ავტორი:

როგორები არიან ლომები სინამდვილეში - ის, რაც მათ საკუთარი თავის შესახებ უნდა იცოდნენ

როგორები არიან ლომები სინამდვილეში - ის, რაც მათ საკუთარი თავის შესახებ უნდა იცოდნენ

ლომები რაღაცით გამორჩეული, საკუთარი ღირსების გრძნობით სავსე, დიდსულოვანი ადამიანები არიან. ცისფერსისხლიანობა არ სჭირდებათ იმისთვის, რომ მეფური მანერები ჰქონდეთ. არისტოკრატული ბუნება მათ შემთხვევაში დაბადებით თანდაყოლილია. უჩვეულო თავდაჯერებულობის წყალობით ხშირად ამპარტავანი, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე პიროვნებების შთაბეჭდილებასაც ტოვებენ, მაგრამ ეს ზედაპირული დასკვნაა და მეტ ჩაღრმავებას საჭიროებს:

თქვენ შესაძლოა მართლაც გრძნობდეთ თავს ძალიან მნიშვნელოვან პიროვნებად, თუმცა ეს ყველაფერი ძალიან კეთილშობილური სურვილის წიაღში იღებს სათავეს - გინდათ სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოთ. ლიდერობის პოტენციალს გრძნობთ და ეს პასუხისმგებლობას გაკისრებთ, თითქოს ღვთისგან ბოძებული ნიჭის ფუჭად დაკარგვა არ გსურთ. თანაც თუკი მზე დაზიანებული არ არის, სხვების გზიდან ჩამოცილების ხარჯზე, მუჯლუგუნებით და ფეხის დადებით კი არ შეეცდებით წინსვლას და პოპულარობის მოპოვებას, ღირსეული და ამაყი ნაბიჯებით ივლით არჩეულ გზაზე.

ლომების უმთავრესი მოტივაცია ადამიანების აღიარების და სიყვარულის დამსახურებაა, სანაცვლოდ კი თავადაც წრფელ გრძნობებს, დაფასებას და სიხარულის მინიჭებაზე ზრუნვას ჰპირდებიან ყველას.

თქვენი სუსტი წერტილი - პატივმოყვარეობაა. ყურადღების ცენტრში ყოფნა მოგწონთ, პროჟექტორების შუქი, სცენა… თაყვანისმცემლებისგან იღებთ სასიცოცხლო ენერგიას. შექებაზე მძაფრად რეაგირებთ, კომპლიმენტები გაბრმავებთ და ილუზიებს გიქმნით. თქვენი მოტყუება ძალიან ადვილია. არ არის საჭირო ყველა პირმოთნე ადამიანის ლაქუცზე "ძირს გაწოლა" და "კრუტუნი". თუკი მოახერხებთ და აპლოდისმენტების მოსმენის სურვილზე მაღლა დადგებით, ცირკის ლომად ვერავინ გაქცევთ. სხვების შეფასებაზე რაც უფრო ნაკლებად იქნებით დამოკიდებული, მით უფრო მეტს მიაღწევთ.

ზოგადად, დაზიანებული მზე ლომში - ყოყლოჩინა, კუდაბზიკა, შურიან და მანერულ ადამიანებს შობს, რომლებიც ყველას ზემოდან უყურებენ და მხოლოდ საკუთარი თავით არიან მოცულნი, ჰარმონიულ გამოვლინებაში კი - ამაყ, ღირსეულ და თავდაჯერებულ ტიპაჟებს, რომლებიც სხვებსაც ეხმარებიან ნიჭის რეალიზაციაში.

ბუნებრივი ქარიზმატულობის და ძლიერი ენერგეტიკის მიუხედავად, ხშირად ზარმაცი და ფუქსავატი ადამიანების იმიჯიც გაქვთ ხოლმე, თუმცა ვინც თქვენ ასეთად მოგიაზრებთ, მათ მხოლოდ მზეზე ნება-ნება გაშოტილი მეფური იერის მქონე ლომები უნახავთ და არ ჰქონიათ ნადირობის პროცესის ყურებით ტკბობის პატივი. თქვენ გიყვართ ფუფუნების საგნები, მდიდრული წვეულებები, ძვირფასი ტანსაცმელი, ნივთები… და ძალიან კარგად იცით, ეს ყველაფერი ციდან ყოველთვის არ ცვივა (თუმცა თქვენთან ხანდახან ცვივა კიდეც). თუკი საჭირო გახდა, შრომა ნამდვილად არ გეთაკილებათ და არც ვინმეზე ნაკლები შეგიძლიათ. უბრალოდ წუწუნი თქვენი სტილი არ არის, "აქამდე არასოდეს დაეცემით". არც შავი დღისთვის გადანახვა გჩვევიათ. "ცხოველთა მეფე" მაშინ "შრომობს", როდესაც შია, მერე კი განცხრომას მიეცემა ხოლმე.

უსაშველოდ კეთილი ხართ და კაცთმოყვარე. გულუხვობა თქვენი ბუნებრივი თვისებაა და არა შეძენილი, ნასწავლი და მიზანშეწონილი ქმედება. ბევრი ფიქრობს, რომ თქვენი "სიკეთე" შთაბეჭდილების მოხდენის მცდელობაა, თუმცა თქვენი დადანაშაულება ბოროტ ზრახვებში დიდი უნამუსობა იქნება და ეგებ ძვირადაც დაუჯდეს მთქმელსაც. კეთილმოსურნე, ბედნიერი და მხიარული ლომები, ამ დროს საშიშები ხდებიან. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ბუნებისთვის მიმტევებლობა სულაც არ არის უცხო და წაქცეულსაც არასოდეს ურტყამთ, საშინლად იმპულსური ხართ. გსურთ, რომ კარგ ადამიანად მიგიჩნევდნენ და როდესაც ასე არ ხდება, თქვენს მრისხანებას არ აქვს საზღვარი.

ბუნებით ექსტრავერტი ადამიანი ბრძანდებით, უფრო მეტად ტრადიციების მოყვარული და ძალიან ერთგული. ადამიანების, ადგილების და სიტუაციების ამოჩემება გჩვევიათ. იშვიათად ნებდებით და იშვიათად ანებებთ ხოლმე რამეს თავს. სიჯიუტისა და ოპტიმიზმის წყალობით ადამიანებზე იშვიათად ამბობთ უარს, სანამ ხაზს გადაუსვამდეთ, ბოლომდე ცდილობთ მასში კარგი მხარეების დანახვას. როცა რამე ფუჭდება, ყოველთვის საკუთარ თავს ადანაშაულებთ, თითქოს ყოველთვის ყველაფერი მხოლოდ თქვენზე იყოს დამოკიდებული. სამყაროს იდეალისტურად უყურებთ. გგონიათ ყველა თქვენნაირად დიდსულოვანი და ღირსეული ადამიანია და ამიტომ ხშირად ცდებით შეფასებისას.

ყველაფერს შემოქმედებითად უდგებით. კრეატიული ხართ, იუმორის გრძნობით სავსე, იცით როგორ გაართოთ პუბლიკა, როგორ აგრძნობინოთ ადამიანებს თავი კარგად და ამიტომ საზოგადოებასაც უყვარხართ, პოპულარული ხართ, თუნდაც იმ წრეში, რომლებიც გიცნობენ. სამყარო თქვენ გარშემო ბრუნავს. თქვენ ცენტრი ხართ. ეს მზის ძალიან კარგი მდებარეობაა, რადგან მზე ლომის მმართველია და თავის ბუნებას ამ ნიშანში ყველაზე კარგად ავლენს.

5 ივლისს მთვარის დაბნელებაა - ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელზეც ის დიდ გავლენას მოახდენს

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპებისთვის - "სიყვარულისა და ვნების თვე დაგიდგათ"

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულებისთვის - როგორი თვე ექნებათ ზოდიაქოს ამ ნიშნებს