დედა ტყუპი – შვილი ვერძი
მშვენიერი ტანდემია დედა-შვილს შორის. ტყუპი დედა აღფრთოვანებული იქნება პატარა ვერძის აქტიური, მხიარული და მოუსვენარი ხასიათით. იგი სიამოვნებით გაერთობა მასთან ერთად მულტფილმების ცქერით და საბავშვო ატრაქციონებზე ქროლვით.
დედა ტყუპი – შვილი კურო
ტყუპ დედას შვილი კუროს სერიოზულობა ძალიან ხშირად შეუქმნის თავსატეხს, გარდა ამისა, პრობლემას კურო ბავშვის სიჯიუტეც იქნება. თუმცა, დედა ტყუპი, ცვალებადი ხასიათის წყალობით მალე დაივიწყებს, რომ შვილმა ცოტა ხნის წინ მოთმინებიდან გამოიყვანა უაპელაციო პრინციპულობით.
დედა ტყუპი – შვილი ტყუპი
მათთან ერთად, ერთ ჭერქვეშ ყოფნა თუთიყუშებით სავსე ოთახში ცხოვრებას ჰგავს. ისინი გამუდმებით და სულ ილაპარაკებენ სხვადასხვა თემაზე. ეს პროცესი კი ჯერ კიდევ ჩვილის მუცლად ყოფნის პერიოდიდან დაიწყება, როცა ტყუპი ქალი ზღაპრებს, ან უბრალოდ ყოველდღიურ ამბებს მოუყვება თავის ჯერ არდაბადებულ პირმშოს.
ტყუპი დედა – კირჩხიბი შვილი
არცთუ ჰარმონიული კავშირია, ძირითადად ემოციური კუთხით. პატარა კირჩხიბი, დედა ტყუპის ცვალებად განწყობას რთულად მიეჩვევა, იმიტომ რომ კირჩხიბებს, როგორც წესი, ყველაზე მეტად სტაბილურობა ესაჭიროებათ, რაც ქალ ტყუპს ხასიათში ნაკლებად გააჩნია. ამიტომ დღეს თუ ხვევნა-კოცნითა და საჩუქრებით აავსებს შვილს, ხვალ შეიძლება მთელი დღის მანძილზე მეზობლებს დაუტოვოს მისახედად, თავად კი შოპინგით გაერთოს.
ტყუპი დედა – ლომი შვილი
საკმაოდ კარგი კავშირია. დედა ტყუპი ბედნიერი და ამაყი იქნება ბოკვერის ხასიათის და ვიზუალური მონაცემების შემხედვარე. იგი ბავშვობიდან გაანებივრებს მას და ასწავლის საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინოს საზოგადოების წინაშე. პირველ აპლოდისმენტებს კი ბოკვერი სწორედ დედისგან მიიღებს.
ტყუპი დედა – ქალწული შვილი
მიუხედავად იმისა, რომ ტყუპსა და ქალწულს ერთი და იგივე პლანეტა – მერკური მფარველობს, დედა-შვილს შორის დიდი განსხვავებაა, ძირითადად ემოციური კუთხით. ქალწულებს სტაბილურობა უყვართ, რაც პირველ რიგში კვების ზუსტ რეჟიმს და სიმშვიდეს გულისხმობს. ტყუპი დედის ხელში კი მას შეიძლება გამუდმებით არეული ჰქონდეს სადილ-ვახშმის დრო. ოჯახურ სიმყუდროვეს კი დედა ტყუპის მრავალრიცხოვანი დაქალები დაურღვევენ.
ტყუპი დედა – სასწორი შვილი
შესანიშნავი და ძალიან ჰარმონიული კავშირია. დედა ტყუპი დაბადებიდანვე აღფრთოვანებული იქნება თავისი ჰაეროვანი ნაშიერით. ამასთან ერთად, არც მისი ხასიათის მუდმივი რყევა და ცვალებადობა შეაწუხებს დიდხანს, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თავადაც იგივე სიმპტომების მფლობელია ხასიათში.
ტყუპი დედა – მორიელი შვილი
მეტ-ნაკლებად პრობლემატური კავშირია. ტყუპი დედის ჰაეროვნება ბუნებით ეჭვიან და ფრთხილ მორიელს შედარებით დიდ ასაკში ნამდვილად არ მოეწონება. გარდა ამისა, მორიელის ემოციათა სიღრმეს დედა ტყუპი ვერასოდეს ჩასწვდება ბოლომდე, რის გამოც შეიძლება პატარა მორიელმა (თუკი კომპენსაციად მამა მაინც არ მოევლინა) თავი ოჯახში მიუსაფრად და უცხოდ იგრძნოს.
ტყუპი დედა – მშვილდოსანი შვილი
მიუხედავად იმისა, რომ ტყუპი-მშვილდოსანის წყვილი ოპოზიციურ ნიშნებს განეკუთვნება მათ აქვთ ხასიათში ისეთი თვისებები, რის ხარჯზეც შეუძლიათ ურთიერთობა დააბალანსონ. დედა ტყუპი სიამოვნებით გაერთობა პატარა მშვილდოსანთან ერთად ატრაქციონებზე, ითამაშებს ბურთს ან ბედნიერი ჭყლოპინით გაუშვებს ცაში ფერად-ფერად საპნის ბუშტებს. ამ ორს შორის საერთო არის ის რომ არასოდეს იზრდებიან და მათში ყოველთვის ცოცხლობს ბავშვი.
ტყუპი დედა – თხის რქა შვილი
საკმაოდ პრობლემატური კავშირია, ნიშნებს შორის არსებული კვადრატურის გამო. ერთი შეხედვით შეიძლება ვერც გაარკვიოთ ამ ორს შორის რომელია დედა და რომელი შვილი. თხის რქა, რომელიც ბრძნულად არიგებს ჭკუას ტყუპს (მაგ. რა დღეში ხარ ამხელა ქალი?) თუ ტყუპი, რომელიც ყირაზე გადადის კოპებშეკრული შვილის თანდასწრებით.
ტყუპი დედა – მერწყული შვილი
იდეალური კავშირია. ორი ჰაერის ნიშნის ურთიერთობა არასოდესაა მოსაწყენი, თუმცა შეიძლება იყოს აუტანელი და დამღლელი ოჯახის დანარჩენი წევრებისთვის (მით უმეტეს თუ ისინი წყლის ან მიწის სტიქიით დაიბადნენ). დედა ტყუპი და შვილი მერწყული ყოველთვის იპოვიან სასაუბრო თემას ან საერთო გასართობს. ამასთან ერთად, ტყუპი დედა მერწყული შვილის თავისუფლებას არასოდეს შეზღუდავს და არც უხეშად ჩაერევა მის პირად ცხოვრებაში.
ტყუპი დედა – თევზი შვილი
გარკვეულწილად პრობლემატური კავშირია, მით უმეტეს თუ თევზი ბავშვი ნიშნის ტიპურ წარმომადგენელს განეკუთვნება. მართალია დედა-შვილს შორის საერთო ის გახლავთ, რომ ორივე გაორებული ნიშანია, თუმცა ტყუპის ჰაეროვან ბუნებას ნაკლებად შესწევს ძალა, თევზების ღრმად ემოციური სამყარო გაითავისოს.