მსახიობი ხათუნა იოსელიანი, რამდენიმე წელია, ამერიკაში ცხოვრობს და საქმიანობს. რამდენიმე დღის წინ, მას ინტერნეტით დავუკავშირდით. საუბარზე სიამოვნებით დამთანხმდა, მაგრამ მოუცლელობის გამო, ვრცელი ინტერვიუს მოცემა ვერ შეძლო.
ამერიკული ცხოვრება
- ჩემი ამერიკული ცხოვრება მიდის ისე, როგორც ამერიკას შეეფერება. აქ, როგორც იცით, გაწევრებული ვარ ერთ-ერთ თეატრალურ დასში. ეს არის თეატრი, რომელსაც ხელმძღვანელობენ ქართული კულტურის ფანატი ადამიანები: ლიკა ბახტურიძე-სირელსონი და ბატონი ვიქტორ სირელსონი. გვაქვს ძალიან ბევრი წრე, ვდგამთ სპექტაკლებს, გვყავს უნიჭიერესი მსახიობები და საოცრად კარგი მაყურებელი. რაც მთავარია, ვარ ჩემი საყვარელი ქართველი ხალხის გარემოცვაში. ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს, როდესაც ვხედავ და ვგრძნობ, თუ როგორ ვუყვარვარ ადამიანებს. ეს სიყვარული უფლის საჩუქრად მიმაჩნია.
შეხვედრა "კაშკაშა ვარსკვლავთან"
- გასახსენებელი ბევრი მყავს. ახლა, როდესაც ცხოვრების ნახევარზე მეტი განვლილია, ჩემი მეხსიერების გალერეას გადავხედე და აღმოვაჩინე უამრავი ადამიანი, რომელთა მოგონებაც გულს ესალბუნება. პირველ რიგში, ჩემი ქალიშვილების მამას და იმ პატარა ეპიზოდს გავიხსენებ, როდესაც ის გავიცანი. მეშვიდე კლასში ვიყავი, როდესაც მე და ჩემი მეგობარი მზია გოგლიძე "შატალოზე" წავედით. ჩვენი ერთ-ერთი მეგობრის დეიდა - ნანა ცხომელიძე ბიბლიოთეკის გამგედ მუშაობდა ერთ-ერთ სკოლაში. ახალგაზრდა გოგონა იყო და მასთან ვმეგობრობდით. ჰოდა, "შატალოზე" წასულები მასთან მივედით. ვსაუბრობდით, როცა კარი გაიღო და ორმა "კაშკაშა ვარსკვლავმა" შემოანათა: ერთი განათებულ, ახალამოსულ მზეს ჰგავდა - მაღალი, ცისფერთვალება, ქერა, ათლეტური აღნაგობის; მეორე კი შავგვრემანი იყო, დიდი, კაკლის მურაბასავით შავი თვალებით. პირველი გახლდათ ზურა შენგელია, მეორე კი თემურ მასხულია. ვიდექით მე და ზურიკო და ვტკბებოდით ერთმანეთის ცქერით. ეს იყო, არის და იქნება ჩემი მეხსიერების მთავარი ნაწილი. მოგვიანებით, ჩვენ დავქორწინდით და გვყავს ორი ულამაზესი ქალიშვილი - თამუნა და მაკუნა... ოი, რამდენს უძლებს ადამიანის გული!.. 20 თებერვალს ჩემს ზურაბიელოს 70 წელი შეუსრულდებოდა...
მწყემსი ბიჭი და გულაჩუყებული სტუდენტი
- ასევე მინდა გავიხსენო ის პერიოდი, როდესაც თეატრალურ უნივერსიტეტში ვაბარებდი. გოგო ვარ ისეთი, რომ ჩემს დანახვაზე ცა ქუხილს იწყებს, თავი კიტრად მომაქვს (იცინის). გენიალური და ნიჭიერი ჯგუფი შევიკრიბეთ. პირველი გამოცდა დაინიშნა. ჩვენთან ერთად მეცხვარე ბიჭი აბარებდა. მწყემსი პირდაპირ იალაღებიდან გვესტუმრა, ყავისფერ კოსტიუმში, გაურკვეველი ფერის პერანგსა და საგულდაგულოდ გაწმენდილ ფეხსაცმელში გამოწყობილი. ის ეთერ ნიკალაევნამ გამოიძახა. მის დანახვაზე, ყველა სტუდენტს სახეზე ღიმილმა გადაგვირბინა. "რას წაიკითხავთ, ყმაწვილო?" - ჰკითხა ეთერ ნიკალაევნამ. - "მე, ჰო, რავი აბა... მე მინდა ჩემი დაწერილი წაგიკითხოთ, ორი ჭადრის სიყვარულის ამბავი", - ძლივს ამოილუღლუღა. - "თქვენ გინდოდათ გეთქვათ, სიყვარულის ისტორია, არა?" - "ხო, ხო, ისტორია იყოს, კაცოუ", - თქვა და დაიწყო წაკითხვა. ყველა სულგანაბული ვუსმენდით და ვაი შენს ხათულიას, მისმა წაკითხულმა ისე იმოქმედა ჩემზე, რომ გული ამიჩუყდა და ცრემლად დავიღვარე. გია კობახიძემ დამშვიდება დამიწყო. ხმაურის გამო გამოცდიდან ორივე გამოგვაგდეს და ამის გამო კიდევ უფრო მოვუმატე ტირილს. უეცრად ვიღაც მომეფერა, დამიყვავა. თავი ავწიე და ვის ვხედავ!.. უნდა გითხრათ, რომ ამის გახსენებაზე ახლაც ჟრუანტელი მივლის: ორი კორიფე, ორი ვარსკვლავი - აკაკი ხორავა და დოდო ალექსიძე იდგა ჩემ გვერდით და ცდილობდნენ, დავემშვიდებინე. მათ დანახვაზე კიდევ უფრო ავღრიალდი. ის სითბო, რაც იმ დღეს მათ ჩემ მიმართ გამოხატეს, გულს დღემდე მითბობს... სხვათა შორის, იმ მწყემს ბიჭს ბატონმა საშა მიქელაძემ მოჰკიდა ხელი და უნივერსიტეტში წაიყვანა. ჰოდა, დღეს ჩვენი მწყემსი ცნობილი პროფესორია.
დაუსრულებელი სპექტაკლი
- ასევე, დიდი სიამოვნებით და სითბოთი მინდა გავიხსენო ქალბატონი ლილი იოსელიანი. მის დადგმულ "ჰამლეტში" "თითქმის" ვითამაშე. მთელი 8 თვე მიდიოდა რეპეტიციები. რა მასტერკლასები გვქონდა, რომ იცოდეთ, ეს არასოდეს დამავიწყდება და დღემდე ამ დღეების გახსენებით ვსულდგმულობ. და თუ რატომ ვითამაშე "თითქმის", ახლავე გეტყვით: პრემიერის დღეს დარბაზი ხალხით იყო გადაჭედილი. ჰამლეტის როლს მსახიობი ზურა სტურუა თამაშობდა. ხაფანგის სცენამდე ვართ მისულები და უეცრად, წამოხტა ზურა და გაიქცა, სცენა დატოვა. ყველანი გაოცებულები და ნირწამხდარნი ვსხედვართ (ამ ფაქტის გახსენებაზე ახლაც ცუდად ვხდები). ცალი თვალი გავაპარე ქალბატონი ლილისკენ. მისგან მეხის გავარდნას ველოდით, მაგრამ ეს დიდებული ქალბატონი წარბშეუხრელად იჯდა. "ხდება" - ეს ერთი სიტყვა თქვა, წამოდგა და გავიდა. ეს ჩემთვის ერთ-ერთი მაგალითია და აქ ამერიკაში, როდესაც სპექტაკლების დადგმა დავიწყე, სულ ლილიკო მიდგას თვალწინ.
ბებიის მიერ ნაცემი მასწავლებელი
- გამოგიტყდებით, სკოლაში არცთუ ისე კარგად ვსწავლობდი. განსაკუთრებით, ტექნიკური საგნები არ მომწონდა, ამიტომ მშობლებს მოსამზადებლად, რეპეტიტორებთან დავყავდი. თუმცა მაინც არაფერი მშველოდა, თავში არაფერი შემდიოდა. ეს ყველაფერი მეორე სემესტრში ნიშანზეც აისახა: სამი ორიანი მტკიცეს. ნიშნები რომ გამოაცხადეს, ორიანები ისე გავიოცე და ვიუკადრისე, თითქოს მათემატიკის დიდი მცოდნე ვყოფილიყავი. ავღრიალდი კიდეც. აბა, რა უნდა მექნა? - მამზადებდნენ, მე კი მაინც ცუდი ნიშნები მივიღე! ჰოდა, მოვიფიქრე: ატირებულმა ბებიას, მარი იუსუფოვნას დავურეკე (ისე, ძალიან გონებაგახსნილი გოგო კი ვიყავი). ბებიაჩემი ისეთი ქალი იყო, ყველაფერს აზანზარებდა. ჩემზე ხშირად ამბობდა: "ეტა ნაშა დევოჩკა ნამეტანი დახატული არის"... დავურეკე თუ არა, სკოლაში მოვიდა. როცა გაიგო, რაშიც იყო საქმე, სამასწავლებლოს კარი გამოაღო ("კრასავიცა" ქალი იყო. შლაპა ეხურა, ვუალი, ხელში ქოლგა ეჭირა და ისე გამოიყურებოდა, როგორც "სვეცკი" ქალს ეკადრებოდა) და დასჭექა: აიტ, შე უნამუსო ვალიკო! ჩემი ფულით გაქვს "სპალნა" და ტელევიზორი ნაყიდი და ჩემს ბაღანას "ორიანს" როგორ უწეროო?! მერე ქოლგა გამეტებით დასცხო და დასცხო.
მარეხ ჭონიშვილი
(გამოდის ხუთშაბათობით)