მერკური თხის რქაში გადადის - პრაგმატული გადაწყვეტილებების დროა, რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი

მერკური თხის რქაში გადადის - პრაგმატული გადაწყვეტილებების დროა, რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი

გავლენის პერიოდი: 8-28 იანვარი

მერკური - ნატალურ ასტროლოგიაში აზროვნების, გონების, ინტელექტის და კომუნიკაციის პლანეტად ითვლება. ასტროფსიქოლოგიაში ის შეიძლება მივიჩნიოთ ცნობიერი გონებისა და ლოგიკური აზროვნების სიმბოლოდ.

თხის რქის არქეტიპი კი განასახიერებს სტრუქტურას, პასუხისმგებლობას და მიზნის მიღწევის მუხტს. როდესაც მერკური თხის რქაში იმყოფება, ეს კომბინაცია გონების მუშაობას სპეციფიკურ, პრაქტიკულ ჩარჩოში სვამს და ამასთანავე, მოქმედებისკენ, მოძრაობის დაწყებისკენ და გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებს (თხის რქა ხომ კარდინალური ნიშანია).

თუ ისევ და ისევ არქეტიპულ სიმბოლიკას ჩავუღრმავდებით, მერკური - ეს არის ცნობიერების გამტარი, კომუნიკატორი, შუამავალი ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის, ხოლო თხის რქა კი - "მთის წვერზე ასვლაა". ის გამოხატავს სირთულეების დაძლევას, წესრიგის დამყარებასა და საბოლოო მიზნისკენ ჯიუტად სვლას.

ასე რომ, მერკურის და თხის რქის კომბინაცია გონებრივ პროცესებს აქცევს მიზანმიმართულ, სტრუქტურულ საქმიანობად. აზროვნება ხდება „ჩარჩოში მოქცეული“, რაც ქვეცნობიერის ქაოსურ ენერგიას ამუშავებს და კონკრეტული ფორმით აყალიბებს.

მერკური-თხის რქის "ფსიქოტიპი":

მერკურის ამ ნიშანში მოძრაობისას აზროვნება უფრო პრაქტიკული, სტრუქტურული და საქმეზე ორიენტირებული ხდება. მერკური იძენს წინსვლის იმპულსს და მიწიერ ენერგიას, რაც შედეგზე ორიენტირებულობას განაპირობებს.

ძლიერი მხარე: სტაბილური, მიზანმიმართული გონება, რომელსაც შეუძლია რთულ კონცეფციებს ლოგიკური ფორმა მისცეს.

სუსტი მხარე: ტენდენცია ზედმეტად ფოკუსირდება სტრუქტურაზე, რაც ფანტაზიის და შემოქმედებითი ენერგიის ჩახშობას იწვევს.

პოლიტიკა და ეკონომიკა:

ამ პერიოდში აქცენტი გაკეთდება ლოგიკურ გადაწყვეტილებებზე, რაც ხელს შეუწყობს ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფას. პოლიტიკურ დონეზე ეს პერიოდი შეიძლება გამოირჩეოდეს მკაფიოდ განსაზღვრული კანონებისა და რეგულაციების მიღებით. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ინოვაციების პრაქტიკულ გამოყენებას, ასევე გრძელვადიანი პროექტების დაწყებასა და განვითარებას.

ყოფითი-სოციალური გამოვლენა:

სასიკეთო

* პროფესიული საქმიანობა: შესანიშნავი დროა კარიერული მიზნების დასახვისთვის, სტრატეგიული გეგმების ჩამოყალიბებისთვის და მნიშვნელოვან საქმიანი შეხვედრების დასაგეგმად.

* ფინანსური საქმეები: ხელსაყრელია ბიუჯეტის დაგეგმვა, ინვესტიციების ანალიზი და გრძელვადიანი ფინანსური პროექტების დაწყება.

* განათლება და სწავლა: პრაქტიკულად სასარგებლო უნარების შესწავლა და მათი გაღრმავება.

არასასიკეთო

* ემოციური კომუნიკაცია: სიღრმისეულ და მგრძნობიარე თემებზე საუბარი შეიძლება გართულდეს, რადგან აქცენტი გადატანილი იქნება ლოგიკაზე და ფორმალობაზე.

* სპონტანური გადაწყვეტილებები: ასეთი პერიოდი არ არის შესაფერისი იმპულსური ქმედებებისთვის, ამან შეიძლება ნეგატიური შედეგები გამოიწვიოს.

*კრეატიული საქმეები: არ არის საუკეთესო დრო აბსტრაქტული იდეების რეალიზაციისთვის ან გრძელვადიანი და რაც მთავარია, "სულიერი“ პროექტებისთვის.

ასტროლოგი რამაზ გიგაური