დედა ქალწული შვილი ვერძი
მეტ-ნაკლებად პრობლემატური კავშირია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ვერძისა და ქალწულის ფსიქოლოგია ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, ნიშნებს შორის არსებული კვადრატურის გამო. პატარა ვერძი ხშირად გააპროტესტებს დედა ქალწულის მიერ მისთვის დადგენილ ქცევის, კვების და ჩაცმა-დახურვის ნორმებს. ქალწულს კი საშინლად არ მოეწონება ვერძის მხრიდან გამოვლენილი უყაირათობა და ქაოსის სიყვარული.
დედა ქალწული შვილი კურო
შესანიშნავი და ძალზე ჰარმონიული ერთობაა. დედა-შვილს შორის ბევრი საერთოა როგორც ფსიქოლოგიური, ისე მენტალური კუთხით. ორივე აღმერთებს სიმყუდროვეს, წესრიგსა და სტაბილურობას. ამიტომ დედა ქალწულის ხელში შვილი კურო ჭეშმარიტად წარმატებული და გაწონასწორებული ადამიანი გაიზრდება.
დედა ქალწული შვილი ტყუპი
მართალია ტყუპი და ქალწულები ერთი და იმავე პლანეტის – მერკურის მმართველობის ქვეშ არიან და ძალიან კარგად უგებენ ერთმანეთს ინტელექტუალური კუთხით, მაგრამ დედა-შვილს შორის შესაძლოა მაინც წარმოიშვას გარკვეული დაძაბულობა. უმთავრესად ტყუპის მოუსვენარი და ქარივით ცვალებადი ხასიათის გამო.
დედა ქალწული შვილი კირჩხიბი
საკმაოდ კარგი კავშირია. პატარა კირჩხიბებს ჰაერივით ესაჭიროებათ სიმყუდროვე, სტაბილური გარემო და დედა, რომელიც ყოველთვის არის გვერდით. ამ ყველაფერს კი დედა ქალწული მისთვის იდეალურად უზრუნველყოფს.
დედა ქალწული შვილი ლომი
საკმაოდ კარგი კავშირია იმ კუთხით, რომ ბოკვერის ხასიათში დაბადებიდან გამოვლენილ ეგოიზმის ელემენტებს და ზღვარგადასულ სიამაყეს, დედა ქალწული გონივრულ ჩარჩოებში მოქცევის საშუალებას მისცემს. მას შეუძლია შვილის ნიჭიერება (რაც უდავოდ ახასიათებთ პატარა ლომებს) საჭირო კუთხით მიმართოს ისე, რომ მომავალში მისგან გაწონასწორებული და ღირსეული პიროვნება გაიზარდოს.
დედა ქალწული შვილი ქალწული
საკმაოდ კარგი ტანდემია, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ეს ორი ჭკუიდან არ გადაიყვანს ერთმანეთს გამუდმებული კრიტიკითა და საყვედურებით. საქმე ისაა, რომ დედა ქალწულის მიერ მიცემულ ნებისმიერ შენიშვნაზე, პატარა ქალწულს ყოველთვის ექნება ლოგიკური და დასაბუთებულ-არგუმენტირებული პასუხი თუ რას, რატომ და რა მიზნით აკეთებს. მოკლედ, გააჩნია რომლის მერკური გაიმარჯვებს საბოლოოდ.
დედა ქალწული შვილი სასწორი
საკმაოდ კარგი კავშირია. სასწორი ბუნებით ჰარმონიისა და სილამაზის მოყვარული ნიშანია. მას ძალიან მოეწონება დედა ქალწულის მიერ მისთვის შექმნილი მყუდრო, კომფორტული და მოწესრიგებული გარემო. გარდა ამისა, დედა მას გადაწყვეტილებების მიღებაშიც დაეხმარება როგორც პატარაობისას ისე დიდ ასაკში, როცა საქმე დილაობით სამოსის შერჩევაზე ან თაყვანისმცემლებთან დაკავშირებულ პრობლემაზე მიდგება.
დედა ქალწული შვილი მორიელი
საკმაოდ ჰარმონიული კავშირია, იმ შემთხვევაში თუ დედა ქალწულის ცივი გონება ცოტათი მაინც შეძლებს ჩასწვდეს მისი ემოციური და მგრძნობიარე შვილის მოთხოვნილებებს. მორიელები ერთგულებას აფასებან, რაც ქალწულის ნიშნის სავიზიტო ბარათია. ამიტომ პატარა ღრიანკლისთვის დედა შესაძლოა მთელი ცხოვრების მანძილზე იქცეს საუკეთესო მეგობრად და მესაიდუმლედ.
დედა ქალწული შვილი მშვილდოსანი
საკმაოდ პრობლემატური კავშირია, ძირითადად ტემპერამენტისა და მსოფლმხედველობის რადიკალური სხვაობის გამო. თუკი დედა ქალწულს ტიპური მშვილდოსნის აღზრდა ერგო წილად, იგი არაერთგზის ჩავარდება საგონებელში მისი დაუმორჩილებელი ხასიათისა და ქაოსურობის გამო. მშვილდოსანს კი თავის მხრივ დედა ქალწულის მენტორული ტონი და გამუდმებული შენიშვნები გააღიზიანებს.
დედა ქაწლული შვილი თხის რქა
შესანიშნავი და ძალიან ჰარმონიული ტანდემია დედა-შვილს შორის. თხის რქაც ისევე როგორც ქალწული მიწის სტიქიის წარმომადგენელია, ამიტომ დედასა და შვილს ძალიან ბევრი რამ იქნება საერთო. ქალწული შვილი თხის რქის აღზრდა-განათლებაში მთელ თავის რესურსს ჩადებს, შვილი თხის რქა კი ყველანაირად ეცდება სამომავლო დედის ამაგი დააფასოს.
დედა ქალწული შვილი მერწყული
მეტ-ნაკლებად თავსებადი კავშირია. თავისუფლებისმოყვარე და ექსცენტრიკულ პატარა მერწყულს ალბათ გაუჭირდება დედა ქალწულის მხრიდან ოჯახში დადგენილი ქცევის წესების ატანა. ქალწული კი თავის მხრივ მერწყულის მიერ გამოვლენილი უტოპიური იდეებითა და არაპროგოზირებადი ხასიათით იქნება გაღიზიანებული.
დედა ქალწული შვილი თევზი
საკმაოდ რთული კავშირია ძირითადად ემოციური დისბალანსის გამო. თევზები და ქალწული ოპოზიციურ ნიშნებს წარმოადგენენ, ამიტომ მათ შორის ყველაზე რთულად არის საქმე, როცა საუბარი ემოციებს ეხება. თევზების სენსიტიური ბუნება, დედა ქალწულის მხრიდან შესაძლოა უბრალოდ ბავშვურ ჭირვეულობად მოინათლოს. ამას კი შეიძლება სამომავლოდ შვილთან გაუცხოება მოჰყვეს.