ავტორი:

მარსი ვერძში: მოიმატებს სითამამე, რისკი; ადამიანები მეტად დააფასებენ იმას, რასაც მოიპოვებენ ბრძოლით, პროგნოზი ზოდიაქოს თორმეტივე ნიშნისთვის

მარსი ვერძში: მოიმატებს სითამამე, რისკი; ადამიანები მეტად დააფასებენ იმას, რასაც მოიპოვებენ ბრძოლით, პროგნოზი ზოდიაქოს თორმეტივე ნიშნისთვის

მარსი თავის ნიშანში, ბრუნდება და 24 მაისიდან 5 ივლისამდე ვერძში იქნება. ასტროლოგიაში მარსს მცირე უბედურების პლანეტად მიიჩნევენ, საკმაოდ აგრესიული ენერგიის მატარებელი, ომის პლანეტაა. ნუ გაგიკვირდებათ, თუ მარსის ვერძში ყოფნის დროს მოიმატებს დაძაბულობა, ურთიერთობების გარკვევა, აგრესიულობაც კი გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში, მეგობრებთან, საყვარელ ადამიანებთან, შვილებთან და საკუთარ თავთანაც კი, თითქოს გაუწყრებით თავს, რომ უფრო მეტს არ აღწევთ, არ აქტიურობთ სასურველის მისაღწევად. გირჩევთ, მარსიანული ენერგია მხოლოდ კეთილ საქმეებს მოახმაროთ. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას, არ გირჩევთ გმირობებს; ნუ ეცდებით ყველას გადარჩენას. ამასთან, ხანდახან ეს აგრესიაც უნდა გამოვლინდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოთმინების ფიალა ივსება; ატანა შეუძლებელია.

მარსის ვერძში ყოფნის დროს მოიმატებს მარსიანული ენერგია (კარგიც და ცუდიც), გახშირდება ინიციატივის გამოვლენა, მოიმატებს სითამამე, რისკი. ადამიანები მეტად დააფასებენ იმას, რასაც მოიპოვებენ ბრძოლით, კონკურენციით, სირთულეების გადალახვით. გაფრთხილდით, დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმისგან. უპირატესობა მიანიჭეთ მოკლევადიან პროექტებს, ნურაფერს სერიოზულს და დიდხნიანს ამ პერიოდში ნუ დაიწყებთ. ადამიანებს მოუნდებათ საკუთარი თავის გამოვლენა და თუ პირად რუკაში მარსის დაძაბული ასპექტები აქვთ, კამათი, საქმეების გარკვევა, შეურაცხყოფის მიყენება, მუშტების გამოყენება არ გაუჭირდებათ. მარსი იმპულსური პლანეტაა და იყავით ფრთხილად, რომ უბრალო შეკამათება ტრავმით არ დასრულდეს.

კარგი ისაა, რომ მარსი ვერძში ყოფნის დროს შეუერთდება ვენერას. უფრო კონკრეტულად კი 24-28 მაისს. ორივე გენდერული პლანეტაა. მოიმატებს რომანტიკული შეხვედრები, გახშირდება პაემნები. ამასთან, თუ რუკაში მარსი-ვენერას დაძაბული ასპექტები გაქვთ, გაფრთხილდით, რომ არ გაგირთულდეთ დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან. ზოგიერთმა შეიძლება გაწყვიტოს კიდეც კავშირი. მარსი მამაკაცური პლანეტაა და საფრთხე წამოვა მამაკაცებისგან.

29 მაისს, მარსი იუპიტერს შეუერთდება. შეიძლება მარსმა მთელი თავისი შესაძლებლობა და უნარები გაათმაგებულად გამოავლინოს. ამასთან, იუპიტერი გარდა იმისა, რომ არის გაფართოების, დიდი ბედნიერების პლანეტაა, არის კიდევ უცხოეთის, საერთაშორისო პოლიტიკის აღმნიშვნელი პლანეტა და მოერიდეთ კონფლიქტს უცხოელებთან, საზღვარგარეთ, ნუ გაამწვავებთ საერთაშორისო ურთიერთობებს.

საფრთხილო დღეა პირველი ივნისი, როცა მარსი ლილიტს დაუპირისპირდება. უმჯობესია პლუს/მინუს 2 დღე გაფრთხილდეთ. დაკვირვებული იყავით, ადამიანმა შეიძლება თავისი ყველა ბნელი მხარე გამოავლინოს. გახშირდეს აგრესიულობა, სიძულვილი, ბოროტული ქმედებები. 5 ივლისს, დაძაბული დღეა - მარსი და პლუტონი უპირისპირდებიან ერთმანეთს. მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ ყველა სფეროში, ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობისას. აგრესიული და დაუნდობელი დღეა. შეიძლება მიუბრუნდეთ ძველ სიტუაციებს და მოგინდეთ სიტუაციაში გარკვევა, მაგრამ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ დიპლომატიურობისა და გონიერებისკენ.

წაიკითხეთ პროგნოზი მზისა და ასცენდენტის მიხედვით, რათა იცოდეთ, რა სფეროებში უნდა გამოავლინოთ სიფრთხილე და სად გმართებთ თავდაჭერა.

ვერძი

მარსი თქვენი ნიშნის მმართველია და ვერძში იქნება 24 მაისიდან 5 ივლისამდე. მოგემატებათ ენერგია, მიზანსწრაფულობა, მოგინდებათ აქტიურობა, საკუთარი თავის შეცვლა. საკუთარ თავს გამოცდას მოუწყობთ გამძლეობაზე, შეგიძლიათ თუ არა. იზრუნეთ საკუთარი უფლებების, ტერიტორიის დაცვა, მაგრამ დიპლომატიურად, ყოველგვარი აგრესიის გარეშე. არ გირჩევთ ფიზიკური აგრესიის გამოვლენას, აი, ზომიერი ვარჯიში კი კარგია. გაუფრთხილდით თავს, სახეს, ნუ გადადგამთ დაუფიქრებელ ნაბიჯს, ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას. არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. გარდა ამისა, სანამ მერკური რეტროგრადულია, ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს, უმჯობესია, უკვე დაწყებულები დაასრულოთ.

კურო

ზოგიერთი საქმის გასაიდუმლოება მოგინდებათ ან სხვებისგან მალულად, დამოუკიდებლად კეთება. შეიძლება კარგად უნდა გაერკვეთ საკუთარ თავში, სურვილებში და მერე გამოამჟღავნოთ. განსაკუთრებით 5 ივლისის შემდეგ, როცა მარსი თქვენს ნიშანში გადმოვა. იყავით დაკვირვებული, შეიძლება გააქტიურდნენ კონკურენტები, ფარული მტრები. მოერიდეთ გაურკვეველ და ფარულ ურთიერთობებს, საქმეებს. შეიძლება სხვებისგან მალულად დაიწყოთ საზღვარგარეთ გასამგზავრებელი დოკუმენტების შეგროვება. კარგი იქნება ასაკით უფროს ადამიანებზე ზრუნვა.

ტყუპი

მოგინდებათ სოციალურ ცხოვრებაში გააქტიურება. შეიძლება ინტერნეტპროექტებს მიუბრუნდეთ, გააგრძელოთ. გახშირდება შეხვედრები თანამოაზრეებთან, ერთად შეგიძლიათ პროექტები განახორციელოთ. მიზნების განხორციელებას მეგობრებთან, კოლეგებთან ერთად შეძლებთ. არაფერი რომ არ დაგავიწყდეთ ან გამოგრჩეთ, ჩამოწერეთ ყოველი დღის განრიგი. არ გირჩევთ მეგობრებთან დაპირისპირებას. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს; უხეშად ნუ ჩაერევით მეგობრების საქმეებში, ცხოვრებაში.

კირჩხიბი

მოგინდებათ კარიერული წინსვლა ან შეიძლება ისეთი პროექტი განახორციელოთ, რაც საზოგადოებაში წარმატებას მოგიტანთ. საუკეთესო დროა მაღალჩინოსნებთან, საჭირო ადამიანებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. მარტოხელა ქალბატონებს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ; წარმატებულ ან პოპულარულ ადამიანთან. თუ საყვარელი ადამიანი უკვე გყავთ, დაქორწინებას გადაწყვეტთ. თუ პირად რუკაში მარსის ნეგატიური ასპექტი გაქვთ, გაფრთხილდით არ გაართულოთ დამოკიდებულება გავლენიან ადამიანებთან, უფროსთან, სამართალდამცველებთან. დაკვირვებული იყავით, რომ სამსახურში არ მიიღოთ ფიზიკური დაზიანება.

ლომი

ზოგიერთ მოვლენაზე, ცხოვრებისეულ საკითხზე შეგეცვლებათ წარმოდგენა. გააქტიურდებით, რომ მიიღოთ უმაღლესი განათლება ან უკვე დიპლომი. ზოგიერთი გადაწყვეტთ კვალიფიკაციის ამაღლებას, საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას, სამოგზაუროდ გამგზავრებას. შეიძლება უცხოეთში გადაწყვიტოთ ბიზნესსაქმიანობის დაწყება. თუ თქვენი სფერო პედაგოგიკა ან ლიტერატურაა, შეადგენთ ახალ სასწავლო პროგრამას, თავად გამოსცემთ წიგნს, ან სხვას დაეხმარებით წიგნის დაბეჭდვაში. არ გირჩევთ რჩევების გაცემას, თუ არ გთხოვენ; საკუთარი აზრის ჯიუტად მტკიცებას. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას.

ქალწული

გააქტიურდებით მატერიალური საკითხების მოსაგვარებლად. შეიძლება სხვებსაც დაეხმაროთ ფინანსური კეთილდღეობის მიღწევაში; განსაკუთრებით, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია საბანკო, სადაზღვევო თემასთან. გადაწყვეტთ კრედიტის აღებას, ბიზნესის გაფართოებას. ამ შემთხვევაში გირჩევთ, ერთგულ პარტნიორთან ერთად გაწევრიანდეთ. საუკეთესო დროა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად, ჯანსაღი ცხოვრების წესის დასანერგავად; მოერიდეთ ექსტრიმს. ზოგიერთმა შეიძლება გაწყვიტოთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან, თუ ხვდებით, რომ კავშირი თქვენზე ნეგატიურად მოქმედებს; ან პარტნიორის ღალატის გამო.

სასწორი

გაფრთხილდით, რომ არ დაგეძაბოთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან, პარტნიორებთან; მოერიდეთ კამათს, ურთიერთობის გარკვევას. შეიძლება გააქტიურდნენ კონკურენტები და მაქსიმალურად დიპლომატიურად იმოქმედეთ. საქმიან პარტნიორებთან ან კლიენტებთან იყავით ზომიერი, კეთილგანწყობილი, სამართლიანი. თუ გსურთ, გამოიყენეთ მარსის ენერგია, რომ გახდეთ ლიდერი; მიაღწიოთ სასურველს. განსაკუთრებულ დაკვირვებას საჭიროებენ სასიყვარულო პარტნიორები, შესაძლებელია ღალატი.

მორიელი

მარსი აქტიურობას და ენერგიულობას მოგიტანთ. დაგროვილ საქმეებს და უსიამოვნებებს იოლად გაუმკლავდებით. სამსახურში გახდებით საუკეთესო თანამშრომელი, მაგრამ ამასთან, მოერიდეთ კოლეგებთან კამათს. წარმატებით დაასრულებთ პროექტს. საკუთარ თავზე აიღებთ დამატებით ვალდებულებებს, საქმეებს. ზოგიერთმა შეიძლება გააბათ რომანი კოლეგასთან. გაფრთხილდით, რომ არ დაზიანდეთ შინაური ცხოველებისგან, არ გაგირთულდეთ ქრონიკული დაავადებები. კარგი იქნება, ზომიერი ფიზიკური აქტიურობა. სანამ მარსი ვერძში იქნება, ქირურგიულ ოპერაციებს ნუ დანიშნავთ.

მშვილდოსანი

მეგობრებთან ერთად აქტიური დასვენება მოგინდებათ. შეიძლება ჩაერთოთ სპორტულ შეჯიბრებებში ან დაესწროთ ასეთებს. მარტოხელები გააქტიურდებით, რომ დაწყვილდეთ. არსებულ პარტნიორთან ურთიერთობა გახდება მეტად რომანტიკული. შეიძლება საკურორტო რომანი გააბათ. გამონახავთ დროს ჰობისთვის, შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. თუ გაქვთ უკვე ნამუშევრები, აჩვენეთ გარშემო მყოფებს. შეიძლება ფინანსური კეთილდღეობაც კი მოგიტანოთ. თუ შვილები გყავთ, არ გირჩევთ მათთან ურთიერთობების დაძაბვას, კამათს. პირიქით, დაუმეგობრდით მათ.

თხის რქა

გააქტიურდებით, რომ გაიუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები, შინ მეტი კომფორტი შეიქმნათ. დაიწყებთ სახლის მშენებლობას, ბინის რემონტს. გირჩევთ, დაალაგოთ პირადი ნივთები და ახალმთვარეობამდე მოიცილოთ ყველაფერი უსარგებლო. თუ მიწის ნაკვეთი გაქვთ, დაამუშავეთ, დარგეთ. გახშირდება შეხვედრები ნათესავებთან. შეგიძლიათ თქვენი საყვარელი ადამიანი გააცნოთ ოჯახის წევრებს. ან შეიძლება მოულოდნელად გადაწყვიტოთ დაოჯახება, თანაცხოვრება. არ გირჩევთ კამათს მშობლებთან, პირიქით, მეტად იზრუნეთ მათზე.

მერწყული

გახშირდება მიმოსვლა, კომუნიკაცია, კონტაქტები. სასურველია, მოიცილოთ არაფრისმომტანი კავშირები და უპირატესობა სარგებლიანს მიანიჭოთ. კარგი იქნება სასწავლო კურსებზე ჩაწერა, თუნდაც ავტომობილის მართვა ისწავლეთ; კვალიფიკაციის ამაღლება; აითვისეთ ახალი პროგრამები, ტექნოლოგიები. გააქტიურდით, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია რეკლამასთან, პიართან, ვაჭრობასთან. სანამ მერკური რეტროგრადულია (3 ივნისამდე), არ გირჩევთ ავტომობილის შეძენას. გაფრთხილდით, რომ სიტყვიერი შელაპარაკება რა გადაიზარდოს ხელჩართულ ბრძოლაში. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობის დროსაც; თუ მძღოლი ხართ, შეამოწმეთ ავტომობილი.

თევზები

მარსი მოგიყვანთ ახალ პარტნიორს ან კლიენტს (სავარაუდოდ მამაკაცს, რადგან მამაკაცური პლანეტაა), რომელიც დაგეხმარებათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ზოგიერთი შეიძლება დაქორწინდეთ მატერიალურად უზრუნველყოფილ ადამიანზე. თავადაც მოგინდებათ გააქტიურება, რომ მიიღოთ ფინანსური სარგებელი. გადადგით პირველი ნაბიჯი, რომ გააფართოოთ თქვენი ბიზნესი. განსაკუთრებით, თუ ხელსაქმით ხართ დაკავებული (გირჩევთ, 3 ივნისის შემდეგ გააქტიურდეთ, როცა მერკური რეტროგრადული სვლიდან გამოვა). კარგი იქნება ფულის დაბანდება ინსტრუმენტებში. გაფრთხილდით, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია მჭრელ და ბასრ საგნებთან, აალებად ნივთიერებებთან. არ გირჩევთ ფულის გამო კამათს გარშემო მყოფებთან.