24 მარტს, წერეთლის გამზირზე, პოლიციიდან 500 მეტრში მომხდარი მკვლელობა სამართალდამცველებმა ოპერატიულად გახსნეს. უკვე დაკავებულია მკვლელობაში ბრალდებული, 23 წლის არჩილ მ. მკვლელობის მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება. გამოძიების მტკიცებით, ნასვამმა პირმა შელაპარაკებისას 1983 წელს დაბადებული გიორგი ბ. გულმკერდისა და ფეხის არეში დანით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიმალა.
დანაშაულის გახსნა სამართალდამცველებს არ გაუჭირდებოდათ, რადგან დანაშაულის მიმდებარე ტერიტორიაზე ყველგან სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული. დაჭრილის გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა. თვითმხილველების ცნობით, გიორგიმ ტაქსის გაჩერება მოახერხა, მაგრამ საავადმყოფოში მიყვანამდე ის გზაში გარდაიცვალა. ძალოვნებმა უკვე ამოიღეს მკვლელობის იარაღი - დანა. ბრალდებული ჩადენილს აღიარებს, მას წინასწარი პატიმრობა მალე შეეფარდება.
თვითმხილველების თქმით, დანაშაული, სავარაუდოდ, საღამოს ცხრა საათზე მოხდა. წინასწარი მონაცემებით, მას დანით 8 ჭრილობა აქვს მიყენებული. ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
თვითმხილველების ცნობით, გიორგი ბ-ს დაჭრა წერეთელზე, "მაკლდონალდსის" მოპირდაპირე მხარეს მოხდა. "სტაიანშიკი" ამბობს, რომ შელაპარაკება ბიჭებს შორის დიდხანს არ გაგრძელებულა.
"დაახლოებით ცხრა საათი იქნებოდა, გზის მეორე მხარეს ჩოჩქოლის ხმა რომ გავიგე. სულ 4 ადამიანი იყო. მალე ერთმა ახალგაზრდამ გზა გინებით გადმოჭრა და დანარჩენებს ემუქრებოდა - ხომ იცით, ამას არ გაპატიებთ და ხვალ მოგიწევთ ამაზე პასუხის გაცემაო. გამხდარი ბიჭი იყო, მხარზე პატარა ჩანთა ეკიდა, გზა გადმოჭრა და პოლიციის მხარეს გადავიდა. როგორც ჩანს, მერე გააჩერა ტაქსი. ტაქსიში როგორ ჩაჯდა, არ დამინახავს. დღეს გავიგე, რომ ის ბიჭი გარდაცვლილა. ისეთი ხმაური არ ყოფილა, ხალხი რომ შეკრებილიყო. დავინახე გზის მეორე მხარეს, სადაც ჩოჩქოლი მოხდა, სამი ადამიანი დარჩა, ისინიც ახალგაზრდები იყვნენ. მათ შორის ერთი ქალი იყო და დიდუბის ტაძრისკენ წავიდნენ,- ამბობს "სტაიანშიკი".
რა იყო კამათის მიზეზი, ეს დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ფაქტზე გამოძიება განზრახ მკველელობის მუხლით მიმდინარეობს.
თეა ხურცილავა