პანდემიამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა მსოფლიო ტურიზმს. ეს პრობლემა ცხადია, ჩვენს ქვეყანასაც შეეხო და შეეტყო, რადგანაც საზღვრები უკვე თვეებია, ჩაკეტილია. თუმცა ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობა ამჯერად ჩვენზეა, მით უფრო, რომ საქართველოს არაერთი კუთხე ამის საოცარ მაგალითს იძლევა.
გასულ კვირას კახეთმა, კერძოდ წინანდალმა, ალექსანდრე ჭავჭავაძის ეროვნული პარკის მოსაზღვრედ არსებულმა, „ღვინის კომპანია შუმმა“ ჟურნალისტებს გვიმასპინძლა, სადაც სანახავი ბევრი რამ აღმოჩნდა. მანამდე კი ნაფარეულში ბიო და ბიოდინამიურ ვენახს ვესტუმრეთ. შევხვდით გიორგი ალადაშვილს, კომპანიის მთავარ კონსულტანტს. ადგილი წინანდალში, რომლის სტუმრებიც ვიყავით, გამორჩეულია თავისი უნიკალური მდებარეობით, სადაც 9 ჰა-ზე ტურისტული კომპლექსია გაშენებული.
დავათვალიერეთ საკოლექციო ვენახი, იქ 900-ზე მეტი ვაზის ჯიშია დაცული, მათ შორის, გადაშენების პირას მყოფი, რამდენიმე ათეული ქართული ვაზის ჯიში. იქვე დავათვალიერეთ ეთნოგრაფიული სახლი, ვაზისა და ღვინის მუზეუმი, რომლის უძველესი ექსპონატები 6000 წლით თარიღდება, ასევე ღვინის მარანს და ენოთეკას ვეწვიეთ.
გულთბილი მასპინძელი აღმოჩნდა აკაკი ცოფურაშვილი, კომპლექსის ხელმძღვანელი. ეს ადგილები გასულ წლებში სავსე იყო უცხოელი ტურისტებით, პანდემიამ წელს ისინი ამ სანახაობას დააცილა. ღვინის კომპლექსში ვიხილეთ ცნობილი სკულპტორების ნამუშვრები, როგორიცაა მერაბ მერაბიშვილი, ზურაბ წერეთელი, გია ჯაფარიძე... დავაგემოვნეთ ქართული ტრადიციული თუ კლასიკური ტექნოლოგიით დაყენებული ღვინოები, ვიხილეთ კულინარიული მასტერკლასი, - ქართული პურის, ხაჭაპურის ცხობის, ხინკლის მოხვევის და ჩურჩხელის ამოვლების. სხვადასხვა ღვინის დაგემოვნებისას მოვირგეთ სომელიეს ამპლუაც.
აღნიშნული კომანია 1997 წელს დაარსდა. 2001 წელს დასრულდა ღვინის ქარხნის მშენებლობა და საკუთარი ვენახებიდან პირველი მოსავალიც მიიღეს. კომპანიის სახელწოდება ძველქართულად საუკეთესო, გაუზავებელ ღვინოს ნიშნავს და ამიტომაცაა, რომ 2004 წლიდან ბიოღვინოს აწარმოებს, რომელიც სერტიფიცირებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მსოფლიოს 29 ქვეყანაში ახორციელებს პროდუქციის ექსპორტს, დაჯილდოებულია 270-ზე მეტი უმაღლესი ხარისხის მედლით. კომპანიას აქვს ღვინის ფართო ასორტიმენტი, ყურძნისეული წარმოშობის მაგარი ალკოჰოლური და მათ შორის, ექსკლუზიური სასმელები.
2020 წელს ახალგაზრდა კადრების გაზრდის მიზნით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის ბაზაზე ღვინის სკოლა დააარსეს. სკოლის შექმნის მიზანს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში ტრადიციების გაზიარება, სიახლეების გაცნობა და დარგის სხვადასხვა ინოვაციური მიმართულებების პოპულარიზაცია წარმოადგენს და ფერმერებს (მევენახეები, მცირე და საოჯახო მარნები ) თუ დარგით დაინტერესებულ პირებს თემატურ ლექცია-სემინარებს სთავაზობს.
მიმდინარე წელს, პანდემიის გამო მსმენელებს სემინარებს უფასოდ სთავაზობენ. საინტერესო აღმოჩნდა მუზეუმში სტუმრობა, რომელიც 2005 წელს შეიქმნა და ამ საქმეში დიდი წვლილი ქართველ არქეოლოგებს მიუძღვის, რომლებსაც მუზეუმისთვის იშვიათი ექსპონატები გადაუციათ. „ეს ექსპონატები 6000 წელს ითვლის, ჩვ.წ. II ათასწლეულს განეკუთვნება... აქ არის რუკა, სადაც წერია, რომ მეღვინეობა-მევინახეობის განვითარება საქართველოდან დაიწყო და გავრცელდა ორი მიმართულებით - ერთი - საბერძნეთის და მეორე - ეგვიპტის. ეგვიპტიდან რომში გადავიდა, იქიდან კი - ევროპაში. აქ თითქმის ყველა ექსპონატი, რასაც ვუყურებთ, ორიგინალია გარდა ზოგიერთი ნიმუშისა, რომელთა ორგინალი ეროვნულ მუზეუმშია დაცული. გვაქვს ჩვ. წ. II ათასწლეულის თიხის ყანწი, უდაბნოს ნაქალაქარიდან. ეს სავარაუდოდ, ყველაზე ისტორიული ყანწია მსოფლიო ისტორიაში,“ - გვეუბნება ჩვენი მასპინძელი აკაკი ცოფურაშვილი.
კომპლექსის ტერიტორიაზე არის ვაზის მონუმენტი, რომელსაც გენეზისი ეწოდება, ამ ვაზის ორიგინალი სოფელ წინანდალში ახლაც ხარობს ნიკოლაიშვილების ეზოში. მისი ყურძნისგან ღვინო „გენეზისი“ იწარმოება და 67 ბოთლამდე გამოდის. ვაზი დაახლოებით 300 წლისაა და გვაძლევს განსაკუთრებული არომატის ღვინოს (ყურძნის ჯიში ცნობილი არ არის). კომპლექსის ტერიტორიაზე, საკოლექციო ვენახში, ვაზის 900 ჯიში ისეთი იშვიათია, რომლებიც საქართველოს არცერთ საკოლექციო ვენახში არ არის დაცული.
„თითოეული ჩვენივე ხელითაა მოძიებულ-მოპოვებული საქართველოს სხვადასხვა კუთხეში - კერძოდ, გურიის მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, აჭარაში, სამეგრელოში, ჩვენი თანამშრომლები დადიოდნენ და მოსახლეობისგან, სანერგეებიდან ჩამოჰქონდათ. არის ასევე უცხოური ჯიშები, მათ კი უბრალოდ, საკოლექციო ვენახებში ვეძებთ და საქართველოში ჩამოგვაქვს. ვართ „ფაოს“ წევრები, მონიჭებული გვაქვს სპეციალური კოდი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გენეტიკურ რესურსს ვუფრთხილდებით. ექსპერტ სტეფანოს დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ აქ საკოლექციო ვენახი ყოფილიყო“ - აღნიშნავს ბატონი აკაკი.
შუმი, როგორც აღვნიშნეთ, ეს არის ღვთიური სითხე, რომლის წყალში გაზავება არ შეიძლება, მას განუზავებელს მიირთმევენ, აქედან წარმოიქმნა ნამდვილი, სარიტუალო განუზავებელი ღვინო... მათი ლოგო ფასკუნჯია, მითოლოგიური ფრინველი, რომელმაც კაცობრიობას პირველი წიპწა მოუტანა, საიდანაც მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება მოხდა. იქ დადგმული ფასკუნჯის მონუმენტი კი ცნობილ სკულპტორს, მერაბ მერაბიშვილს ეკუთვნის (ეს მისი ბოლო ნამუშევარი აღმოჩნდა). ფასკუნჯი, საერთოდ, კახეთის ენდემია და ალბათ ამის დასტურია ისიც, რომ არწივი ნაფარეულში საკმაოდ ბევრია. ასე რომ, კეთილშობილური და საშური საქმეები გაკეთდა, ეს არის გადაშენებას გადარჩენილი ვაზის ჯიშების მოშენება-გამრავლება.