ავტორი:

მაისის მნიშვნელოვანი მოვლენები: დაბნელებების დერეფანი, ბრძოლის სურვილი და ჯადოსნური დღე

მაისის მნიშვნელოვანი მოვლენები: დაბნელებების დერეფანი, ბრძოლის სურვილი და ჯადოსნური დღე

მაისი დატვირთულია საინტერესო მოვლენებით. თვე მზის დანელებით და დაბნელების დერეფნის გახსნით დაიწყო, რომელიც 16 მაისს მორიელში მთვარის დაბნელებით დასრულდება. მზე 21 მაისამდე კუროში იქნება. ეს არის სიყვარულის, ჰარმონიის, ფინანსების, ღირებულებების, სტაბილურობის სიმბოლო. ადამიანი მომართულია საკუთარ კეთილდღეობაზე, კომფორტის შექმნაზე. გაინებივრეთ თავი ლამაზი, ძვირად ღირებული ნივთებით, გემრიელობებით, მაგრამ თუ ზედმეტი წონა გაწუხებთ, მოერიდეთ ტკბილეულის ჭამას. მოსაფრთხილებელია ყელი. 22 მაისიდან 21 ივნისის ჩათვლით მზე ტყუპში იქნება. მოიმატებს გადაადგილების, კომუნიკაციის სურვილი; გახდებით აქტიური, ცნობისმოყვარე, გახშირდება ინფორმაციის მიღება-გაცემა. ახლა კი მოვყვეთ თემებს თანმიმდევრულად.

30 აპრილიდან 23 მაისამდე მერკური ტყუპში იქნება. მოგინდებათ სხვადასხვა სასწავლო კურსზე, ლექციებზე დასწრება, ურთიერთობების გაუმჯობესება, კავშირების დამყარება. მარტივად შეძლებთ საჭირო ინფორმაციებისა და ადამიანების მოძებნას. 10 მაისიდან (3 ივნისის ჩათვლით) მერკური რეტროგრადული ხდება და ეცადეთ, ამ პერიოდში მეტი დრო დაუთმოთ წარსულში დაშვებული საქმეების გამოსწორებას. ეს არის გადაკეთების, გაუმჯობესების დრო. ახალი საქმეები, საბუთების შედგენა და მგზავრობაც კი განსაკუთრებულ დაკვირვებას საჭიროებს. საუკეთესო დროა უკვე დაწყებული საქმეების დასასრულებლად. საფრთხილო დღეა 21 მაისი, ამ დღეს მაქსიმალურად დაკვირვებული იყავით დოკუმენტებთან, მგზავრობისას, მიმოწერისას, მოერიდეთ გაურკვევლობებს ახლობლებთან. შეფერხებებს მშვიდად შეხვდით. 23 მაისიდან 13 ივნისამდე მერკური რეტროგრადული სვლით კუროში დაბრუნდება. გახდება მეტად დინჯი, გააზრებული, სუბიექტური, დაფიქრებული, პრაგმატული. მომართული საკუთარი საქმეების სათავისოდ მოგვარებაზე. მერკური კირჩხიბში 5 ივლისს გადავა.

15 აპრილიდან 25 მაისამდე მარსი თევზებშია. მარსი არის ჩვენი ენერგია, ქმედება. თევზებში მარსის მოქმედება ცოტა შენელებულია, ვზარმაცობთ, პასიურები ვართ. მეტად ორიენტირებულები მსუბუქი ვალდებულებების შესრულებაზე, უსაქმურობაზე. 25 მაისიდან (5 ივლისამდე) მარსი ვერძში, თავისი მართველობის სახლში გადავა და ვიგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, თითოეული მზად იქნება შეუპოვრად მოქმედებისთვის და შეიძლება ზოგიერთ ადამიანში აგრესიაც კი გამოვლინდეს, ნუ დაგვავიწყდება, რომ მარსი ომის პლანეტაცაა. ამიტომ, მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს ყველას და ყველაფერში. განსაკუთრებით მათ, ვისი საქმიანობაც დაკავშირებულია მჭრელ და ცეცხლოვან ინსტრუმენტებთან. 29 მაისს კი მარსი შეუერთდება იუპიტერს და შეიძლება მარსმა მთელი თავისი შესაძლებლობა და უნარები გაათმაგებულად გამოავლინოს. ამასთან, იუპიტერი გარდა იმისა, რომ არის გაფართოების, არის კიდევ უცხოეთის, საერთაშორისო პოლიტიკის აღმნიშვნელი პლანეტა და მოერიდეთ კონფლიქტს უცხოელებთან, საზღვარგარეთ, ნუ გაამწვავებთ საერთაშორისო ურთიერთობებს. გაიხსენეთ, რა ხდებოდა 2020 წლის 20 მარტს (პლუს მინუს 2-3 დღე); ამავე წლის 4 აგვისტოს, 19 ოქტომბერს. 2021 წლის 23 იანვარს, 29 ივლისს 8 დეკემბერს. ამ დღეებში მარსი და პლუტონი დაძაბულ ასპექტებს ქმნიდნენ და მოვლენები ჩვენზეც აისახებოდა. შეიძლება განმეორდეს მოვლენები. უმჯობესია, მაშინ დაწყებული კონფლიქტური სიტუაციები ახლა მშვიდობიანად მოაგვაროთ, ვიდრე ახალ უსიამოვნებებში გაეხვეთ.

4 აპრილიდან 2 მაისამდე ვენერაც თევზებშია. მომატებულია თანაგრძნობა, სიყვარულის გამოხატვა და ზოგჯერ საკუთარი თავის სხვისთვის მსხვერპლად შეწირვაც. განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. 2 მაისიდან კი ვენერა ვერძს ესტუმრება. ამ პერიოდიდან ურთიერთობაში მომატებული იქნება ვნება, ცეცხლოვნება. მოგინდებათ გარშემო მყოფების ყურადღების მიქცევა და სხვების მოხიბვლა. ვერძში ვენერა თამამად ავლენს ლიდერის თვისებებს. გახშირდება სპონტანური საყიდლები. შეიძლება სწრაფად გააბათ სასიყვარულო ურთიერთოები. საინტერესო დღეებია 24-28 მაისი, ამ პერიოდში მარსიც და ვენერაც ვერძში არიან, აქვე იქნება იუპიტერიც და გახშირდება შეხვედრები, რომანების დაწყება, იმატებს ვნება, იმპულსურობა. ურთიერთობები განვითარდება სწრაფად და ემოციურად. მანდილოსნები მეტად გააქტიურდებიან და გამოავლენენ გაცნობის, დაწყვილების ინიციატივას. ამასთან, მოერიდეთ კონფლიქტებს, ურთიერთობების დაძაბვას საყვარელ ადამიანთან. შეიძლება დაასრულოთ ურთიერთობის ერთი ეტაპი და გადახვიდეთ მეორეზე ან თუ პირად რუკაში დაძაბული ასპექტები გაქვთ, საერთოდ გაწყვიტოთ კავშირი. 28 მაისიდან, როცა ვენერა კუროს ესტუმრება, გახშირდება საჩუქრების, სიამოვნების მიღების სურვილი. ურთიერთობებში იმატებს რომანტიკულობა და სტაბილურობა.

3 მაისი ჯადოსნური დღეა. მას აქშაი ტრიტია ჰქვია და ვედურ კულტურაში განსაკუთრებით აღინიშნება. ეს არის წელიწადში ერთი დღე, როცა მზე და მთვარე თავისი ეგზალტაციის ნიშნებში ხვდებიან. და ეს არის საუკეთესო დღე ახალი საქმეების დასაწყებად, ქორწინების გასაფორმებლად, ფირმის დარეგისტრირებისთვის, უძრავი ქონების საყიდლად, ინვესტიციისთვის, ხელშეკრულებების გასაფორმებლად, ქველმოქმედებისთვის, ჯანსაღი ცხოვრების დასანერგავად და მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად.

5 მაისს რევოლუციური ურანი შეუერდება მზეს, ენერგიის განახლების დროა, რაც საშუალებას მოგვცემს, მოვსინჯოთ საკუთარი ძალები სიახლეებში, ახალი ინტერესები გაგვიჩნდება. დავფიქრდეთ, რისი შეცვლა გვსურს. მოგვინდება თანამედრო ტექნოლოგიების გამოყენება, გაჯეტების განახლება. ზოგიერთები შეიძლება აბუნტდნენ არსებული წესების, წყობის წინააღმდეგ.

11 მაისს იუპიტერი, დიდი ბედნიერების პლანეტა, რომელიც ახლა თევზებშია, ცოტა ხნით, 28 ოქტომბრამდე, ესტუმრება ვერძის ზოდიაქოს. საბოლოოდ კი ვერძში გადავა 20 დეკემბერს. გაუმართლებთ აქტიურ, თამამ, ამბიციურ ადამიანებს. ვერძებო, გახსოვდეთ, რომ იუპიტერი თქვენს ნიშანში 12 წელიწადში ერთხელ ხვდება და ისარგებლეთ ამ ტრანზიტით, რათა გაიუმჯობესოთ ცხოვრების სხვადასხვა სფერო. იუპიტერის ვერძში ყოფნის დროს მოიმატებს აზარტულობა, ლიდერობის სურვილი. ჩაერთეთ კონკურსებში, შეჯიბრებებში. ამასთან, უნდა გაფრთხილდეთ, რომ არ გადაიწვათ.

მთვარის დაბნელებას ველოდებით 16 მაისს მორიელის ნიშანში, 08:15-ზე. ეს არის ტრანსფორმაციის დღე, შეიძლება გამოვლინდეს საიდუმლოებები. მიიღებთ შედეგს ადრე დაწყებული საქმისგან შეიძლება იმ საქმისაც, რაც 6 თვის ან 18-19 წლის წინ დაიწყეთ. იყავით ფრთხილი, არ დაუშვათ შეცდომები, უმჯობესია გამოასწოროთ. სიზუსტე გმართებთ ყველაფერში. იმოქმედეთ ცივი გონებით. საუკეთესო დროა კონფლიქტების მოსაგვარებლად, მაგრამ ნუ ჩაერთვებით ახლებში. მოგვიანებით სავსემთავრეობასა და მთვარის დაბნელებაზე სტატიას შემოგთავაზებთ, ასტროლოგიური პროგნოზით.

30 მაისს 15:30-ზე ახალმთვარეობას ველოდებით ტყუპის ზოდიაქოში. ამ დღეს დაიხურება დაბნელებების დერეფანი. ცოტა დაძაბული დღეა, ამიტომ, ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კომუნიკაციებისთვის, მოლაპარაკებებისთვის. მიუბრუნდით დაწყებულ საქმეებს, გადახედეთ, გამოსწორეთ, მაგრამ ხელშეკრულებები დიდი სიფრთხილით გააფორმეთ. მოერიდეთ ურთიერთოების დაძაბვას საყვარელ ადამიანთან. ახალმთვარეობაზე, რა თქმა უნდა, ვრცელ სტატიას შემოგთავაზებთ, ასტროლოგიური პროგნოზით.

ბედნიერ და მშვიდობიან მაისს გისურვებთ!