ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში 2021 წლის ზოგად ასტროლოგიურ მიმოხილვას აქვეყნებს:
"აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2021 წელი ლითონის (თეთრი) ხარის წელი იქნება. ის 2021 წლის 11 თებერვალს (თბილისის დროით 23:06 საათზე) დაიწყება და 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
ხარის წლის ზოგადი დახასიათება (სამუშაო, ოჯახი, სამშობლო)
ხარის წლისთვის დამახასიათებელია მოვლენების მიზანმიმართული, მეთოდური და სისტემური განვითარება. სიტუაციები წინა წლისგან განსხვავებით ნელა, მაგრამ სტაბილურად იცვლება. არეული მოვლენები ლაგდება, ხოლო ქაოსური და უწესრიგოდ განვითარებული სიტუაციები სტაბილურდება და მშვიდ კალაპოტში ექცევა. თუმცა ეს პროცესი ადამიანებისგან ითხოვს უდიდეს ყურადღებას, ორგანიზებულობას და დისციპლინირებულობას, ასევე შეუპოვრობას და წარმატების ნაბიჯ-ნაბიჯ მიღწევას. ხარის წელში გამარჯვების მოსაპოვებლად აუცილებელია შემდეგი თვისებების გამოვლენა: მოთმინება, თავშეკავებულება, სიდინჯე, გაწონასწორებულობა, სიზუსტე, შრომისმოყვარეობა და მეთოდურება. ნეგატიური თვისებებიდან შედარებით გაძლიერდება უხეშობა, სიჯიუტე, სწორხაზოვნება, დოგმატურობა და ფანატიზმი.
რას უნდა ველოდოთ 2021 ლითონის (თეთრი) ხარის წელს
2021 წელი - აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით, ხარის წელს შეესაბამება (ასევე ხარის წელი იყო: 1913, 1925, 1937, 1949, 1961, 1973, 1985, 1997, 2009 წლები). დამდეგი წლის სტიქია - ლითონია და თეთრ (ყვითელ) ფერთან ასოცირდება.
ხარი - ეს აღმოსავლური ზოდიაქოს მეორე ნიშანია. აღმოსავლეთში და განსაკუთრებით ტიბეტში ის წმინდა ცხოველად მიიჩნევა. ლეგენდის თანახმად, ლაო-ძი სწორედ ხარჯზე (კამეჩზე) შემჯდარი გაეშურა უკვდავების საძიებლად. ინდუისტური და ბუდისტური ღმერთი იამა სწორედ ხარის ფორმას იღებს, რომ კოსმიური ჰარმონია აღადგინოს. აღმოსავლეთში ხარის წელს მიიჩნევენ ძველი ცოდვებისგან, ილუზიებისგან გათავისუფლების წლად. სწორედ ამიტომ ეს წელი შორს დგას ფუჭი დაპირებებისგან და ილუზიურ-ფანტასმაგორიული იდეებისგან. ადამიანები ამ წელს რეალობას ყველაზე კარგად აღიქვამენ და შექმნილ მდგომარეობას აცნობიერებენ.
ხარი - აღმოსავლურ ასტროლოგიაში მიიჩნევა ადამიანის კარმული ვალის სიმბოლოდ, ვალის, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას გადახდილი, ამიტომ, ადვილი შესაძლებელია ამ წელმა მოიტანოს მთელი რიგი პასუხისმგებლობები, რომლებიდან თავის დაღწევაც წინა წლებში ადვილად ხდებოდა. ამ წელს დალაგდება-დასტაბილურდება ბევრი ქაოსური სიტუაცია, ხოლო დაძაბული ურთიერთობები შედარებით შერბილდება, ხისტი მოქმედებები იმთავითვე მარცხისთვის იქნება განწირული, თუმცა დიპლომატიისა და ტაქტის ამოწურვის შემდეგ, მოსალოდნელია საკმაოდ მრისხანე და დამანგრეველი მოქმედებები, ასე რომ, დიპლომატიას ხარის წელში ალტერნატივა არ გააჩნია.
ხარის წელში როგორც პირადულ, ისე სახელმწიფოებრივ დონეზე ურთიერთობები სტაბილურდება, დაპირისპირებული მხარეები პოულობენ საერთო ენას და უმეტეს შემთხვევაში შეთანხმებას აღწევენ.
ხარის წლის ძირითადი ტენდენციებია - შრომისმოყვარეობა, დამოუკიდებლობა, მიზანსწრაფვა, ენერგიულობა, ნეგატიური კუთხით კი აგრესია, სიჯიუტე და რაც მთავარია, დამანგრეველი ძალა (წარმოიდგინეთ კორიდის დროს გაცეცხლებული ხარი და ყველაფერი ნათელი გახდება), ამიტომ, დამდეგ წელს ნებისმიერ მოუფიქრებელ და იმპულსურ მოქმედებას შესაძლოა, საკმაოდ უხეში და აგრესიული პასუხი მოჰყვეს.
როგორც წესი, ხარის წელი სასიკეთო და პერსპექტიულია მათთვის, ვინც გაბედულად და ჯიუტად იწყებს საკუთარი გეგმების განხორციელებას. თუმცა აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ბევრი პროექტი თუ ურთიერთობა შესაძლოა გამოცდის წინაშე დადგეს. ყველა აბსტრაქტული, ექსტრავაგანტური, რისკიანი პროექტი გამოიწვევს კრიტიკას და მოსალოდნელია სერიოზული რისკების ქვეშ დადგეს.
ხარის წელი სასიკეთოა მიწათმოქმედებისთვის, სოფლის მეურნეობისთვისა და ფერმერული საქმიანობისთვის, ამიტომ, სასურველია ამ სფეროებს ჩვეულებრივზე მეტი ყურადღება მიექცეს. მიწის დამუშავება, ფერმერობა-მეცხოველეობის განვითარება, ასევე მშენებლობა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები ადვილად მოგვარდება და უმეტეს შემთხვევაში სასურველ შედეგებს მოიტანს.
კარდინალური ცვლილებები ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად უნდა განვითარდეს, იმპულსურობა და აჩქარებულობა შეცდომების დაშვებას შეუწყობს ხელს, რომლებიც მომავალში ძნელი გამოსასწორებელი იქნება. ხარის წელს ადამიანებს უწევთ წინა წლებში დაგროვილი შეცდომების გამოსწორება და ახალი შეცდომების დამატებამ მოსალოდნელია საკმაოდ არასასიამოვნო შედეგების დადგომა გამოიწვიოს.
ხარისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს პირად (ოჯახურ) ცხოვრებას, ამიტომ, ყურადღება უნდა მიექცეს ასევე ოჯახურ ურთიერთობებს და ოჯახის წევრთა პრობლემებს . სიყვარულსა და ოჯახურ ურთიერთობებში სასურველია მოთმინებისა და ყურადღების გამოჩენა. ხარი „მფარველობს“ ოჯახურ კეთილდღეობასა და ოჯახურ შემოსავლებს, ამიტომ, მოსალოდნელია ოჯახში ახალი შენაძენები და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სასიამოვნო ცვლილებები.
2021 წელს „ინ“ (მდედრული) ენერგია მართავს. ეს კოსმოსური იმპულსების პასიურ გამოვლენაზე მიანიშნებს. აქედან გამომდინარე, ხარის წელს წარმატების მისაღწევად აუცილებელი იქნება აქტიურობისთვის სწორი დროის შერჩევა - რა დროს აქტიურობაა საჭირო და რა დროს დროულად გაჩერება. ამ წელს უფრო მეტ წარმატებას მოქნილობა და დიპლომატიურობა მოიტანს. ლითონის სტიქიის მდედრული ენერგია, ჩინურ მეტაფიზიკაში - ეს არის სამუშაო იარაღი (განსხვავებით 2020 წლის ელემენტის - „მამრული“ ლითონისგან, რომელიც საომარ იარაღად მოიაზრება). ეს მუხლჩაუხრელ და ქანცისგამწყვეტ შრომაზე მიანიშნებს, რათა აღმოიფხვრას ის კრიზისი და ზარალი, რაც 2020 წელს ახლდა.
ამ წელს ადამიანებმა გათვლა გრძელვადიან პროექტებზე, მოთმინებასა და შრომისმოყვარეობაზე უნდა გააკეთონ. წაიკითხეთ სრულად