როგორი მეგობრობა შეუძლიათ ზოდიაქოს ნიშნებს

როგორი მეგობრობა შეუძლიათ ზოდიაქოს ნიშნებს

კარგი მეგობრობა და ერთგულება ჩვენს საუკუნეში სანთლით საძებარია. გთავაზობთ რჩევას, როგორ შეარჩიოთ მეგობრები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და აქვე ისიც გეცოდინებათ, ვის როგორი მეგობრობა შეუძლია ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

ვერძი ერთგული მეგობარია. თქვენ გამო ნებისმიერ განსაცდელს უშიშრად შეუშვერს შუბლს, თუმცა იმავეს მოელის თქვენგანაც. ამიტომ თუ ასეთ ადამიანს უმეგობრდებით ორი რამ უნდა აიტანოთ: მისი სიფიცხე და მაქსიმალიზმი ხასიათში.

კურო ფრთხილად შემოდის კონტაქტში და მალე არავის უმეგობრდება. სამაგიეროდ, თუკი დრომ და თქვენმა საქციელმა მასში ნდობა გააღვიძა, მისი სახით ერთგულ, თავდადებულ მეგობარს იძენთ. ის არ ჩაიდენს თავზეხელაღებულ საქციელს თქვენთვის ვერძის მსგავსად, მაგრამ ყოველთვის იქნება მზად დაგეხმაროთ რეალური შესაძლებლობებით - მათ შორის ფულით.

ტყუპი არასტაბილური, მაგრამ ძალიან კარგი სამეგობრო ადამიანია. მასთან ერთად მოწყენა გამორიცხულია. ამიტომ თუკი ცუდ ხასიათზე ხართ, ის ყოველთვის შეძლებს თქვენს გაღიმებას. ტყუპს არ უყვარს ვალდებულებები, შესაბამისად, მეგობრობის გამო არავის, არაფერს ავალდებულებს. იმავეს ითხოვს თქვენგან.

კირჩხიბი ბუტია, ცოტა ფხუკიანია მეგობარია. მას ეჭვიანობაც ახასიათებს მეგობრობაში და ხშირად იმის გამო, რომ სხვა საერთო მეგობარს მეტ დროს უთმობთ შეიძლება "გაგიჭედოთ". სამაგიეროდ, მასავით მზრუნველი და მოსიყვარულე მეგობრის შეძენას ვერსად შეძლებთ. კირჩხიბები საკუთარ მეგობრებზე ისე ზრუნავენ ყოველთვის როგორც ოჯახის წევრებზე. ამიტომ მისი ნდობა ბოროტად არასოდეს გამოიყენოთ.

ლომი სამეგობროს სული და გულია. ღმერთმა ნუ ქნას პირველობაში შეეცილოთ. ისე კი, თუკი მისი "ქვეშევრდომის" როლით დაკმაყოფილდებით, მასზე უკეთეს მფარველ-მეგობარს ვერსად იპოვით. იგი ხშირად ეგოისტურად იქცევა, მაგრამ საკუთარი ნარცისიზმის კომპენსირებას მდიდრული საჩუქრებითა და ხელგაშლილობით ფარავს.

ქალწულს ფრთხილი ხასიათი აქვს და საკმაოდ პრეტენზიულია მეგობრების შერჩევაში. მას იშვიათად ჰყავს დიდი სამეგობრო, მით უმეტეს იშვიათადაა სამეგობროს სული და გული ლომის მსგავსად. სამაგიეროდ, ვისაც ნდობას გამოუცხადებს, მასზე ბოლომდე ზრუნავს. იგი მოგივლით ავადმყოფს, დაგამშვიდებთ დეპრესიისას. მოგიგვარებთ წვრილმან-მსხვილმან ბიუროკრატიულ ხლაფორთებს და წესრიგში მოიყვანს თქვენს სამზარეულოს, წინა ღამის "ალა-ფურშეტის" შედეგად. მისი მეგობრობა პრაქტიკულობას ეფუძნება.

სასწორი კეთილგანწყობილია ყველას მიმართ, ამიტომ ადვილად იძენს მეგობრებს. თუკი მასთან საერთო ინტერესებმა დაგაკავშირათ, ორმაგად სასიამოვნო იქნება თქვენი მეგობრობა. სასწორებს უყვართ მოდა, ხელოვნება, მუსიკა და სილამაზე. იგი სასიამოვნო მეგობარი და თანამოსაუბრეა. არ უყვარს რჩევების მიცემა, იმიტომ რომ თავადაც უჭირს ამ მხრივ. სამაგიეროდ, ძალიან უყვარს მოსმენა.

მორიელი იშვიათი სამეგობრო და სამტრო ადამიანია. მორიელთან დამეგობრებას წლები სჭირდება. მასთან ერთად მართლა "ერთი ფუთი მარილის" ჭამაა აუცილებელი, რომ ამ ადამიანმა თქვენში მეგობარი დაინახოს. მორიელები ეჭვიანები არიან, ამიტომ ბოლომდე ყველაზე ახლო მეგობრებსაც კი არ ენდობიან. სამაგიეროდ, თუკი გიმეგობრათ მისი სახით მყარ და ძლიერ დაცვას შეიძენთ, რომელიც მზადაა თქვენს მტრებს საკუთარივით დაუპირისპირდეს.

მშვილდოსანს მეგობრების გარეშე გაძლება არ შეუძლია, ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე მეგობრული და მხიარულია. მასთან დამეგობრება ნებისმიერს შეუძლია, ვისაც კარგი იუმორის გრძნობა და ოპტიმიზმი გააჩნია. როგორც მეგობარი უღალატოა და ხშირად მეგობრის ინტერესების გამო საკუთარს დაუფიქრებლად წირავს. გულკეთილი და გულუხვია, თუმცა იმედი უცრუვდება თუკი იმავეს არ გამოხატავენ მის მიმართ.

თხის რქა მეგობრებს დაკვირვებით და დიდი სიფრთხილით არჩევს. მისთვის სულ ერთი არ არის ის, თუ ვის ერქმევა სახელად მისი მეგობარი. თხის რქა დიდ ყურადღებას აქცევს მეგობრების სოციალურ წარმომავლობას, არა იმიტომ რომ სნობია, არამედ იმიტომ, რომ ღრმად სწამს ადამიანები, რომელთაც მსგავსი ფასეულობები გააჩნიათ გაცილებით უკეთ უგებენ ერთმანეთს.

მერწყულს უფლება რომ მისცეთ, მთელ მსოფლიოს დაიმეგობრებდა განურჩევლად სქესისას, რასისა, კანის ფერისა და აღმსარებლობისა. მერწყული კეთილმოსურნე და გახსნილია ნებისმიერი ადამიანის მიმართ. მისთვის თავად ადამიანებთან ურთიერთობა წარმოადგენს ცხოვრების უდიდეს სიხარულს და სტიმულს. ამიტომ ზოდიაქოს ერთ-ერთ ყველაზე მეგობრულ ნიშნებს შორისაა მერწყული.

თევზები ზოგჯერ პასიური, სავსებით არაკომუნიკაბელური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. თვითონ იშვიათადაა ინიციატორი მეგობრობის წამოწყებაში, სამაგიეროდ, არაჩვეულებრივი, გულისხმიერი და ერთგული მეგობარია. თევზის სახით თქვენ საუკეთესო მესაიდუმლეს იძენთ, მას საათობით შეუძლია ისმინოს თქვენი ყველაზე საშინელი საიდუმლოებები ისე, რომ ამის შესახებ სამომავლოდ არავისთან კრინტი არ დასცდეს.