ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ Covid-19-ის პანდემიის პირობებში არსებული გამოწვევები განსაკუთრებით დამაზიანებლად ბავშვებზე აისახება. ორგანიზაციამ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" მოამზადა ანგარიში, რომელშიც პუნქტობრივად არის განხილული ის პრობლემები, რაც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო აქტუალური გახდა.
"საქართველოში პანდემიის მართვის და პრევენციული ზომების მიღების დროს ბავშვთა საჭიროებები მნიშვნელოვნად იყო იგნორირებული. რაც უამრავი მიმართულებით გამოვლინდა. ჯანდაცვის, განათლების თუ სოციალური დაცვის პოლიტიკა ნეიტრალურია, რაც პრობლემურია, რადგან ზომები, რომელიც სახელმწიფოში მიიღება შეიძლება გამოსადეგი ან ატანადი იყოს სრულწლოვანი ადამიანისთვის, მაგრამ ზიანის მომტანი ბავშვისთვის", - ვკითხულობთ დოკუმენტში.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა აბაშიძე ambebi.ge -სთან საუბარში აქცენტს აკეთებს ბავშვების განათლების, მათი ფსიქო-ემოციურ ჯანმრთელობისა და შრომითი უფლებების პრობლემებზე, რაც, მისი შეფასებით, პანდემიამ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა.
ანა აბაშიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში პანდემიის დროს არსებული კრიზისის მართვაში სრულად იგნორირებული იყო სოციალურად დაუცველი ბავშვების უფლებები. სახელმწიფო მიერ გაცემული 200- ლარიანი ერთჯერდი დახმარება თითო ბავშვზე, იურისტის შესაფებით, ფორმალურ ხასიათს ატარებდა და რეალობის შეცვლაზე გავლენა არ მოუხდენია.
"უკანასკნელი კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვები უფრო მეტად დგანან სიღარიბის საფრთხის წინაშე, ვიდრე სხვა ჯგუფები. ყველა მე-5 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეშია და შიმშილობს. ქვეყანას კი ჯერაც არ გააჩნია ყოვლისმომცველი, ბავშვებისადმი მგრძნობიარე სოციალური დაცვის სისტემა, რომელიც დაეხმარება ოჯახებს. ბევრი დაუცველი ოჯახი სერვისების მიღმაა დარჩენილი. პირველ რიგში, ესენი არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები, ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, ეროვნულ უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები და ბავშვები ღარიბი ოჯახებიდან. დაბალი შემოსავლები და შიმშილი პირდაპირ უკავშირდება ოჯახებში ქრონიკული დაავადებების მატებას, ხოლო დასუსტებულ ბავშვებში თავის მხრივ იზრდება COVID-19-ით მძიმე ავადობის რისკები", - გვეუბნება უფლებადამცველი.
"გაეროს ბავშვთა ფონდის" კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი, მაია ქურციკიძე, ამბობს, რომ პანდემიის გამო საქართველოში შეჩერდა სოციალურად დაუცველი და ქუჩაში მცხოვრები ბავშვებისთვის მთელი რიგი სერვისების მიწოდება, რის გამოც ისინი კიდევ უფრო დაუცველები გახდნენ.
"ჩვენმა მრავალკლასტერულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართვლოში 29 800 ბავშვს არ აქვს ელემენტარული სანიტარული პირობები, არ აქვს სახლში წყლითა და საპნით ხელის დაბანის პირობები, შესაბამისად, მაღალია პანდემიის პირობებში მათი დაინფიცირების რისკი. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ წვდომა უსაფრთხო წყალსა და ჰიგიენურ პირობებზე და ეს სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. ასევე, მხარდაჭერის მიღმა არიან დარჩენილები ქუჩაში მცხოვრები ბავშვები, რომლებიც ვეღარ იღებენ იმ სერვსებს, რასაც აქამდე სთავზობდა სახელმწიფო", - ამბობს მაია ქურციკიძე.
ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ იზოლაციური გარემო ოჯახში ძალადობის რისკს ზრდის, რაც განსაკუთრებით მწვავედ ბავშვთა ფსიქიკაზე აისახება. ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე ამბობს, რომ პანდემიამ ოჯახში ძალდობრივი გარემო გაზარდა მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. რაც, მისი თქმით, სახელმწიფომ მხედველობაში უნდა მიიღოს და ამ მიმართულებით დაიწყოს მუშაობა.
"ოჯახში ძალადობა ჩვენი ქვეყნისთვის უცხო არ არის. უბრალოდ, პანდემიამ უფრო გაამწვავა და გამოავლინა ის მთელი რიგი პრობლემები, რაც ამ მხრივ არსებობს. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ბავშთა ძალადობის შეფასების გამოცდილება ჩვენს ქვეყანას არ აქვს. ძალადობად მხოლოდ ფიზიკური ძალადობა აღიქმება. ჩვენ სულ ასე ვიყავით მოწყობილი, ან ჩვენ ვძალდობდით, ან ჩვენზე ძაალდობდნენ, რაც აისახა კიდეც თაობებზე. ამიტომ იზოლაციური გარემოს პირობებში, ცხადია, კიდევ უფრო გამწვავდა ეს პრობლემები. ოჯახში ძალადობრივმა მუხტმა მთელს მსოფლიოში მოიმატა პანდემიის გამო. შესაბამისად, გაუარესდა ბავშვთა ფსიქიკური მდგომარეობა, მოიმტა შიშებმა, შფოთვამ და ა.შ. სახელმწიფოს თუ სურს იზრუნოს ბავშვთა კეთილდღეობაზე, მან მხარი უნდა დაუჭიროს მშობლებს. როგორც უმუშევრებს, ისე დასაქმებულებს. პირველ რიგში, მთავარია ცნობიერების ამაღლება, როგორ უნდა მოექცნენ მშობლები შვილებს პანდემიის პირობებში, რათა მაქსიმალურად შეუმცირონ მათთვის ისედაც ზოგადად სტრესული გარემო. სახელმწიფოს ამოცანაა კარგად დააორგანიზოს ის რესურსები, რაც მის გარშემო არსებობს. ამის შესაძლებლობა გვაქვს ჩვენ, რომ ვუზრუნველყოთ მშობლების განათლების ამაღლება, ტრენინგები და ა.შ. რაც მთავარია, მატერიალურად უნდა დავუჭიროთ მხარი მშობლებს, რადგან ყველანაირი პრობლემა მაინც აქედან იღებს სათავეს. მომუშავე მშობლებსაც ასევე სჭირდებათ მხარდაჭერა. კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ ასეთი მშობლების მდგომარეობა და ისე დაგეგმონ სამუშაო გრაფიკები, რომ მშობლებს შვილებთან ურთიერთობის დრო დარჩეთ" , - გვეუბნება თამარ გაგოშიძე.
როგორც ბავშვთა უფლბებზე მომუშავე იურისტები, ისე ფსიქოლოგები თანხმდებიან იმაზე, რომ პანდემიის გამო სკოლების დაკეტვამ და ბავშვების სახლებში იზოლაციამ ნეგატიური გავლენა იქონია ბავშვთა ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.
"გაეროს ბავშვთა ფონდში" მიიჩნევენ, რომ განათლების უფლების მიმართულებითაც, ყველაზე მეტად სოცალურად დაუცველი ბავშვების უფლებები დაირღვა.
"როდესაც ონლაინსწავლებაზე გადავიდნენ სკოლები, ბევრ ღარიბ ოჯახს არ ჰქონდა შესაძლებლობა ბავშებისთვის კომპიუტერები შეეძინა. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ განათლება ყველა ბავშვისთვის იყოს ხელმისაწვდომი. ჩვენი კვლევების მიხედვით, საქართველოში 5400 ბავშვს, 3-17 წლამდე, კომპიუტერზე და ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება. სახელმწიფოს უნდა შეეძინა მათთვის კომპიუტერები და მეწოდებინა შესაბამისი ინტერნეტ-პაკეტები. ჩვენი ორგანიზაცია გეგმავს, რომ 1300 ბავშვს აჭარაში მიაწოდოს ინტერნეტ-პაკეტები ერთი თვით მაინც. ვემხრობით ბავშვების სკოლაში მშვიდობიან დაბრუნებას, მაგრამ თუ სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ საჭიროა ისევ ონლაინსწავლებაზე გადასვლა, მაშინ კეთილი უნდა ინებოს და უზრუნველყოს ის, რომ ყველა ბავშვს მიუწვდებოდეს ხელი ინტერნეტზე, რაც შეეხება ონლაინსწავლებას, ამ მოდელში საჭიროა ცვლილებების შეტანა, მისი დახვეწა, რათა უფრო მორგებული იყოს ბავშვის ინტერესებზე და შედეგი გამოიღოს", - გვხსნის მაია ქურციკიძე.
სპეციალისტები საუბრობენ კიდევ ერთ გამოწვევაზე - ბავშვთა ინტერესების იგნორირებით მოწყობილ საკარანტინე ზონებზე.
"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" მიერ შემუშავებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ COVID-19 პრევენციის პოლიტიკის შემუშავების დროს ქვეყანაში არსებული სამართლებრივი რეგულაციები ბავშვზე მორგებული არ აღმოჩნდა, რის გამოც ბავშვებმა და მათი ოჯახის წევრებმა დამატებითი ტრავმა განიცადეს.
"საკარანტინე ზონების ერთგვაროვანმა მოწესრიგებამ და ბავშვთა საჭიროებების გაუთვალისწინებლობამ წარმოშვა არაერთი დავა სახელმწიფოსთან მიმართებაში. ჩვენ მოვიგეთ რამდენიმე საქმე და ბავშვი გადავაყვანინეთ მისთვის შესაფერის გარემოში. ძირითადად ბავშვებს უწევდათ კვირების გატარება იზოლირებულ, მათთვის უცნობ გარემოში, რაც ზრდიდა პანდემიით გამოწვეული დაბნეულობის და სტრესის დონეს. ჩვენ მოგვმართა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მშობელმა. მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თერაპიული თვალსაზრისით ბავშვის ღია სივრცეში გაყვანა, რაზეც სახელმწიფოს არ უფიქრია. ეს დავაც მოვიგეთ სასამართლოში", - ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი.