ინგრესია:
* 3 ივნისი > მერკური ტყუპის ზოდიაქოში
* 9 ივნისი > მარსი კუროს ზოდიაქოში
* 17 ივნისი > ვენერა კირჩხიბის ზოდიაქოში
* 17 ივნისი > მერკური კირჩხიბის ზოდიაქოში
* 21 ივნისი > მზე კირჩხიბის ზოდიაქოში [ზაფხულის ბუნიაობა 00:51 საათზე]
* 29 ივნისი > ლილიტი სასწორის ზოდიაქოში
რეტროგრადული პლანეტები:
* 29 ივნისი < სატურნი (თევზების მე-20 გრადუსიდან)
* ახალმთვარეობა - 6 ივნისი (16:37 საათზე)
* სავსემთვარეობა - 23 ივნისი (5:08 საათზე)
ივნისი - ასტროლოგიური მოვლენებით საკმაოდ დატვირთული თვეა. პირველ რიგში იმიტომ, რომ 21 ივნისს დადგება ზაფხულის ბუნიაობა (რომელსაც ზოგჯერ ზაფხულის მზებუდობასაც უწოდებენ). ეს წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან დღეს ითვლება. ამ დროს დედამიწის ჩრდილოეთი და სამხრეთი პოლუსები მზისგან უკიდურესად არათანაბარი მანძილითაა დაცილებული. ამ დღეს მისი ხანგრძლივობა თავის მაქსიმუმს აღწევს.
3 ივნისს აზროვნების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის მმართველი პლანეტა, მერკური ტყუპის ნიშანში გადაინაცვლებს და იქ 17 ივნისამდე დარჩება. ამ პერიოდში ადამიანებში გაძლიერდება აზროვნების პროცესი, უფრო აჩქარდება ინფორმაციის მიღება-დამუშავება-გადაცემა და შესაძლებელი გახდება ურთიერთობების იოლად დამყარება. მერკური ტყუპის მმართველია , ამიტომ მისი აქ გამოვლენა მაქსიმალურად დადებითია (ეს განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის იქნება საინტერესო და წარმატებული, ვისაც პირად ჰოროსკოპში მერკური სწორედ ტყუპის ნიშანში აქვთ). ამ ორკვირიან მონაკვეთში ბევრი ადამიანი, კომპანია თუ ორგანიზაცია მოახერხებს თავისი გზავნილები სწორად და რაც მთავარია, სწრაფად გადასცეს მეორე მხარეს. შესაძლოა გარკვეული გარდატეხა მოხდეს გართულებულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით (ეს ეხება როგორც ინდივიდუალურ, ისე გლობალურ საკითხებს).
6 ივნისს ახალმთვარეობა იქნება. ამიტომ 5-6 ივნისს არასასურველია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, საბუთებზე ხელისმოწერა და ახალი საქმეების დაწყება. ეს დღეები სასურველია დასვენებას, შეცდომების აღმოჩენას და მათ გამოსწორებას დაეთმოს.
9 ივნისს ენერგიის და საქმიანობის პლანეტა, მარსი კუროს ზოდიაქოში გადაინაცვლებს და იქ თითქმის 1,5 თვის განმავლობაში იმოძრავებს. მარსის ეს პოზიცია საკმაოდ სუსტია, რადგან მარსი კუროში გამოძევებულ პოზიციაში იმყოფება. ამ დროს მიზანსწრაფვა და ბრძოლისუნარიანობა სუსტდება, ამიტომ საჭირო გახდება ერთი კონკრეტული ვექტორის მოძებნა და ამ მიმართულებით მოძრაობა. კონცენტრაციითა და შრომისმოყვარეობით ამ პერიოდის დადებითად გამოყენება შესაძლებელი იქნება.
ჯერ 17 ივნისს მერკური და ვენერა და შემდეგ უკვე 21 ივნისიდან მზე კირჩხიბის ნიშანში გადაინაცვლებს. ეს მიანიშნებს, რომ დაიწყება ემოციური პერიოდი. გაძლიერდება წარმოსახვა. ადამიანები სიყვარულში მეტად მგრძნობიარეები, მომთხოვნები და ეჭვიანები გახდებიან. მნიშვნელოვანი გახდება წარსული და მასთან დაკავშირებული თემების ანალიზი. წინ წამოიწევს ემპათიურობა და გარშემო მყოფების გაგების სურვილიც. შეიძლება ითქვას, რომ ივნისის მეორე დეკადიდან დაიწყება კირჩხიბებისთვის სასიკეთო პერიოდი, რომელიც ერთ თვეს გასტანს. ამ პერიოდში ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები უფრო მეტად თავდაჯერებულები და ორგანიზებულები გახდებიან, რაც საშუალებას მისცემთ თავი დააღწიონ წარსულის ნეგატიურ გავლენას.
23 ივნისის სავსემთვარეობა ადამიანებში გააძლიერებს ემოციურობას და ეს უპირველესად კირჩხიბებს ეხება (ასევე იმ ადამიანებს, ვისაც პირად ჰოროსკოპში მთვარე კირჩხიბის ნიშანში აქვთ განთავსებული).
ივნისის ბოლოს, კონკრეტულად კი 29-ში შავი მთვარე (იგივე ლილიტი ) სასწორის ნიშანში გადავა და იქ 2025 წლის 27 მარტამდე დარჩება. ლილიტის ნეგატიური გავლენა ბუნებრივია, სწორედ ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებზე იმოქმედებს. ზოგადად კი, მისი ეს ინგრესია მიანიშნებს მერყეობის გაძლიერებაზე და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების საჭიროებისას ამ გადაწყვეტილების "გაწელვაზე" ან საერთოდ არ მიღებაზე.
29 ივნისს წინაღობების, პრობლემების, წესრიგისა და სისტემის მმართველი პლანეტა, სატურნი რეტროგრადულად მოძრაობას დაიწყებს და ეს 15 ნოემბრამდე გაგრძელდება. ეს მიანიშნებს, რომ ყველა სისტემური პრობლემა, რომელიც წარსულში დაგროვდა, სწორედ 29 ივნისიდან-15 ნოემბრამდე პერიოდში გამოვლინდება. ეს იქნება სტრუქტურის დამუხრუჭება და გარკვეული წინაღობების შექმნა. ყველა ძველი უპასუხისმგებლო გადაწყვეტილების შედეგი ახლა დადგება. სატურნი თევზებში მოძრაობს და ბუნებრივია, ეს იქნება ყველა ქაოსური სიტუაციის მოწესრიგების პერიოდი. ყველანაირი ილუზია გაიფანტება და ის ადამიანები, რომლებსაც არაფრით არ უნდოდათ რეალობის დანახვა "კედელს შეეჯახებიან“. ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება ემოციის მოთოკვა და რეალობის პრაგმატულად გააზრება. ასეთი მიდგომით ბევრი ადამიანი შეძლებს ამ წინააღმდეგობრივი პერიოდის შედარებით უდანაკარგოდ გავლას და უფრო მეტიც, ძველი შეცდომების გამოსწორებას.
ასტროლოგი რამაზ გიგაური