ავტორი:

რა შემთხვევაში მკურნალობენ კოვიდპაციენტებს შინ და როგორ მუშაობენ ონლაინკლინიკები ქვეყანაში? - რას ამბობს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი

რა შემთხვევაში მკურნალობენ კოვიდპაციენტებს შინ და როგორ მუშაობენ ონლაინკლინიკები ქვეყანაში? - რას ამბობს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი

საქართველოში covid-19 -ის ბინაზე მკურნალობის პროტოკოლი 2020 წლის აპრილიდან შევიდა ძალაში, თუმცა სერვისი, პრაქტიკულად, ბოლო პერიოდში ამოქმედდა, რაც აჭარაში ინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდით არის გამოწვეული. დღეისთვის, ქვეყანაში ახალ კორონავირუსს ბინაზე სულ 800 პაციენტი მკურნალობს. შემთხვევათა უმრავლესობა აჭარაზე მოდის.

რა შემთხვევებში მოუწევთ ინფიცირებულებს ბინაზე დარჩენა და როგორია ბინაზე მკურნალობის მექანიზმი - ambebi.ge შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს ხელმძღვანელს, ეკა ადამიას ესაუბრა.

- რა შემთხვევაში მიიღება covid-19 -ით ინფიცირებული პაციენტის ბინაზე დატოვების გადაწყვეტილება?

- როდესაც პაციენტს შესაბამისი ტესტირებით covid-19 დაუდასტურდება, ფასდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და სხვა მახასიათებლები და მიიღება გადაწყვეტილება. არსებობს სამი ვარიანტი : პაციენტის სტაციონარში გადამისამართება, ბინაზე დატოვება ან საკარანტინე სივრცეში გადაყვანა. თუ პაციენტი მსუბუქია და მას არ აქვს არანაირი სიმპტომი, არ არის არასრულწლოვანი ან მოხუცი და არ აქვს ქრონიკული დაავდებები, ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია მისი ბინაზე დატოვება. კიდევ ერთი მთავარი ფაქტორი - პაციენტის გამოკითხვით უნდა დგინდებოდეს, რომ მას აქვს თვითიზოლაციის პირობები ოჯახში. რომელიც აკმაყოფილებს თვითიზოლაციის პროტოკოლით დადგენილ სტანდარტებს, რაც მდგომარეობს იმაში, რომ უნდა ჰქონდეს სახლში იზოლირებული ოთახი და მომვლელი, რომელიც უზრუნველყოფს მისთვის საჭირო მედიკამენტების თუ საკვების მიწოდებას იზოლაციის წესების დაცვით.

- ვინ და როგორ მკურნალობს ბინაზე მყოფ კოვიდპაციენტს?

- მას შემდეგ, რაც გადაწყდება, პაციენტი დარჩეს ბინაზე და იმკურნალოს, მის ჯანმრთელობას ონლაინკონსულტაციის მეშვეობით მართავს ოჯახის ექიმი. იგი ყოველდღე უკავშირდება პაციენტს, აძლევს მითითებებს, საჭიროების მიხედვით, იქნება ეს ტემპერატურისა და შარდის კონტროლი, მედიკამენტების მიღების წესები თუ რაიმე სხვა სახის დაკვირვება, შესაძლოა დაიგეგმოს გასაუბრება ვიდეოთვალის მეშვეობითაც, თუ საჭირო გახდა. ნებისმიერი სარისკო სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, ხელახლა ფასდება სიტუაცია და ექიმი იღებს გადაწყვეტილებას, პაციენტი კვლავ დარჩეს ბინაში თუ გადავიდეს სტაციონარში.

- რამდენი ონლაინკლინიკაა დღეის მდგომარეობით საქართველოში და როგორია მათი მუშაობის მექანიზმი?

- ამ ეტაპზე მოქმედებს 25 ონლაინკლინიკა. თითოეულში კონკრეტული ბრიგადები მორიგეობენ, რომლებიც არიან მიბმული პაციენტების კონკრეტულ რაოდენობაზე. მორიგე ექიმი ყოველდღიურად უკავშირდება მისი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ პაციენტებს, უწევენ ყველა საჭირო კონსულტაციას და უზრუნველყოფენ მათ გამოჯანმრთელებას. ჩვენ მოვამზადეთ ვიდეორგოლები, რომლებიც მალე გამოვა, თუ როგორ უნდა მოიქცეს თავად პაციენტი, რომელიც ბინაზე მკურნალობს. მან მაქსიმალურად უნდა გამოიჩინოს თვითშეგნება და დაიცვას იზოლაციის პირობები. არ შეუქმნას საფრთხე საკუთარ ოჯახის წევრებს. არ უნდა გამოვიდეს მისი ოთახიდან და თუ ამას მაინც გააკეთებს, უნდა ეკეთოს პირბადე, ხელთათანები და არ ეკონტაქტოს ოჯახის წევრებს. სასურველია, ჰქონდეს ცალკე საპირფარეშო და სააბაზანო. ან იმ შემთხვევაში ისარგებლოს საერთო სველი წერტილებით, თუ მას ჰყავს ისეთი მომვლელი, ვინც შესაბამისი წესების დაცით, სადეზინფექციო საშუალებებით დაამუშავებს იქაურობას. ასევე, ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის შემთხვევაში, იქნება ეს სუნთქვის გახშირება, ტუჩების გალურჯება თუ სხვა რამ, უნდა დარეკოს ექიმთან და არ დაელოდოს მას.

- ინფექციონისტების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ბინაზე მკურნალობა სარისკოა. ერთი მოსაზრებით, ზოგიერთი ქვეყნის კრახი კორონავირუსთან ბრძოლაში სწორედ იმან გამოიწვია, რომ პაციენტებს მასიურად უშვებდნენ სამკურნალოდ სახლებში. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს? არის თუ არა გათვლილი შესაძლო რისკები მოქმედ პროტოკოლში?

- ჩვენ ბინაზე მკურნალობის მექანიზმი ავამოქმედეთ მხოლოდ ახლა. არადა, რამდენი ხანია, რაც ეს ვირუსია გავრცელებული საქართველოში. ცხადია, რისკები არსებობს და როდესაც პროტოკოლი მუშავდებოდა, ძალიან დიდი სიფრთხილით იქნა რისკების ფაქტორი განხილული. პაციენტები ისე იკურნებიან ამ ვირუსისგან, რომ მათ სიმპტომებიც კი არ აქვთ. ასეთ შემთხვევაში არ არის საჭირო ყველა საავადმყოფოში დაწვეს და დაიკავონ ის საწოლები, რომლებიც შეიძლება მძიმე გართულებების მქონე პაციენტებს დასჭირდეს. ძალიან სიფრთხილით ავამოქმედეთ ეს მექანიზმი. საპილოტედ, ნაბიჯ-ნაბიჯ ვახორციელებთ ბინაზე მკურნალობის სერვისს და შევხედავთ, შევაფასებთ, რა შედეგებს მოიტანს. პროტოკოლს აქვს დათქმა, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაციის განვითარების შესაბამისად ეტაპობრივად უნდა ამოქმედდეს.

- რა სიახლეები იგეგმება ბინაზე მკურნალობის პროტოკოლის დანერგვის მიმართულებით?

- სიახლე, რაზეც ახლა სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა, ესაა გამოჯანმრთელების, პაციენტის გაწერის კრიტერიუმის გამარტივება. ეს შეეხება ბინაზე მკურნალობასაც. თუ მაგალითად, ახლა განმეორებითი ტესტირება არის სავალდებულო იმისთვის, რომ პაციენტი გამოჯანმრთელებულად ჩაითვალოს, მიდის მუშაობა იმაზე, რომ მხოლოდ ერთი ტესტირება გახდეს საკმარისი. პაციენტს ერთხელ ჩაუტარდება მხოლოდ ტესტირება და თუ აჩვენა უარყოფითი, ჩაითვლება გამოჯანმრთელებულად. მსოფლიოში იცვლება მიდგომები და ჩვენც ფეხდაფეხ მივყვებით მას. გარდა ამისა, ვფიქრობთ, ონლაინკლინიკების გაფართოებაზე, რაც შეიძლება მეტი კლინიკა უნდა იყოს ჩართული ონლაინმკურნალობაში. ასევე, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ოჯახის ექიმების გადამზადება ახალი კორონავირუსის მიმართულებით. ბევრი მათგანი უკვე გადამზადდა...

მძღოლს, რომელსაც მოსწავლეები გადაჰყავდა, კორონავირუსი დაუდგინდა - ხობის რაიონის სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა

"ცოტა ყურს ჭრის მუდმივი თავის მართლებასავით ნათქვამი - "გარდაცვლილს თანმხლები დაავადებები ქონდა“ - რას წერს ინფექციონისტი

SABA Reader-ს Gudabooks.ge-ის 200-ზე მეტი აუდიოწიგნი დაემატა