკვიდრეებს არც სადაზღვევო კომპანია დასჭირდებათ, არც სასამართლო დავები და ა.შ.

ეს იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ბევრს ჰგონია, სესხის მიღება მხოლოდ მისი სარგებელია, რაც ასე არ არის - ეს ორმხრივი სარგებლის მომტანია და მათ შორის, ამ სიტუაციაში საბანკო დაწესებულებაც სარგებელს იღებს, ისინიც მოდიან გარკვეულ შეთანხმებაზე, თუ მხარისთვის ეს პირობები მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ერთადერთი დაზღვევა, რომ მემკვიდრეებსა და სხვა პირებს ვალდებულება არ დაეკისროთ, იქნება ის, რომ აღნიშნულზე თავიდანვე მოხდეს შეთანხმება და პირის გარდაცვალებამ ვალდებულების შეწყვეტა გამოიწვიოს. სხვანაირად, 100-დან 100 შემთხვევაში, თუ მოთხოვნის ვადები დაცულია, მემკვიდრე ამას თავს ვერანაირად ვერ აარიდებს და იძულებითი წესით აღსრულება ყოველთვის მოხდება.

- რა შეგვიძლია ვთქვათ იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაზე?

- თუ იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრე გარდაიცვალა, პრეცედენტები არსებობს, რომ მემკვიდრეობას ზოგიერთი განზრახ არ იღებს, რათა ვადა გააჭინაუროს. თუმცა, ამაზეცაა სასამართლო პრაქტიკა - თუ დგინდება, რომ გარდაცვლილს მაგალითად, შვილი ჰყავს, კრედიტორს შეუძლია, სასამართლო წესით მიაღებინოს სამკვიდრო, რათა შემდგომში ქონება გაიყიდოს.

ყველა შემთხვევაში, თუ ქონება იპოთეკითაა დატვირთული, ბანკი ყოველთვის უზრუნველყოფილია და ადამიანის სიცოცხლეს და გარდაცვალებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს - ვალდებულების გადახდის დრო მოვა და ამ ქონებიდან ყოველთვის მოითხოვს აღსრულებას. თანხას გარდაცვლილს ხომ ვეღარ დააკისრებს? მოპასუხეებად მის მემკვიდრეებს ჩართავს და თანხის დაკისრების შემდეგ, იპოთეკით დატვირთული ქონებისა აუქციონის გზით რეალიზაციას მოითხოვს.

- რა ხდება ერთი მხრივ, მაშინ, როდესაც რამდენიმე მემკვიდრეა, ხოლო მეორე მხრივ მაშინ, თუ გარდაცვლილს მემკვიდრე საერთოდ არ ჰყავს?

- როდესაც თანამემკვიდრეები არიან, პასივებიც/ვალდებულებაც მიღებული აქტივების პროპორციულად იქნება გაყოფილი. იპოთეკით დატვირთული ქონების შემთხვევაში, თუ გარდაცვლილს მემკვიდრე არ ჰყავს, ამ შემთხვევაში კრედიტორს შეუძლია, ამ ქონების სახელმწიფო სახელზე აღრიცხვა მოითხოვოს - სახელმწიფო მემკვიდრის ადგილს დაიკავებს და კრედიტორი - სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის გზით დაიკმაყოფილებს მოთხოვნას, ოღონდ ამ შემთხვევაშიც, გასტუმრება მიღებული აქტივის ფარგლებში მოხდება.