ავტორი:

ვისზე იმოქმედებს ტრანსფორმაციული ახალმთვარეობა და მზის დაბნელება მორიელში

ვისზე იმოქმედებს ტრანსფორმაციული ახალმთვარეობა და მზის დაბნელება მორიელში

25 ოქტომბერს, 15 საათზე ახალმთვარეობას და მზის დაბნელებას ველოდებით მორიელის ზოდიაქოში. ახალმთვარეობა არის ცხოვრების ახალი ციკლის დასაწყისი. ამავე დღეს იხსნება დაბნელებების დერეფანი, რომელიც დასრულდება 8 ნოემბერს, სავსემთვარეობითა და მთვარის დაბნელებით. დაბნელებების დერეფნის გავლის დროს მორიელის მმართველი პლანეტა მარსი რეტროგრადულ სვლაში გადავა 2023 წლის 12 იანვრამდე. ამ პერიოდში კარგი იქნება, თუ მიუბრუნდებით დაწყებულ, გადადებულ საქმეებს, პროექტებს და მოაგვარებთ მათ. 25 ოქტომბრიდან, 2023 წლის 18 იანვრის ჩათვლით (გაითვალისწინეთ, რომ 29 დეკემბრიდან გონების მმართველი პლანეტა მერკურიც რეტროგრადულ სვლაში გადავა 18 იანვრამდე), არ გირჩევთ საბედისწერო გადაწყვეტილებების მიღებას, მნიშვნელოვანი საქმეებისა და პროექტების დაწყებას, რაც რთული ან შეუსრულებელი მოგეჩვენებათ. ეს დრო უმჯობესია, დაუთმოთ უკვე დაწყებულის განვითარებას ან დასრულებას.

მორიელში ახალმთვარეობა და მზის დაბნელება მეტ პასუხისმგებლობასა და დაკვირვებას მოითხოვს ახალი საქმეების დაწყებისას. თუ საკუთარ თავში, ძალებში დარწმუნებული არ ხართ, ნუ მოკიდებთ საქმეს ხელს. მზის დაბნელებას აქვს თავისი მინიშნებები. სასურველია, გააუმჯობესოთ დამოკიდებულება მამასთან, მეუღლესთან, უფროსთან. უნდა მოერიდოთ ეგოისტურობას, გათავისუფლდეთ თვითტკბობისა და ბაქიბუქობისგან. გარდა ამისა, მზე სამედიცინო ასტროლოგიაში მართავს გულს და ეცადეთ, გაიუმჯობესოთ მისი მდგომარეობა, მუშაობა. გათავისუფლდეთ ქრონიკული დაღლილობისა და აპათიისგან. ახალმთვარეობას და სავსემთვარეობას მგრძნობიარე ადამიანები რამდენიმე დღით ადრე გრძნობენ (ზოგიერთი კი დაბნელებების დერეფნის გახსნიდან ერთი კვირით ადრე და დახურვიდან ერთ კვირის შემდეგ). მზის დაბნელება განსაკუთრებით იმოქმედებს ჰიპერტონიკებზე, მათზე, ვისაც გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებები აწუხებთ და წინასწარ გაფრთხილდით, მიიღეთ შესაბამისი ზომები. ზოგიერთმა კი შეიძლება მხოლოდ მსუბუქი დაღლილობა იგრძნოს. იმატებს ემოციურობა, უსაფუძვლო შიშები, შფოთი, მაგრამ ნუ შეშინდებით, დაბნელეების დერეფანი თან გაიყოლებს ყველა სირთულეს. უბრალოდ, ეს არის გამოცდის დრო, რამდენად გაუძლებთ ზეწოლას, სირთულეებს, ცდუნებებს. ეცადეთ, ამ დღეს დილიდან პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოთ. ბოლო დროს, რატომღაც მზისა და მთვარის დაბნელებებით გვაშინებენ და ნუ აჰყვებით ხმებს. იყავით თავდაჯერებული, რომ ყველაფერი საუკეთესო გელოდებათ ცხოვრებაში, რომ ამქვეყნად განსაკუთრებული მისიით ხართ მოსული. მაგრამ პატარა გაფრთხილება მაინც საჭიროა. ნუ გააფორმებთ ამ დღეს ხელშეკრულებებს (პლუს/მინუს 2-3 დღე), ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს; ნუ დანიშნავთ გეგმიურ ოპერაციას; ნუ გააფორმებთ ოფიციალურ ქორწინებას. დაბოლოს, ნუ გაუკეთებთ გარშემო მყოფებს ცუდს. პირიქით, თუ შეგიძლიათ, დაეხმარეთ ახლობლებს. აგრეთვე კარგია, ლოცვა, ზომიერება კვებაში, მედიტაცია.

ახალმთვარეობის და სავსემთვარეობის დღეს იყავით მშვიდი, პოზიტიური, მოერიდეთ მზისთვის ყურებას შეუიარაღებელი თვალით. გაეცალეთ აგრესიულად განწყობილ ადამიანებს. მიმართეთ თქვენი ენერგია კეთილი საქმეებისკენ. მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. ახალმთვარეობაზე ჩამოწერეთ სამომავლო მიზნები, გეგმა. უმჯობესია, ადრე დაწყებული საქმეების განვითარებასა და დასრულებაზე იყოთ ორიენტირებული. დაბნელებების დერეფანი გაძლევთ შესაძლებლობას, რომ კორექტივები შეიტანოთ თქვენს იღბალში, გათავისუფლდეთ შინაგანი და გარეგანი პრობლემებისგან. გაიხსენეთ, რა საქმე, პროექტი დაიწყეთ 18-19 წლის წინ. შეიძლება ახლა დაასრულოთ ის. ან პირიქით, ახლა ჩაუყაროთ საფუძველი იმ საქმეს, რასაც მომდევნო 18-19 წლის განმავლობაში შეასრულებთ.

25 ოქტომბერს, ახალმთვარეობის და სავსემთვარეობის დღეს მზე და მთვარე მორიელის ნიშანში, მე-3 გრადუსში არიან შეერთებულები. მათ გვერდითაა სიყვარულისა და ფულის პლანეტა ვენერა. მორიელი არის ტრანსფორმაციული ნიშანი. ის არ უშინდება დაბრკოლებებს, სირთულეებს. პირიქით, წინაღობების გადალახვა კიდევ უფრო აძლიერებს. თქვენ უნდა გადახედოთ თქვენს ცხოვრებას, მოიცილოთ ყველაფერი ძველი და გამოუსადეგარი, უნდა მოემზადოთ ახლის, ცვლილებებისთვის. დაფიქრდით, რა გსურთ, რას უნდა მიაღწიოთ. ნუ ეცდებით სამყაროს ან ვიღაცის შეცვლას, თავად შეიცვალეთ, თავად გახდით უკეთესი. ნუ შეუშინდებით ცხოვრებისეულ გამოწვევებს, დაბრკოლებებს, მოულოდნელობებს. სტანდარტული მოქმედება შეცვალეთ ორიგინალურით, გამონახეთ ახალი, მაგრამ პატიოსანი გზები სასურველის მისაღწევად. ნუ შეუშინდებით საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას, ზედმეტ ვალდებულებებს. მაგრამ აქვე გაგაფრთხილებთ, რომ იყოთ დაკვირვებული ცხოვრების ყველა სფეროში, რადგან მორიელის მმართველობის პერიოდში იმატებს კრიმინალი, ავარიები, დაპირისპირებები. გარდა ამისა, გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. იყავით მომართული ჰარმონიულობაზე. არ გირჩევთ ეჭვიანობით და მესაკუთრეობით (რაც მორიელში მყოფ ვენერას ახასიათებს) სასიყვარულო ურთიერთობის დასამარებას.

2022 წლის იანვრიდან 2023 წლის ივლისამდე კარმული კვანძები მორიელი-კუროს - რესურსების ღერძზე არიან განლაგებულნი - აღმავალი - კუროში, დაღმავალი - მორიელში. კურო არის სიცოცხლის, ხოლო მორიელი - გარდაცვალების სიმბოლო. კურო კომფორტის მოყვარულია, მატერიალურ კეთილდღეობაზე ორიენტირებულია. ახასიათებს მიჯაჭვულობა და ეშინია არ დაკარგოს ის, რასაც წლობით აგროვებდა. მორიელი არის ტრანსფორმაცია, ექსტრემალური სიტუაციები, ბრძოლა, კრიზისი, ძალისმიერი სტრუქტურა. 25-ში მზე და მთვარე დაღმავალ კვანძთაა, რაც მიგვითითებს, რომ უნდა გავთავისუფლდეთ ძველისგან, წარსულისგან. უნდა მოხდეს ტრანსფორმაცია და გამორიცხული არაა, ეს შეეხოს მორიელით მართულ სფეროებს: საბანკო, სამემკვიდრეო საკითხებს. იყავით დაკვირვებული ფინანსური საკითხების მოგვარებისას. საკადრო ცვლილებები მოსალოდნელია სახელმწიფო სტრუქტურებში, ადამიანებმა შეიძლება დაკარგონ ძალაუფლება, კაპიტალი.

ვისზე იმოქმედებს ახალმთვარეობა და მზის დაბნელება ყველაზე მეტად: მათზე, ვინც დაბადების დღეს აღნიშნავს 23-27 ოქტომბრის, 20-24 აპრილის შუალედში. თქვენ ცვლილებები გელოდებათ; დაუკვირდით რა ინფორმაციას იღებთ, დაუკვირდით დეტალებს. ჩაიხედეთ პირად ასტროლოგიურ რუკაში, რომელი პლანეტა, სახლის კუსპიდი ან მნიშვნელოვანი წერტილი ხვდება მორიელის პირველი-მეხუთე გრადუსში. ცვლილებები გელოდებათ მათთან დაკავშირებით. 23-27 ივლისისა და 20-24 იანვრის შუალედში დაბადებულებს მეტი დაკვირვებულება გმართებთ. იყავით მომართული კეთილი საქმეების შესრულებაზე. დააკვირდით, რა მოხდება თქვენს ცხოვრებაში, ვინ გამოჩნდება ან რა სიტუაცები გექნებათ.

გაეცანით ახალმთვარეობის ასტროლოგიურ პროგნოზს, რათა უკეთ დაგეგმოთ თქვენი ცხოვრება მთვარის ამ თვეში.

ბედნიერ ახალმთვარეობას და მზის დაბნელებას გისურვებთ!