ავტორი:

ახალმთვარეობას თევზებში შეუძლია ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს: ჩამოწერეთ მიზნები, დააკვირდით მინიშნებებს და გაიგეთ, რა გელით თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ახალმთვარეობას თევზებში შეუძლია ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს: ჩამოწერეთ მიზნები, დააკვირდით მინიშნებებს და გაიგეთ, რა გელით თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ორ მარტს ახალმთვარეობას ველოდებით 21:34-ზე, თევზების მე-13 გრადუსში. ახალმთვარეობა არის სტარტი და ეს დღეს არის უნიკალური, როცა გვეძლევა შესაძლებლობა, სასიამოვნო სიახლეები შევიტანოთ ჩვენს ცხოვრებაში. მარტის ახალმთვარეობაზე პლანეტები იმგვარადაა განლაგებული, რომ შევძლებთ სურვილების, მიზნების განხორციელებას. მთავარია, მოვინდომოთ. მომატებული იქნება ოპტიმიზმი, ამბიციურობა. მოგვინდება თვალსაწიერის გაფართოება. გირჩევთ გააქტიურდეთ, დაიწყოთ ახალი საქმეები, პროექტები, იდეების განხორციელება. ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ განვითარდება. ახლა იუპიტერი - "დიდი ბედნიერების" პლანეტა თევზებში და ახალმთვარეობის წერტილთნ ახლოს მდებარეობს და გვპირდება დიდ გამარჯვებას, გაფართოებას. გველის შემოსავლის გაზრდა (და თუ არასწორად ვიკვებებით, სხეულის მასის გაზრდაც), გამოჯანმრთელება, საინტერესო და გავლენიან ადამიანთან ნაცნობობა. აქვეა ნეპტუნიც (აპრილში ამ ორი პლანეტის შეერთება გველოდება, რაც საინტერესო შესაძლებლობებს მოგვიტანს, მაგრამ ამაზე მოგვიანებით). იოცნებეთ, ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. თევზები არის ინტუიციური, მისტიკური, შემოქმედებითი ნიშანი და გამორიცხული არაა, საკუთარ თავში ახალი ნიჭი აღმოაჩინოთ.

2 მარტის ახალმთვარეობა იმითაცაა გამორჩეული, რომ ყველა პლანეტა სწორი მიმართულებით მოძრაობს. ამიტომ ამ ახალმთვარეობას შეუძლია თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. ყველაფერი, რასაც ახლა დაიწყებთ, კარგად განვითარდება და შედეგსაც სწრაფად მიიღებთ. თანაც, ძალიან ბევრი პლანეტა ერთდება, - მზე და მთვარე იუპიტერთან და ნეპტუნთან ერთად, მერკური სატურთან, პლუტონი ვენერა-მარსთან. ამ უკანასკნელების დამანგრეველ შეერთებას ანეიტრალებს სიყვარულისა და სილამაზის პლანეტა ვენერა. პლუტონი და მარსი ორივე რთული და დამაზიანებელია, მაგრამ ამასთან პლუტონმა შეიძლება მოგიტანოთ ძირეული ცვლილებები, ბევრი ფულის გამომუშავების შესაძლებლობა, მარსმა კი მოგანიჭოთ ენერგია აქტიური მოქმედებისთვის. ვენერა კი მეტად შეარბილებს, შეალამაზებს ორივეს ქმედებას. ამასთან, ამ სამი პლანეტის გავლენით მოგინდებათ ძირეული ცვლილებები პირად ურთიერთობებში, ფინანსურ სფეროში. ამის შესახებ სტატია უკვე გვაქვს საიტზე და შეიძლიათ გაეცნოთ. მერკურისა და სატურნის გავლენით კარგი იქნება დაიწყოთ მოლაპარაკებები; სერიოზული საქმეები და იმოქმედოთ გააზრებულად, გრაფიკით; მოაგვაროთ ფინანსური საკითხები. გააფორმოთ მნიშვნელოვანი, მრავალხნიანი ხელშეკრულებები. კარგი იქნება საყიდლები. კარგ შედეგს მიაღწევთ მკვლევრები, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები. იყავით აქტიური; ამ ახალმთვარეობაზე დაწყებული საქმეები მომავალში კარგ შედეგებს მოგიტანთ.

თევზების ზოდიაქო, სადაც ველოდებით ახალმთვარეობას, არის წყლის სტიქია, ესაა ოკეანე, თავისი საიდუმლოებებით. ეს არის შემოქმედი, ხელოვანი ადამიანების ნიშანი. თუ ზუსტად იცით, რა გსურთ, რა უნდა გააკეთოთ, გააქტიურდით, წარმატება მიაღწევთ. ზოგიერთმა შეიძლება მოსინჯოს საკუთარი თავი ჰობიში და ეს მოუტანს გამარჯვებას, აღიარებას, პოპულარობას, მატერიალურ კეთილდღეობას. თევზები არის მიმღეობა, კოსმიური სიყვარული, მისტიკა, სიზმრები, მკურნალობა. მოგეცემათ თქვენი ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობა. დააკვირდით სიზმრებს, ინტუიციას, მინიშნებებს. შეიძლება რაღაც უჩვეულო გამოიგონოთ ან მიაგნოთ ასეთს. დააკვირდით თქვენს შეგრძნებებს; შეიძლება დაინახოთ თქვენი თავი მომავალში. აისრულოთ სურვილები, რაზეც დიდი ხანია ოცნებობდით. აუცილებლად ჩამოწერეთ თქვენი სურვილები და აგრეთვე მიზნები, რომლებსაც განახორციელებთ 1, 5, 10 წლის შემდეგ.

ახლა კი ვნახოთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მომდევო 2 კვირის განმავლობაში თქვენი ნიშნის მიხედვით. გაეცანით პროგნოზს მზისა და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით. ვინ იგრძნობს ახალმთვარეობას ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა, ის ადამიანები, ვისაც მზე ჰყავს თევზებში ან ასცენდენტი. განსაკუთებით, თუ თევზების 12-14 გრადუსში გყავთ მნიშვნელოვანი წერტილები. ან დაბადების დღეს აღნიშნავთ პირველ-5 მარტს.

ვერძი

დაასრულებთ ადრე დაწყებულ საქმეებს, პროექტებს. გამონახეთ დრო შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. კარგი იქნება სამეცნიერო სამუშაოების ჩატარება; აგრეთვე, საკუთარ თავში, სურვილებში, მომავალ მიზნებში გარკვევა. შეიძლება საკუთარ თავში აღმოაჩინოთ ახალი ნიჭი, ტალანი. წარმატებული დრო გელით, თუ საიდუმლო მასალებთან გიწევთ მუშაობა ან დახურული ტიპის სამსახურში. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ ემიგრაცია. შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ გარშემო მყოფებს. მეტად განმარტოვდით და მოინახულეთ წმინდა ადგილები; აგრეთვე კარგი იქნება სანატორიუმში დასვენება და მკურნალობა. გაგიტაცებთ ეზოტერიკული მეცნიერებები; დააკვირდით სიზმრებს. ზოგიერთმა შეიძლება გაიგოთ საიდუმლო, რასაც აქამდე გიმალავდნენ ან სულაც თავად გაიჩინოთ ფარული შემოსავალი, ან გააბათ ფარული რომანი.

კურო

გაერთიანდით თქვენთვის საინტერესო ჯგუფებში, ეს შეიძლება იყოს სწავლის მიზნით ან ვინმეს დაცვის, დახმარების, ან თავად შექმენით ასეთი. მეტად უნდა გააქტიურდეთ სოციალურ ქსელებში, დაიწყეთ ბლოგის წერა თქვენთვის საინტერესო თემებზე, გაუზიარეთ ხალხს რჩევები. სულაც დაიწყეთ ინტერნეტბიზნესი, გახსენით "ინტერნეტმაღაზია". კარგი იქნება, თუ დაესწრებით ინტერნეტლექციებს. ახლა განხორციელებულმა იდეებმა შეიძლება მოგიტანოთ მატერიალური კეთილდღეობა ან საქმიანობის შეცვლა. გახშირდება მეგობრული შეხვედრები. შეიძლება ახალი საქმეები დაიწყოთ მათთან ერთად. მარტოხელებმა შეიძლება გააბათ ინტერნეტნაცნობობა ან - მეგობართან რომანი.

ტყუპი

სასიამოვნო ცვლილებები გელით კარიერაში. გაიუმჯობესებთ სამუშაო პირობებს, აიმაღლებთ სტატუსს, დაფასდებით გარშემო მყოფებში, მიიღებთ მატერიალურ სარგებელს ადრე შესრულებული საქმისთვის. მოინდომეთ უფრო მეტი, ვიდრე ახლა გაქვთ, ჩამოწერეთ სამომავლო მიზნები. შეიძლება საცხოვრებლად გადახვიდეთ უკეთეს პირობებში, პრესტიჟულ უბანში. გამორიცხული არაა, სამსახურში დაგემატოთ ვალდებულებები. შეიძლება შეგეცვალოთ სტატუსი - დაქორწინდეთ, გახდეთ მშობელი ან დაფასებული გახვიდეთ პენსიაზე.

კირჩხიბი

გაგიტაცებთ ყველაფერი უცხოური. შეიძლება გაემგზავროთ საზღვარგარეთ სამოგზაუროდ (წმინდა ადგილების მოსანახულებლად), დაიწყოთ უცხო ენის შესწავლა, გაიცნოთ უცხოელები, დაიწყოთ ბიზნესი საზღვარგარეთ. დაინტერესდებით უცხო კულტურით, სამზარეულოთი. საუკეთესო თვეა სასამართლო და იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, პუბლიკაციებისთვის. გადაწყვეტთ უმაღლესში ჩაბარებას. შეიძლება მეორედ დაქორწინება გადაწყვიტოთ ან გაიგოთ, რომ შვილიშვილი გეყოლებათ. ან არსებულების ცხოვრებაში მოხდება სასიამოვნო სიახლეები.

ლომი

ფინანსური საკითხების მიმართ უნდა გამოავლინოთ მეტი ყურადღება. გადახედეთ გადასახადების საკითხს, მოაგვარეთ მემკვიდრეობის თემა, მოითხოვეთ კომპენსაცია. შეიძლება პარტნიორების (საქმიანი და სასიყვარულო) მატერიალური წყაროებით ისარგებლოთ. კარგი იქნება, თუ დაინტერესდებით ფსიქოლოგიით. თუ სესხის აღებას გადაწყვეტთ, კარგ პირობებს შემოგთავაზებენ. ან პირიქით, გათავისუფლდებით ფინანსური ვალდებულებებისგან, გაისტუმრებთ ვალებს. იუპიტერის დახმარებით შეიძლება გავლენიანმა ადამიანმა დაგაფინანსოთ ან ვიღაცამ განდოთ ბიზნესი. შეძლებთ საკუთარი თავის ტრანსფორმაციას. დაგაინტერესებთ ეზოტერიკული მეცნიერება. ზოგიერთს კი გამოგიჩნდებათ ახალი სექსუალური პარტნიორი.

ქალწული

მოიმატებს თქვენი პოპულარობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებში, საქმიან პარტნიორებში. გადაწყვეტთ ახალი საქმიანი ხელშეკრულებების გაფორმებას ან დაქორწინებას. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ხშირად მოგმართავენ რჩევისთვის. გაგიჩნდებათ ახალი კლიენტები, პარტნიორები, რომლებთან ერთადაც დაიწყებთ ახალ საქმეებს. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან, შეიძლება გადაწყვიტოთ დაქორწინება, თუ მარტოხელა ხართ, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება საინტერესო ადამიანი. ამასთან, ეს ახალმთვარეობა დაგეხმარებათ გაერკვეთ გსურთ თუ არა გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენა.

სასწორი

თუ გსურთ, მიიღებთ ახალ სამსახურს, საქმეებს, მოგემატებათ ყოველდღიური ვალდებულებები, მოგიწევთ ახლობლებზე მეტად ზრუნვა. შეიძლება ახალი შინაური ცხოველის მფლობელი გახდეთ. ან დაიწყოთ შინაურ ცხოველებთან მუშაობა. სამსახურში შეიძლება გამოგიჩნდეთ ახალი უფროსი ან ახალი კოლეგა. გირჩევთ, მეტი ყურადღება გამოიჩინოთ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. გაიუმჯობესეთ დღის განრიგი, - ძილისა და კვების რეჟიმს, დიდხანს ისეირნეთ ფეხით. თუ მკურნალობის დაწყებას აპირებთ, კარგ შედეგს მიიღებთ. ზოგიერთმა შეიძლება დამხმარე აიყვანოთ: მძღოლი, ძიძა, დიასახლისი.

მორიელი

მოიმატებს გამარჯვების, კონკურენციის სურვილი. იაქტიურეთ, წარმატებას მიაღწევთ. კარგი პერიოდია ბიზნესის დასაწყებად, ჰობისთვის. ახალმთვარეობა მოგიტანთ ახალ რომანტიკულ ნაცნობობას. არსებული სასიყვარულო კავშირი კი მეტად ჰარმონიული გახდება. მეტად იზრუნეთ და შეიყვარეთ საკუთარი თავი. დაისვენეთ, ჩაიტარეთ მასაჟის კურსი, ესტუმრეთ სპა-ცენტრებს, გაიხალისეთ თავი კულტურულ და ელიტურ წვეულებებზე დასწრებით. ახალი შემოქმედებითი იდეები დაგებადებათ და მათი განხორციელება პოპულარობას, მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. გაგახარებენ შვილები თავიანთი წარმატებით. ზოგიერთი კი გადაწყვეტს, გახდეს მშობელი.

მშვილდოსანი

ახალმთვარეობის შემდეგ მეტი დრო უნდა დაუთმოთ ოჯახს, საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას. ეცადეთ, გაიუმჯობესოთ საოჯახო პირობები, დამოკიდებულება ნათესავებთან. იზრუნეთ მშობლებზე. საუკეთესო პერიოდია მშობლიური ადგილების, დიდი ხნის უნახავი ახლობლების, ბავშვობის მეგობრების მოსანახულებლად. გამორიცხული არაა, შეიცვალოთ საცხოვრებელი ადგილი: ქალაქგარეთ გადახვიდეთ საცხოვრებლად ან პირიქით - ქალაქში დაფუძნდეთ. საყვარელმა ადამიანმა შეიძლება გაგაცნოთ მშობლებს და მათ საკუთარი შვილივით მიგიღონ. ზოგიერთმა შეიძლება საოჯახო ბიზნესში ჩართვა ან სახლიდან მუშაობა გადაწყვიტოთ.

თხის რქა

მოიმატებს ინტელექტუალური საქმიანობა. გახშირდება მიმოსვლა მოკლე მანძილზე. მოგინდებათ სწავლა, თქვენთვის საინტერესო კურსებზე, სემინარებზე დასწრება. გახშირდება საქმიანი შეხვედრები და თუ სამსახურის მაძიებელი ხართ, გასაუბრებები. კარგი დროა სოციალურ ქსელში ჯგუფის შესაქმნელად და ხალხისთვის რჩევების მისაცემად. გამონახეთ დრო ავტომობილის მართვის შესასწავლად, ზოგი შეიძენთ კიდეც მანქანს. ან შეიძლება დაიწყოთ ახალი სამსახური, რომელიც დაკავშირებული იქნება მიმოსვლასთან, ხალხთან კონტაქტთან. გააფორმებთ თქვენთვის მნიშვნელოვან საბუთებს. გაიჩენთ ახალ მეგობარს, რომელიც დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში.

მერწყული

მეტად დააფასეთ თქვენი თავი, შესაძლებლობები, ტალანტი. გამოგიჩნდებათ ახალი სამსახური, მიიღებთ საინტერესო შემოთავაზებას, ჩაერთვებით ახალ პროექტებში, მაგრამ ეცადეთ, მეტად დაიფასოთ საკუთარი თავი. მოხდება ღირებულებების გადაფასება. მოგინდებათ ცხოვრების, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. შეიძლება გამონახოთ შემოსავლის დამატებითი წყარო. იზრუნეთ იმუნიტეტის, განწყობის გაუმჯობესებაზე. რაც უფრო ჯანმრთელი და ხალისიანი იქნებით, მით მეტ საქმეს შეასრულებთ და მით მეტ სარგებელს ნახავთ. საუკეთესო იქნება ახალმთვარეობის შემდეგ ძვირად ღირებული ნივთების შეძენა, ფულის დაბანდება ნივთებში. იუპიტერის გავლენით შეიძლება მოიმატოთ წონაში და გაფრთხილდით.

თევზები

თქვენ მარტის გმირი ხართ, ვარსკვლავური დრო დაგიდგა. მეტად გამოავლინეთ ლიდერის თვისებები; იყავით თქვენი ცხოვრების მთავარი გმირი. დაწერეთ მთელ წელზე გათვლილი სამომავლო გეგმა, ჩამოწერეთ სურვილები, წარმოიდგინეთ, იოცნებეთ. შეგიძლიათ გააკეთოთ ყველაფერი, რაც გსურთ; დაიწყოთ ახალი საქმეები, პროექტები, შეიცვალოთ საქმიანობა. იყავით აქტიური, მიზანმიმართული. გამოგიჩნდებათ ახალი პარტნიორები - სასიყვარულოც და საქმიანიც. შეიძლება გადაწყვიტოთ დაოჯახება, შვილის გაჩენა. კარგი იქნება, თუ დაივიწყებთ მავნე ჩვევებს და დაიწყებთ ახალი, სასარგებლო ჩვევების დანერგვას. ახალმთვარეობა საუკეთესო დროა იმიჯის შესაცვლელად. მიიღებთ საჩუქრებს, ჯილდოებს.