ენერგიის, ბრძოლის, აგრესიისა და სექსუალურობის პლანეტა მარსი კირჩხიბის ნიშანში 25 მარტს გადავიდა და იქ 20 მაისამდე დარჩება.
ზოგადი ანალიზი:
* პირველი რაც უნდა ვთქვათ ის არის, რომ კირჩხიბი კარდინალური ნიშანია, ამიტომ მარსის გავლენა აქ საკმაოდ დრამატული და რიგ შემთხვევებში რადიკალურიც კია. საერთოდ, მარსის ამ ნიშანში განთავსება სუსტია, რადგან ის ე.წ. დაცემულ პოზიციაში იმყოფება. ამიტომ საქმიანობის კუთხით ეს იქნება ემოციური და არამდგრადი პერიოდი (თუმცა არანაირად პასიური).
* მარსის ამ ინგრესიისას ნებისყოფა ქვეცნობიერი დონეზე, ქვეცნობიერი პროგრამით "მუშაობს“ (ეს იმიტომ, რომ მარსის სიგნიფიკატორი მთვარეა). ამ დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს თუ რა მდგომარეობაშია კონკრეტული ადამიანის ემოცია, რამდენად ჰარმონიული ან დისჰარმონიულია. უფრო მეტიც, ბავშვობაში როგორი იყო ადამიანის კავშირი დედასთან და მისი ოჯახური მდგომარეობა (მთვარე ხომ ასტროფსიქოლოგიაში სწორედ დედის არქეტიპია და ამასთანავე, ბავშვობას მართავს). ადამიანებში, ვისაც "რთული“ ბავშვობა ჰქონდა, "მარსის - კირჩხიბში“ მოძრაობისას საკმაოდ ხშირად აქტიურდება წარსულის ნეგატიური "პროგრამები“, რაც მათ აწმყოში ხელს უშლის.
* მარსის ამ ინგრესიისას ადამიანებში ძალიან ხშირია უკონტროლო აგრესიაც, რადგან ხდება ემოციის მომენტალური გამოვლენა, ყოველგვარი შეკავების გარეშე. აქედან გამომდინარე, ემოციური, ნერვული ადამიანებისთვის შედარებით რთული პერიოდია (მათ უჭირთ საკუთარი ემოციის კონტროლი).
* იქიდან გამომდინარე, რომ კირჩხიბი "მდედრული" ნიშანია და მას მთვარე მართავს (რომელიც "ინ“ ენერგიის მატარებელია), ამ პერიოდს ქალები ბევრად უკეთ უღებენ ალღოს, ვიდრე მამაკაცები და წინსვლას ბევრად უკეთ ახერხებენ.
* ბუნებრივია, კიდევ ერთი მომენტი, რაც ამ პერიოდისთვისაა დამახასიათებელი, ეს იქნება განწყობის ხშირი ცვლა. ეს ცვალებადობა განსაკუთრებით გამოვლინდება ოჯახთან და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში. უფრო მეტიც, ბევრი ადამიანი ამ პერიოდში უფრო ჩაკეტილი ხდება და უპირატესობას არა სოციალურ ურთიერთობებს, პროფესიულ საქმიანობას და კარიერას, არამედ უფრო პირად ცხოვრებას, ოჯახს და სახლში ყოფნას ანიჭებს. სწორედ ამიტომ ამ პერიოდში სასიკეთო იქნება კომპრომისებზე წასვლა ოჯახის წევრებთან, მათთან საერთო ენის გამონახვა, ოჯახთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება.
* ამ პერიოდში მარსის სიგნიფიკატორი მთვარე ხდება, რომელიც ნაყოფიერებასა და გამრავლებას უკავშირდება, ამიტომ ეს პერიოდი ბუნებრივია, სასიკეთო იქნება ბავშვის ჩასახვასთან და საერთოდ, რეპროდუქციასთან დაკავშირებული საკითხების გააქტიურებისთვის.
გლობალურ დონეზე:
* თუ მარსის ამ ინგრესიას გლობალურ დონეზე (ოღონდ ისტორიულ ჭრილში) განვიხილავთ, აღმოვაჩენთ, რომ მარსის კირჩხიბში გადასვლისას არცთუ იშვიათად ხდებოდა საომარი მოქმედებების გააქტიურება ან განახლება. ამ დროს ქვეყნებს შორის მდგომარეობა იძაბება, ფეთქებადსაშიში ხდება ან იწყება ღია კონფლიქტი (სხვათა შორის, იგივე შეიძლება ითქვას, მარსის ეგზალტაციის დროსაც, ანუ როდესაც მარსის კირჩხიბის საწინააღმდეგო ნიშანში - თხის რქაში მოძრაობს, მაშინაც მატულობს მარსის ენერგიის გამოვლენა და ხშირად ეს საომარი მოქმედებების დაწყების იმპულსი ხდება).
ინდივიდუალურ დონეზე:
* საერთოდ, ადამიანს, ვისაც პირად ჰოროსკოპში მარსის კირჩხიბში აქვს განთავსებულია, მისი ემოციური გამოვლენა რთულია. მისი საქმიანობა და რეალიზაცია დამოკიდებულია მის ემოციურ მდგომარეობაზე. თუმცა მარსს ამ დროს ორი გამოვლენა აქვს: დადებითი და უარყოფითი.
* თუ ეს დადებითი გამოვლენაა, ადამიანი არ არის აგრესიული, თუმცა უფრო ჩაკეტილია და მისი ემოციური გაგება რთული ხდება. თუ ადამიანი ალაგებს ემოციას - ალაგებს საქმიანობასაც. ამის მიუხედავად, ის გარეგნულად, ერთი შეხედვით ჩაკეტილი და უცნაური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა სრულად ახერხებს საქმეში რეალიზაციას.
* თუ მარსი კირჩხიბში მაქსიმალურად უარყოფითად ვლინდება, ადამიანი არაადეკვატურად აგრესიულია. რთული ხასიათი აქვს და ურთიერთობებში კონფლიქტური ხდება. არც თუ იშვიათად, ამის "დალაგებას“ ალკოჰოლით ან ნარკოტიკით ცდილობს და ასე უფრო ანგრევს საკუთარ თავს. მარსის კირჩხიბში განთავსების ამ ორი პოზიციის კონკრეტულ მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ორი ფენომენი ფეხბურთული - ლიონელ ანდრეს მესი და დიეგო არმანდო მარადონა.
მარსის კირჩხიბში ინგრესია და ზოდიაქოს ნიშნები:
ზოდიაქოს ნიშნებთან დაკავშირებით მარსის ეს ინგრესია მნიშვნელოვანი იქნება წყლის სტიქიის ნიშნებისთვის: კირჩხიბი, მორიელი, თევზები. ეს ნიშნები შეძლებენ ამ პერიოდის სასიკეთოდ გამოყენებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ცხადია, კირჩხიბებისთვის, რადგან მარსი მათ "მზის ნიშანს“ გადის და ამ პერიოდში მოხდება ენერგიის განსაკუთრებით ძალით გააქტიურება.
ასევე პროდუქტიული და სასიკეთო შესაძლოა აღმოჩნდეს კუროებისა და ქალწულებისთვის. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანების ძალისხმევა უმეტესწილად დადებით შედეგების მიღებას უზრუნველყოფს.
შედარებით რთული იქნება თხის რქისთვის. მარსი კირჩხიბიდან დაუპირისპირდება თხის რქის მზეს, ამიტომ ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები იგრძნობენ ენერგიის ნაკლებობას. გარდა ამისა, მათ ცხოვრებაში მოიმატებს დაპირისპირების ალბათობა.
დაძაბული იქნება ვერძებისა და სასწორებისთვის. მათ მოუწევთ დაძაბული მუშაობა, რათა თავი გაართვან იმ პრობლემებს, რომლებიც ბოლო 1,5-2 თვის განმავლობაში მათ ცხოვრებაში გაჩნდა.
ტყუპის, ლომის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის - მარსის ეს ინგრესია შედარებით ნეიტრალური იქნება და მათ ცხოვრებაში მისაღები შედეგები დამოკიდებული იქნება მათ წინდახედულობასა და სწორი გადაწყვეტილების მიღებაზე.
ასევე მნიშვნელოვანი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში მარსი სწორედ კირჩხიბში აქვთ განთავსებული, რადგან მათ ცხოვრებაში იქნება მარსის ე.წ. რევოლუცია (დაბრუნება). ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი დაასრულებენ ძველ ორწლიან ციკლს და დაიწყებენ ახალ (ასევე ორწლიან) ციკლს.
ასტროლოგი რამაზ გიგაური