35-ე სკოლის მოსწავლეების დაჭრაში ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
როგორც პროკურორმა თეონა გვაზავამ განაცხადა, 117-ე მუხლი გადაკვალიფიცირდა და ბრალდებულს განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, რაც 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
"2018 წლის 31 იანვარს თბილისში განხორციელებულ არასრულწლოვანთა დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლე, რომელსაც წარედგინა ბრალდება სსკ-ის კოდექსის 19-109 მუხლის მე-2 ნაწილის ბ და მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნებისა და ორი პირის მიმართ.
წარდგენილი ბრალდება განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს, შესაბამისად, ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე. სასამართლომ სრული მოცულობით გაითვალისწინა ბრალდების მხარის პოზიცია და აღკვეთის ღონისძიების სახით განუსაზღვრა პატიმრობა", - განაცხადა თეონა გვაზავამ.
მისი თქმით, კვალიფიკაციის შეცვლა განაპირობა საქმეში მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლიობამ.
პროკურორის განმარტებით, გამოძიების დაწყება არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული მუხლით უნდა მომხდარიყო ბრალის წარდგენა. იგი მტკიცებულებების შინაარსთან დაკავშირებით არ საუბრობს იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებული არასრულწოვანია.
პროკურორის თქმით, ბრალდებული ფაქტს ადასტურებს, თუმცა მუხლის კვალიფიკაციას არ ეთანხმება.
სამართალდამცველებმა თბილისში, "წითელ ბაღში" მომხდარ ინიციდენტში ბრალდებული - 2000 წელს დაბადებული ა.ნ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. გამოძიების თანახმად, 31 იანვარს თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, ე.წ. წითელი ბაღის ტერიტორიაზე, ა.ნ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ყოფილ თანაკლასელებს - 2000 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს და 2000 წელს დაბადებულ ი.ც.-ს ცივი იარაღით მუცლისა და გულმკერდის არეში თითო ჭრილობა, ხოლო 2000 წელს დაბადებულ ლ.ხ.-ს ხელზე მსუბუქი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაკავებული პირველი ექსპერიმენტული სკოლის მე-12 კლასელია.