13 მაისიდან 25 ივნისამდე სიყვარულის პლანეტა ვენერა რეტროგრადული , უკანმავალია. მართალია, ვენერა დიდი ხნით, 43 დღით იქნება რეტრო, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ. ვენერა არის ჩვენი ურთიერთობები, სიყვარული და ფული ანუ ყველაფერი ის, რაც ადამიანისთვის მნიშვნელოვნია.
რეტროგრადული ვენერას დროს არ გირჩევთ პლასტიკური ოპერაციების გაკეთებას (თუმცა გადაკეთება შესაძლებელია), ხელშეკრულებების გაფორმებას, ძვირად ღირებული და ფუფუნების ნივთების შეძენას. აგრეთვე, ნუ აიღებთ კრედიტს, არ დაქორწინდეთ და მოერიდეთ ახალი სასიყვარულო ურთიერთობის დაწყებას, მაგრამ ხელმეორე ქორწინება არ გეკრძალებათ. ნუ შეიცვლით იმიჯს, მაგრამ გადაკეთება შეგიძლიათ. აგრეთვე, ამ პერიოდში დაწყებული ფლირტი შეიძლება უსიამოვნოდ დასრულდეს.
რისი გაკეთება შეგვიძლია რეტროგრადული ვენერას დროს?
რეორგანიზება, რეკონსტრუირება. საკმარისი დრო გაქვთ, რომ დაასრულოთ ადრე დაწყებული საქმეები და შეძლებისდაგვარად გაისტუმროთ ვალები. აგრეთვე შეგიძლიათ იყიდოთ მეორადი ნივთები, სახლიდან გამოტანილი ანტიკვარიატი, ავეჯი ან თავად გაყიდოთ ის, რაც სიხარულს აღარ განიჭებთ.
ამ 43 დღის განმავლობაში გექნებათ სიტუაციები, როცა მოხდება ღირებულებების გადაფასება და სხვანაირად შეხედავთ სამყაროს. შეიძლება შეგეცვალოთ გემოვნება, შეხედულებები და გული აიცრუოთ იმაზე, რაც ადრე მოგწონდათ.
რეტროგრადული ვენერა საშუალებას მოგცემთ აღადგინოთ ურთიერთობა ყოფილ სასიყვარულო პარტნიორთან, ადამიანთან, ვისთანაც გაბუტული იყავით. და თუ თქვენი სიყვარული ისევ ცოცხალია, აუცილებლად მიეცით ერთმანეთს მეორე შანსი და ურთიერთობის განახლების შესაძლებლობა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჯერ ვერავინ შეძლო ცხოვრების უშეცდომოდ გავლა. ყველა სირთულე მიიღეთ, როგორც სიყვარულის გაკვეთილი. ეცადეთ, მოუსმინოთ და გაიგოთ პარტნიორის მოთხოვნები.
ვენერას რეტროგრადულ სვლას ყველაზე მძაფრად იგრძნობენ ტყუპის ზოდიაქის წარმომადგენლები. განსაკუთრებით 26 მაისიდან 12 ივნისის შუალედში დაბადებულები . საქმე ისაა, რომ ვენერა სამჯერ იქნება თქვენს ნიშანში სწორად მავალი, რეტროგრადული და ისევ სწორად მავალი. გარდა ამისა, ვენერას რთულ გაკვეთილებს საკუთარ თავზე გამოცდიან ქალწულები (28 აგვისტოდან 14 სექტემბრის შუალედში დაბადებულები), მშვილდოსნები (დაბადებულები 27 ნოემბრისა და 13 დეკემბრის შუალედში) და თევზები (26 თებერვლიდან 12 მარტის შუალედში დაბადებულები).
თუ პირადი ნატალური რუკა შედგენელი გაქვთ, დააკვირდით, პლანეტებს, რომლებიც 6-22 გრადუსში მდებარეობენ ტყუპის, ქალწულის, მშვილდოსნისა და თევზების ზოდიაქში. რეტროგრადული ვენერა თქვენც ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ და დარწმუნებულები ვართ, ცხოვრებისეულ გაკვეთილებსაც მიიღებთ. ზოგიერთისთვის ჭკუის სწავლება 10 აპრილიდან დაიწყო და 30 ივლისამდე გაგრძელდება.
ისინი, ვინც რეტროგრადული ვენერით დაიბადნენ, მათ სხვებზე მეტად უჭირთ სხვა ადამიანის ნდობა და გრძნობებისა და სიყვარულის ღიად გამოხატვა. შეიძლება არ უყვარდეთ, როცა ეხებიან და არც თავად ეხუტებიან გარშემო მყოფებს. ისწავლეთ სიყვარულის ღიად გამოხატვა ადამიანებისა და სამყაროს მიმართ. თუმცა, ამ პერიოდში რეტროგრადული ვენერას მფლობელები თავს უკეთ გრძნობენ, ვიდრე დანარჩენები.
გაიხსენეთ პერიოდები 2015 წლის 25 ივლისიდან 6 სექტემბრამდე და 2018 წლის 6 ოქტომბრიდან 16 ნოემბრამდე, რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში?.. ვენერა ამ დროსაც რეტროგრადული იყო.
რა გაკვეთილი შეიძლება მოგვიტანოს რეტროგრადულმა ვენერამ? ნუ იქნებით ეგოისტურად განწყობილი, ნუ ითხოვთ გადამეტებულ ყურადღებას, პირიქით. თავად გაეცით მეტი სიყვარული, მზრუნველობა, სითბო. გახსოვდეთ, რომ არავინ არაა თქვენ წინაშე ვალდებული, თავად უნდა იყოთ მადლიერი ყველაფრისა და ყველას მიმართ. სანამ თქვენი გული არ ისწავლის სიყვარულს და პატიებას (ამის სწავლა კი მარტივად შეიძლება), გულისტკივილსა და იმედგაცრუებას ვერ მოიცილებთ.