ოთო ფოლადაშვილი და იულია ქავთარაძე: "დროის უმეტეს ნაწილს ერთად ვატარებთ. დღე და ღამე ვვარჯიშობთ"

ოთო ფოლადაშვილი და იულია ქავთარაძე: "დროის უმეტეს ნაწილს ერთად ვატარებთ. დღე და ღამე ვვარჯიშობთ"

"ცეკვავენ ვარსკვლავების" რამდენიმე წყვილს სარეპეტიციო დარბაზში ვეწვიეთ. ისინი ენერგიას არ ზოგავენ იმისთვის, რომ მაყურებლის წინაშე ყოველ ხუთშაბათს ღირსეულად წარდგნენ. დარბაზში მისულებმა პირველი ვინც ვნახეთ, ნინა წკრიალაშვილი იყო. მას და მის პარტნიორს რეპეტიცია უკვე დაემთავრებინათ. ნინა კმაყოფილი მიდიოდა შინ. ცეკვა, რომელიც ხუთაშაბათს უნდა წარმოვადგინოთ, უკვე ვისწავლეო... ამასობაში ქართული წარმომავლობის უკრაინელი ვარსკვლავი იულია ქავთარაძეც გამოჩნდა. ისინი თბილად შეხვდნენ ერთმანეთს, მოკითხვის შემდეგ ერთმანეთის ამბებიც გაუზიარეს, ცეკვაში ვინ რა ისწავლა, რა აქვს კიდევ შესასწავლი და დაემშვიდობნენ.

იულიას რამდენიმე კითხვით ჩვენც მივმართეთ:

იულია ქავთარაძე:

- რატომღაც ჟიურის მიაჩნია, რომ პროფესიონალი მოცეკვავე ვარ, არადა, ასე არ არის. ბავშვობაში (4 წლიდან 12 წლამდე) მხატვრული ტანვარჯიშით ვიყავი დაკავებული. იმის მერე ბევრი დრო გავიდა... ჟიურის წევრები კი ამბობენ, რომ შენგან ბევრს მოვითხოვთ, იმიტომ რომ, პროფესიონალურად ცეკვავო. პროფესიონალურად კი არა, ეს ჩემთვის ჩინური ანბანივითაა. მხატვრული ტანვარჯიშის ილეთები არანაირად არ ემთხვევა სამეჯლისო ცეკვებისას. ის კი არა, მხატვრული ტანვარჯიში ხელსაც კი მიშლის, რადგანაც სამეჯლისო ცეკვებში ხელები, ფეხები, ტანი სულ სხვანაირად უნდა ამოძრავო. რთულია შეჩვევა. რეპეტიციაზე დგომაც კი მხატვრული ტანვარჯიშის მაქვს. მოკლედ, საპირისპირო ილეთებია და რაც ერთხელ გისწავლია, იმის გადაჩვევა ყოველთვის რთულია.

- მთავრია, რომ ჟიური თქვენი ცეკვით კმაყოფილია და ის მაყურებელსაც მოსწონს...

- მეც კმაყოფილი ვარ, მაგრამ მათი სიტყვების შემდეგ თავს არ ვზოგავ და იმდენს ვმუშაობ, რომ უკვე ვეღარ ვგრძნობ, სად მაქვს ზურგი, ფეხები, - ყველაფერი დამტვრეული და დალეწილი მაქვს...

- სავარაუდოდ, თქვენი კუნთები, ალბათ, უკეთ მუშაობს...

- ალბათ კუნთები უკეთ მუშაობს, არ ვიცი, ფაქტია, რომ სერიოზული დატვირთვა გვაქვს, არ ველოდი, თუ ასე ძალიან დავიღლებოდი... მოკლედ, მთელი სხეული მტკივა...

- ხომ არ ნანობთ, რომ ამ პროექტში მონაწილეობთ?

- არა, რას ამბობთ, რაც ვთქვი, ეს ამ ყველაფრის თანმხლები პროცესებია და მოსალოდნელი სირთულეები. ამის გარეშე არაფერი გამოვა, ამავე დროს სასიამოვნოც არის. დღე ამ დარბაზში გავდივარ რეპეტიციას, საღამოს - სტუდია "თელაში" იქ, სადაც ოთო ფოლადაშვილი სწავლობს, ასწავლის, აღიზარდა და სადაც მეგობრები ჰყავს. ცეკვის შესწავლაში ისინიც მეხმარებიან. მიმართულებას გვაძლევენ და მხარს გვიჭერენ... მოკლედ, დღე-ღამეში 24 საათს ვვარჯიშობთ. დიდი-დიდი შუალედებში ჭამა მოვასწრო. მეგობრები მირეკავენ და მეუბნებიან, რომ ასე არ შეიძლება, სადმე დავსხდეთ, ყავა მაინც დავლიოთ და დავისვენოთო. იმის გამო, რომ სულ გადარბენაზე ვარ, "ბულკების" და ხაჭაპურის მეტს ვერაფერს ვჭამ. არადა, ძალიან მიყვარს ქართული სამზარეულო, მაგრამ ვერ ვიცლი, რომ ნორმალურად დავაგემოვნო... ის კი არა, უდროობის გამო ძმასაც იშვიათად ვნახულობ...

- როგორც ადრე მითხარით, ფსონი გამარჯვებაზე მაქვს გაკეთებულიო, ეს დაპირება კვლავაც ძალაშია?

- აბა, რა? (ქართულად ამბობს). გამარჯვებამდე და გამარჯვებისთვის ვიბრძოლებ. ძალიან კარგი გუნდია.

- ვარსკვლავებს ერთმანეთთან როგორი ურთიერთობა გაქვთ? დაძაბული კონკურენციაა თქვენ შორის?

- აქ ყველა ისე თავდადებით შრომობს და მუშაობს, ცდილობენ, მოგება უნდათ, ყველანი ერთმანეთის კონკურენტები ვართ, მაგრამ ჩვენ შორის, მეგობრული ატმოსფეროა: "მალადცი რებიატა!"

- თქვენი გოგონა სად არის?

- პატარა კიევშია, რადგანაც ბაღში დადის, გაისად სკოლაში მიდის. ახლა მას ბებიაჩემი (დედის დედა) უვლის.

- რას იტყვით თქვენს პარტნიორ ოთო ფოლადაშვილზე, რომელიც საქართველოში საუკეთესო მოცეკვავეა...

- ოთო განუმეორებელია, პოროფესიონალია! საერთოდ, მოცეკვავეების რეპეტიციის ყურება მიყვარს ხოლმე და ხშირად ვუყურებ. ძალიან მომწონს ისინი, რეპეტიციებზე საოცარ რაღაცებს აკეთებენ. ოთო ცდილობს, ყველანაირად დამეხმაროს და ყოჩაღ მას! კარგი, კულტურული ბიჭია, რაც, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა...

- რაკი ოთო ვახსენეთ, გეტყვით, რომ გუშინ თქვენზე და თქვენ პარტნიორზე ასეთი ამბავი გავიგე: ოთო და იულია ახლო მეგობრები არიან, ისე ახლო, რომ უკვე ერთადაც ცხოვრობენო...

- საქართველოში რამდენჯერაც ჩამოვდივარ, იმდენჯერ ჩემზე სხვადასხვანაირ ჭორს ავრცელებენ. მე ისიც გავიგე, რომ ორსულად ვარ, ვთხოვდები, მაგრამ ამის შესახებ ჯერ არაფერი ვიცი, რადგან ეს ყველაფერი მეზობლებმა თქვეს (სიცილით ამბობს)...

ყოველთვის ასეთი სიტუაციაა. ამბობენ, რა თქმა უნდა, სულ ამბობენ, ამის გარეშე როგორ იქნება? ილაპარაკონ. ჩემ შესახებ გავრცელებულ ასეთ ხმებს არა მარტო აქ, უკრაინაშიც ავრცელებენ... თავიდან ვნერვიულობდი, განვიცდიდი და მინდოდა, რაღაცის დამტკიცება, მეთქვა, რომ ასე არ არის, მაგრამ ახლა ამას უკვე მსუბუქად ვუყურებ. ესე იგი, ვიღაცებს ძალიან მოვწონვართ და ხმას ამიტომაც გვივრცელებს: ოჰ, როგორი კარგი წყვილია და ერთად არიანო... თუ ასეთი ლაპარაკი ვინმეს სიამოვნებას ანიჭებს, კი ბატონო, ილაპარაკონ…

მე და ოთოს მართლა კარგი ურთიერთობა გვაქვს. სხვანაირად არც შეიძლება, რადგან სადაც არ უნდა ვმუშაობდე, ყოველთვის მინდა, რომ ადამიანებთან კარგ დამოკიდებულებაში ვიყო. თბილი ურთიერთობა არა მარტო ოთოსთან, ყველა მოცეკვავესთან მაქვს.

ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ და გამარჯვება გვინდა!

სარეპეტიციო დარბაზში იულიას პარტნიორი, ოთო ფოლადაშვილიც გამოჩნდა, სანამ ვარჯიშს შეუდგებოდა, მასაც გავესაუბრეთ.

- ოთო, რაღაც ბედი გწყალობს, ყოველთვის კარგი პარტნიორები გყავს...

- დავიწყებ იმით, რომ საერთოდ, ჩემი პარტნიორია ჯულიანა ბარგნარი. მისი სახით მაგარი მეწყვილე მყავს.

"ცეკვავენ ვარსკვლავებშიც" ყველა სეზონზე მაგარი პარტნიორები მყავდა: ნუკი კოშკელიშვილი, რუსკა მაყაშვილი. ახლა III სეზონი მიმდინარეობს და კიდევ ყველაზე მაგარი პარტნიორი - იულია ქავთარაძის სახით მე მყავს. სასიხარულოა, რომ კარგი მეწყვილეები მხვდება...

- მუშაობის პროცესში პარტნიორისგან რას ითხოვ?

- ცეკვის დროს უნდა იფიქროს და თუ რაიმე შენიშვნას ვაძლევ, მის გამოსწორებაზე უნდა იზრუნოს და ზედაპირულად არ უნდა იცეკვოს. იულია ჩემს მითითებებს კარგად ართმევს თავს, ყველაფერს მიჯერებს, ნიჭიერი გოგოა. რასაც ვეუბნები, მაშინვე ითვისებს. ჯერჯერობით, ჩვენი რეპეტიციები და ვარჯიშები კარგად მიმდინარეობს და ხელი არაფერს შეუშლია...

- საერთოდ, რამდენი ხანია ცეკვავ?

- 6 წლიდან ვცეკვავ და ახლა 19 წლის ვარ... ეს საქმიანობა ჩემთვის ყველაფერია... ძალიან გვინდა, რომ გავიმარჯვოთ. საერთოდ, ნებისმიერი მოცეკვავე, როდესაც კონკურსში მონაწილეობს, გამარჯვებისკენ ისწრაფვის. ეს იქნება "ცეკვავენ ვარსკვლავები" თუ ჩემი და ჯულიანას რაიმე კონკურსი, ყველგან იმისთვის ვმონაწილეობთ, რომ გავიმარჯვოთ და პირველები ვიყოთ!

- სამეჯლისო სპორტული ფედერაციის კონკურსებში კი მონაწილეობთ, მაგრამ ასეთი პოპულარულები ვერ გახდებოდით, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" რომ არ მონაწილეობდეთ?

- კი, რა თქმა უნდა, ბევრი წელია, მე და ჯულიანა საქართველოსა და კავკასიაში ჯერჯერობით ჩემპიონები და პირველები ვართ. გარდა ამ სფეროს ადამიანებისა, არავინ გვიცნობდა. ამ პროექტმა პოპულარული გაგვხადა, გზა გაგვიკვალა, ჩვენი ცეკვების პოპულარიზაციაც მოხდა და კარგია. ამიტომ უნდა დაგვიმესიჯონ და ხალხს იმედებს არ გავუცრუებთ, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ჩვენი ნომერია: 95-105.

- ოთო, იცი, რომ შენი და იულიას შესახებ ჭორები დადის?

- რა ჭორები?

- თითქოს შენ და იულია ისე დამეგობრდით, რომ უკვე ერთადაც ცხოვრობთ...

- ერთად ნამდვილად არ ვცხოვრობთ. მე ჩემი სახლი მაქვს... უბრალოდ, ვვარჯიშობთ და დღის უდიდეს ნაწილს ერთად ვატარებთ.

- რადგან სულ ერთად გხედავენ, ვიღაცებმა გადაწყვიტეს ეთქვათ, რომ ერთად არიანო...

- არ ვიცი, ვინ რა დაინახა და არც ვიცი, ამ კითხვაზე როგორ გიპასუხოთ. დროის უმეტეს ნაწილს ერთად ვატარებთ. დღე და ღამე ვვარჯიშობთ, 24-საათიანი რეჟიმი გვაქვს და ჩვენ შორის მართლა არაფერი ხდება.

- იმასაც ამბობენ, ოთოს როგორი შეფერებული აქვს, რომ ასეთი მაგარი პარტნიორი ჰყავსო...

- ასეთი პარტნიორის გვერდით დგომას ნებისმიერი ბიჭი შეიფერებს. მე ნუკისაც ვიფერებდი, რუსკასაც და იულიასაც ვიფერებ (სიცილით ამბობს) და ამაში არაფერია გადაჭარბებული...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-თვის

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო: "ამ გოგომ ცოცხლად შეგვჭამა" - იულია ქავთარაძის ემოციური "რუმბა" და გოჩა ჩერტკოევის 10-იანი

იხილეთ ბმული

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება