გასული შაბათ-კვირიდან ამ დრომდე ინდოეთის სამხრეთით მდებარე ანდრა პრადეშის შტატის ქალაქ ელურუში, დაუდგენელი დაავადების გამო, ასობით ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა.
"დოიჩე ველეს" ცნობით, უჩვეულო დაავადებით მინიმუმ 555 ადამიანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი 20-ათასიან ქალაქში დაავადების გამოსავლენად სამედიცინო ექსპერტებს უხმო.
"პაციენტების უმეტესობას დაზიანებული აქვს თავი, ან თვალი, რომელიც გამოწვეულია უეცარი კრუნჩხვით, გონების უეცარი დაკარგვით, მაგრამ დაახლოებით ერთ-ორ საათში ისინი კარგად ხდებიან“, - ამბობს ქალაქის ერთ-ერთი კლინიკის მთავარი ექიმი.
როგორც "დოიჩე ველე“ წერს, კრუნჩხვის, გულისრევისა და გაუსაძლისი ტლივილის შემდეგ, ამ უცნობმა დაავადებამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ დაავადებულთა შორის 300-ზე მეტი ბავშვია, მათ უმეტესობას აღენიშნება თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა, თავის ტკივილი და ღებინება. ამასთან, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.
როგორც "დოიჩე ველე" წერს, ექიმებმა პაციენტების ორგანიზმში ტყვიისა და ნიკელის კვალი აღმოაჩინეს. "10 პაციენტის სისხლის ნიმუშების შესწავლის შედეგად, სისხლში ტყვიისა და ნიკელის მაღალი შემცველობა გამოვლინდა“, - ამბობს ელურუს სახელმწიფო კლინიკის ხელმძღვანელი, მოჰანი. ამჟამად ქალაქში მიმდინარეობს გამოძიება ლითონების წყაროსა და მათი გავრცელების შესახებ.
აღნიშნულ რეგიონში არ არის ქიმიური ქარხნები, ჩატარდა კვლევა წყლისა და რძის ხარისხზე. ეროვნული სამედიცინო ინსტიტუტის წარმომადგენლები ატარებენ კვლევებს საკვებ ზეთსა და ბრინჯზე.
რაიონის ოფიციალური წარმომადგენლები ამბობენ, რომ შესაძლოა, გარკვეული როლი ითამაშა ქიმიურმა პესტიციდურმა დანამატებმა. ფედერალური დეპუტატი, დარაშიმა რაო ამბობს, რომ ის ესაუბრა ჯანდაცვის ექსპერტებს და მათ უთხრეს, რომ "სავარაუდო მიზეზია შხამიანი ორგანოქლორინის ნივთიერებები.“
ცნობისთვის, ორგანოქლორინი დაკავშირებულია კიბოს გაჩენასთან და ეს ნივთიერება ბევრ ქვეყანაშია აკრძალული. მისმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვა, გულისრევა, თავის ტკივილი, პირღებინება, კუნთების სისუსტე, ლაპარაკის უნარის დაქვეითება და ა.შ.
როგორც ქალაქ ელურუს ოფიციალური პირები და ჯანდაცვის წარმომადგენლები აცხადებენ, დაავადება, რომელიც მათ ქალაქში გაჩნდა, ერთი ადამიანიდან მეორეზე არ გადადის, ამიტომაც, მისი გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
არ მოასვენოთ სამყარო, ხო! არ ვიკმაროთ კორონა!
სამწუხაროდ, " ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდება"!