ტიპურ სასწორებს სოციალური და ინტელექტუალური ხალხის იმიჯი აქვთ. კარგად აღზრდილი, თავაზიანი, კარგი მანერების მქონე ადამიანების. მათთან ურთიერთობა ადვილია, რადგან თავად არიან მოწადინებულნი ჰარმონიულ ურთიერთობებს და ენერგიის უდიდეს ნაწილს კონფლიქტების თავიდან არიდებაში ხარჯავენ. ძალიან დახვეწილი და ფაქიზი, მშვენიერების ტრფიალისკენ მიდრეკილი ბუნება გაქვთ, მუდამ ყველაფრის დარბილებას, გაწონასწორებას ცდილობთ.
თეორიულად, თქვენ მშვიდობისმოყვარე ადამიანი ხართ, პრაქტიკულად კი - უამრავი პრობლემა შეიძლება შეიქმნათ გზაზე. რატომ? იმიტომ, რომ ყველას და ყველაფერს ვერასოდეს მოერგებით, ვერასოდეს მოეწონებით ყველას ერთნაირად. ყველა სიტუაციიდან სუფთად გამოძრომის მცდელობით, არასაიმედო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ მხოლოდ. მართალია, თქვენი მოტივაცია ჰარმონია და სამართლიანობაა, მაგრამ ხანდახან შემოვლითი გზების ძიების და კომპრომისებზე წასვლის ნაცვლად პირდაპირობაა საჭირო.. კამათი გიყვართ, მაგრამ საბოლოოდ მაინც სხვების აზრს ჩათვლით უფრო მნიშვნელოვნად. მშვიდობა ნებისმიერ ფასად! აი, თქვენი დევიზი… თითქოს ძალიან უწყინარია, მაგრამ შედეგი ძალიან ცუდი შეიძლება მოიტანოს.
გარშემომყოფები ამას მიმართულების არქონასა და გადაწყვეტილების მიღების უუნარობაში გითვლიან. ის, რომ ვინმეს დადანაშაულებას ერიდებით, შეიძლება აღიქვან, როგორც პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობა. "მეე? არა, უბრალოდ არ მინდა რომ ვიჩხუბოთ!" აი, თქვენი პოზიცია კონფრონტაციის დროს. "მეორეს მხრივ", "მაგრამ", "თუ გავითვალისწინებთ, რომ…", "მედალს ორი მხარე აქვს" და ა.შ. აი, თქვენი სამეტყველო ფრაზები. მუდმივი კომპრომისი, დათმობა… მაშინაც კი, როცა იბრძვით.
სხვა მეომარმა ნიშნებმა დიპლომატიურობა სისუსტედ შეიძლება ჩაგითვალონ, მაგრამ ესეც ერთ-ერთი მოსაზრება იქნება მხოლოდ. თქვენ გარეშე ხომ სამყარო სამართლიანი არ იქნებოდა.
კარგად იცნობთ სოციუმს, ერკვევით კანონებში, იცით რა არის მიღებული, რა მიუღებელი. იცით სად რა ჩაიცვათ, როგორ მოიქცეთ, ვისთან როგორ ილაპარაკოთ… მოგწონთ შედარებებით საუბარი და ფიქრი - ეს კერძი კარგია, მაგრამ გუშინ უკეთესი იყო. მშვენიერი ვარცხნილობა გაქვს, მაგრამ ერთი თვის წინ რომ გქონდა, ის უფრო გიხდებოდა. გინდათ საუკეთესოს მიაგნოთ, გაარკვიოთ, რა არის სწორი და რა - არასწორი…
ნება სუსტი გაქვთ, ადვილად ექცევით სხვების აზრის, ზეგავლენის ქვეშ, ითვალისწინებთ საზოგადოების შეხედულებებს, ტენდენციებს. ეჭვი გეპარებათ საკუთარ თავში, გაკლიათ თავდაჯერება.
გამუდმებით პარტნიორების ძიებაში ხართ, სხვების გარეშე თავს ბედნიერად ვერასოდეს გრძნობთ. რომანტიკული ხართ და ესთეტი. მოგწონთ ინტელექტუალური ადამიანები და დახვეწილი ურთიერთობები. გაინტერესებთ ფილოსოფია. ყოველთვის ფაქტებით ლაპარაკობთ და რაციონალურად ცხოვრებას ცდილობთ. ადვილად იღებთ ტრავმებს. პატარა რამეები გწყინთ. სულ მცირე უტაქტობა და უხეშობა გიფუჭებთ ხასიათს. როცა წონასწორობას კარგავთ, შეცდომას შეცდომაზე უშვებთ, თუმცა ამის აღიარება არ გიჭირთ.
ვერ იტანთ ვულგარულობას, უკულტურობას, თავხედობას. კომუნიკაბელური, თუმცა ცოტა დისტანციური ბრძანდებით. პრობლემებს სულ სხვადასხვა ჭრილში განიხილავთ. უამრავი წინააღმდეგობით ხართ სავსე - პროვოკატორისა და სიტუაციის განმმუხტველის როლში ერთდროულად შეგიძლიათ ყოფნა.
იდეალისტობისა და გადაჭარბებული მოლოდინების გამო, შესაძლოა ბევრჯერ გაგიცრუვდეთ იმედი, რადგან ცხოვრება გამუდმებით უამრავი არჩევანის წინაშე გვაყენებს. თუკი არ მიეჩვევით აწმყოთი ცხოვრებას, გადაწყვეტილებების დროულად მიღებას და მერე მიღებული გადაწყვეტილების გამო დარდზე უარის თქმას, მთელ ცხოვრებას მერყეობასა და მოუსვენრობაში გაატარებთ.