ავტორი:

ოქტომბრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: შეიძლება შეიცვალოს ისიც კი, რისი შეცვლაც აქამდე წარმოუდგენელი გეგონათ

ოქტომბრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: შეიძლება შეიცვალოს ისიც კი, რისი შეცვლაც აქამდე წარმოუდგენელი გეგონათ

ოქტომბერში პლანეტები აქტიურად მოძრაობენ: ქმნიან საინტერესო ასპეტებს, ზოგი დირექტულ სვლაში გადადის, ზოგი იწყებს რეტროგრადულ სვლას; იხსნება დაბნელებების დერეფანი. ეს მოვლენები ყველა ადამიანზე იქონიებს გავლენას, მაგრამ ზოგზე უფრო მეტად, ზოგზე - ნაკლებად. გაეცანით ყურადღებით ასტრომოვლენებს, დააკვირდით პერიოდებს, რათა უკეთ წარმართოთ თქვენი საქმეები, ცხოვრება.

მზე ახლა სასწორის ნიშანშია, 23 ოქტომბრამდე. საუკეთესო დროა სასწორების, ტყუპისა და მერწყულისთვის. 5 ოქტომბრიდან, როცა უკვე მერკური სწორ სვლაში იქნება, დაიწყეთ ახალი საქმეები, პროექტები, გააფორმეთ ხელშეკრულებები, შეიძინეთ სამგზავრო ბილეთები. სასწორი არის პარტნიორობის, ქორწინების, ჰარმონიულობის სიმბოლო და მზის სასწორში ყოფნის დროს სასურველია, გააუმჯობესოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან, ოჯახის წევრებთან, საქმიან პარტნიორებთან. იყავით მომართული დიპლომატიურობაზე. ხშირად დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს. გაინებივრეთ თავი ლამაზი ნივთებით, სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობით.

23 ოქტომბრამდე სასწორის მმართველი პლანეტა ვენერა სასწორში იქნება. ეს საუკეთესო დრო ურთიერთობის დასარეგულირებლად ჩვენს საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. აგრეთვე, მათთან, ვისთან ურთიერთობაც სიამოვნებას გვანიჭებს. კარგი იქნება, თუ დაკავდებით შემოქმედებითი საქმიანობით. შეყვარებულებმა შეიძლება დაწყვილება, დაქორწინება გადაწყვიტოთ.

თვის მნიშვნელოვანი მოვლენაა სატურნისა (ჩარჩოები, აკრძალვა) და ურანის (თავისუფლება, სიახლეები) დაპირისპირება. ასპექტი აქტიურია 25 სექტემბრიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით. ეს არის განახლების, ძველის ახლით შეცვლის პერიოდი. იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული. გაითვალისწინეთ წარსულის შეცდომები, რათა მომავალში დაცული იყოთ. ცვლილებები მოსალოდნელია სახელმწიფოებს შორისაც, ქვეყანაშიც, კომპანიებსაც და ოჯახებშიც. შეიძლება შეიცვალოს ისიც კი, რისი შეცვლაც აქამდე წარმოუდგენელი გეგონათ. ადამიანებსაც მოუნდებათ განახლება, ცვლილებები. კონსერვატიული შეხედულებები ინოვაციურებით შეიცვლება. მოიმატებს თავისუფლების, ჩარჩოებისა და სტერეორიპების დანგრევის სურვილი. სატურნი-ურანის დაპირისპირება ადრეც გვქონდა, ეს მეოთხე შემთხვევაა და გაიხსენეთ 2021 წლის 17 თებერვალი, 15 ივნისი და 24 დეკემბერი, რა ხდებოდა ამ დღეებში (პლუს/მინუს 5 დღე) რა ხდებოდა სამყაროში და თქვენს ცხოვრებაში.

2 ოქტომბერს მერკური რეტროგრადული ფაზიდან გამოვიდა. ახლა ის ჯერ ქალწულში, 11 ოქტომბრიდან კი სასწორში გადავა და 23 ოქტომბერს მორიელს ესტუმრება, 17 ნოემბრამდე. ახალი საქმეების დაწყებას თუ აპირებთ, უმჯობესია, დანაწილოთ და ნაბიჯ-ნაბიჯ, ნაწილ-ნაწილ შეასრულოთ. იყავით დაკვირვებული დეტალებაზე. მოიმატებს ანალიტიკური აზროვნება, საბუთებისა და აზრების მოწესრიგების სურვილი. სასწორისეული მერკური არის მომართული საქმიანი ურთიერთობის გაუმჯობესებაზე, ხელშეკრულებების გაფორმებაზე, თანამშრომლობაზე. მორიელში მერკურის გადავლის დროს (23 ოქტომბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით მზე მორიელში იქნება) განიცდის ტრანსფორმაციას, ევოლუციას. გააქტურდება კრედიტებისა და საბანკო საკითხების მოგვარება, დაინტერესდებით ინვესტიციით, მემკვიდრეობით, პარტნიორული ფინანსებით. გარდა ამისა, მოგინდებათ წვრილმანებსა და დეტალებში ძირისძირობამდე გარკვევა.

9 ოქტომბერს პლუტონი დირექტულ სვლაში გადავა. პლუტონი ნელა მოძრავი პლანეტაა, თითო ნიშანში რამდენიმე წელი სტუმრობს. სვლას სწორი მიმართულებით გააგრძელებს თხის რქის 27-ე გრადუსიდან. განახლდება საქმეები, რაც შეჩერებული, შეფერხებული იყო. განახლდება ძველი პროექტები, რაშიც შეზღუდული, ჩარჩოებში მოქცეული იყავით. ტრანსფორმაცია მოსალოდნელია სახელმწიფო სტრუქტურებში, ადამიანებს მოუნდებათ ზედმეტი მარწუხებისგან გათავისუფლება. დამოუკიდებლად არჩევნის გაკეთება ბიზნესსა და საქმიანობაში. გარდა ამისა, მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოავლინოთ იმ საქმეების მიმართ, რასაც ახლა ხელს მოკიდებთ. ვერც თხის რქა და ვერც პლუტონი ზედაპირობას და უპასუხისმგებლობას არ გაპატიებთ. პლუტონი იმდენჯერ გარდაგქმნით, სანამ სრულყოფილებას არ მიაღწევთ.

10 ოქტომბერს სავსემთვარეობას ველოდებით 00:55-ზე ვერძის მე-17 გრადუსში. სავსემთვარეობა არის შედეგის მიღების, საბოლოო წერტილის დასმის პერიოდი. მიიღებთ პასუხს თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვაზე, ჩამოყალიბდებით საკუთარ სურვილებსა და მისწრაფებებში. სავსემთვარეობის დღეს მზე და მთვარე ერთმანეთის მოპირდაპირე ნიშნებში არიან. მზე - სასწორში, მთვარე - ვერძში. გარდა ამისა, ამ დღეს ერთმანეთს უპირისპირდებიან სასწორის მმართველებიც - ვენერა და ქირონი. ამიტომ მაქსიმალურად გააქტიურებული იქნება პარტნიორული საკითხები. უნდა გამონახოთ ახალი გზები ძველი პრობლემების მოსაგვარებლად. ნუ გაამწვავებთ უკვე არსებულ კონფლიქტს, ეცადეთ, სასწორისეულად - დიპლომატიურად მოაგვაროთ. გაიზიაროთ ერთმანეთის მოთხოვნები და სურვილები. იყავით დაკვირვებული ფინანსურ თემებთანაც. ვერძი, სადაც სავსემთავრეობის დროს მთვარე იქნება, ფეთქებადი და აგრესიულია, მას ლოდინი არ უყვარს და ხანდახან დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებსაც კი იღებს, ამიტომ, ვართ ფრთხილი და გააზრებული ყველა საკითხთან მიმართებაში. ამასთან, სავსემთვარეობაც მუდამ ემოციურობის პიკია და ფრთხილად იყავით, რომ წამოსროლილმა ფრაზამ არ გაგიფუჭოთ ის კავშირი, თუ ურთიერთობა, რისი გადარჩენაც კიდევ შესაძლებელია. ეს ეხება პარტნიორულ ურთიერთობებსაც და ნათესაურსაც. იყავით მომართული მშვიდი საქმეების კეთებაზე, სრულყოფილებაზე. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, არ შეეჭიდოთ ერთდროულად რამდენიმე ვალდებულებას.

23 ოქტომბერი მნიშვნელოვანი დღეა: ამ დღეს მზე ვენერას შეერთებას ველოდებით, ვენერა სასწორის ნიშანს დატოვებს და მორიელში გადავა (16 ნოემბრამდე) და სატურნი დირექტულ ფაზას დაუბრუნდება. მორიელში მყოფი ვენერა საბედისწერო და ვნებიანა. ის პარტნიორისგან უფრო ითხოვს ერთგულებას და სიყვარულს, ვიდრე თავად გასცემს. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ადამიანებში მოიმატებს ეჭვიანობა, პარტნიორების კონტროლის სურვილი. ახალგაცნობილთან იგრძნობთ მაგნეტიზმს, მიზიდულობას. რაც შეეხება სატურნს, თუ შეფერხებები გქონდათ პროფესიაში, კარიერაში, სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობისას, ახლა ყველაფერი დაიძრება და წარმატებისკენ წავა. გირჩევთ, ყველაფერი დეტალურად და გონივრულად დაგეგმოთ, დააწესოთ გრაფიკი, რეჟიმი და მისდიოთ, რადგან სატურნს არ უყვარს არასერიოზული ქმედებები. ყველაფერი უნდა გქონდეთ გათვლილი და გაანგარიშებული.

ახალმთვარეობას და მზის დაბნელებას ველოდებით 25 ოქტომბერს 15 საათზე მორიელის მე-3 გრადუსში. ამ დღეს იხსნება დაბნელებების დერეფანი, რომელიც დაიხურება 8 ნოემბერს, სავსემთვარეობაზე, მთვარის დაბნელებით. ამ დღეს ისევ აქტუალური იქნება ურთიერთობებისა და ფულის თემა, რადგან, მორიელში მყოფ მზესა და მთვარეს უერთდება ვენერაც, რომელიც ეჭვიანი და მზაკვარია. იყავით მომართული ურთიერთობის და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ახალ საფეხურზე გადასასვლელად. ყველა უსიამოვნების მშვიდად, გააზრებულად მოსაგვარებლად. ნუ ჩაერთვებით კონფლიქტში, არ გირჩევთ ბილწსიტყვაობას და მით უმეტეს, წყევლას, ლანძღვასა და გინებას. დააკვირდით, ვინ გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში. მარტოხელებს ელოდებათ ერთი ნახვით შეყვარება, დაწყვილებულებმა კი შეიძლება მოულოდნელად გაწყვიტონ კავშირი. დაბნელებების დერეფანში ყოფნის დროს არ გირჩევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. ახალი საქმეები დიდი სიფრთხილით უნდა დაიწყოთ. მხოლოდ კარგად გააზრებისა და დაფიქრების შემდეგ.

რეტროგრადული იუპიტერი განაგრძობს სვლას თევზების ნიშანში 28 ოქტომბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით. იუპიტერი თევზების ერთ-ერთი მმართველია. ადამიანებში მოიმატებს ქველმოქმედების, სულიერების, ადამიანების გაგებისა და მიღების, დახმარების სურვილი. საუკეთესო დრო დგება შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. ფსიქოლოგიური საუბრებისა და ეზოტერიკული პრაქტიკებისთვის. დაიწყეთ უცხო ენების შესწავლა. ზოგიერთმა შეიძლება დიდი ფიქრის შემდეგ საზღვარგარეთ ემიგრაცია გადაწყვიტოს. დაფიქრდით, რა მიმართულებით გსურთ განვითარება. გადახედეთ განვლილ დღეებს, დაფიქრდით, რა გაქვთ გამოსასწორებელი, გადასალახავი, რომ გააგრძელოთ განვითარება.

მარსი ტყუპის ზოდიაქოშია და აქვე მოუწევს რეტროგრადულ სვლა, 2023 წლის 12 იანვრამდე. ხოლო ტყუპის ნიშანს მარსი საბოლოოდ 2023 წლის 25 მარტს დატოვებს და გადავა კირჩხიბის ზოდიაქოში. მარსი ტყუპში გვაძლევს კარგ ორატორს. ადამიანებს მოუნდებათ რამდენიმე საქმის ერთდროულად და ენერგიულად კეთება. გააქტიურდება კომერციული საკითხები, ყიდვა-გაყიდვის თემები. ამასთან, მოიმატებს საუბრისას მკვეთრი გამონათქვამები, ბილწსიტყვაობა, ადამიანმა შეიძლება სიტყვით უფრო მეტი ტრავმა და იარა მოგაყენოთ. აგრეთვე, იყავით დაკვირვებული, ადამიანი შეიძლება იმაზე მეტს დაგვპირდეთ, ვიდრე გაგიკეთებთ არაა გამორიცხული, რომ ტყუილების მსხვერპლიც გახდეთ. იყავით დაკვირვებული საქმეების კეთებისას, აქტიურობისას. მოერიდეთ მკვეთრ ილეთებს ვარჯიშის დროს. სიფრთხილე გმართებთ თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია აალებად და ბასრ საგნებთან, მოსაფრთხილებელია თითები, ხელები. იყავით მომართული კეთილი საქმეები კეთებაზე. კარგ შედეგს მოგიტანთ რამის შესწავლა, განსაკუთრებით, თუ ადრე გსურდათ ან დაგეგმილ გქონდათ.

ბედნიერ ოქტომბერს გისურვებთ!