გასულ კვირას მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და თაღლითობის ფაქტზე შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს, ერეკლე კოდუას, ბრალი წაუყენა.
ყოფილი ძალოვანი თემურ რევაზიშვილი, რომელიც სოდ-ში განყოფილების უფროსის მოადგილედ მუშაობდა, წლებია, კოდუას დასჯას ითხოვს:
- სოდ-ში კოდუასთან დაპირისპირების მიზეზი ის იყო, რომ ნარკოტიკის ტრანზიტისა და რეალიზატორების მფარველობა მთხოვა. მაშინ სოდ-ი ახალი შექმნილი იყო და როცა ნახა, რა რაოდენობის ნარკოტიკი ბრუნავდა ქვეყანაში, მადა გაეხსნა. ტრანზიტს თვითონ განაგებდა, "წამალი" სოდ-ს უნდა გაეცილებინა.
- ამას რითი ადასტურებთ?
- რითი და, ამიტომ გამიმეტეს სასიკვდილოდ. სოდ-ში პირტიტველა, გამოუცდელი ბიჭები მოიყვანეს და მათ იყენებდნენ ამ ბინძურ საქმეში. მუშაობის დაწყებიდან 3 თვეში დავწერე სამსახურიდან წამოსვლაზე პატაკი. კოდუამ თანამშრომლები გამომიგზავნა, დაბრუნდი და ამ საქმეზე აღარ ვილაპარაკებთო. ერთი კვირის მერე მივედი სამსახურში, მაგრამ ორ კვირაში ისევ ვიჩხუბე და წამოვედი. ჩემს მეგობრებად რომ ვთვლიდი ადამიანებს, სწორედ მათ გამიტაცეს.
- როგორ გაგიტაცეს?
- შინ მომაკითხა პოლიციელმა, რომელთანაც ვმეგობრობდი და წამიყვანა, გზად სხვებიც ჩასხდნენ. მითხრეს, სასაუბროდ მივდივართ წყნეთის პოლიციაშიო, მაგრამ გზას გადაუხვიეს წყნეთის ტყეში და იქიდან დაურეკეს კოდუას, შეფ, ადგილზე ვართო. მალე მოვიდა თავის მოადგილე კახა მისირელთან ერთად. ეს ის კახა მისირელია, რომელიც ფეხბურთელ დემეტრაძის საქმეში ფიგურირებდა. სასტიკად მცემეს, კოდუაც მირტყამდა და სხვებიც. ხელთ მაქვს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც აღწერილია დაზიანებები. სასიკვდილოდ გამწირეს და მიმაგდეს. წლების მერე ყოფილმა მეგობარმა კახა მირუაშვილმა მითხრა, ვნანობ, შენს ცემაში რომ ვმონაწილეობდი, მაგრამ ასე რომ არ მექნა, მეც შენს დღეში ჩავვარდებოდიო.
- თქვენი აზრით, ასე რატომ გაგიმეტეს?
- ვამბობდი, გარეწრები არიან-მეთქი და ეს მიუტანეს კოდუას. მას უამრავი ადამიანი ჰყავს გაწირული. უმეტესად იმ ხალხს ითრევდნენ, ვისაც მანქანები ჩამოჰყავდა საზღვარგარეთიდან. რაღაცაში გამოიჭერდნენ და მერე "სუბუტექსის" ჩამოტანას ავალებდნენ. თუ გზას გადაუხვევდა, განწირული იყო. ყველაფერს კოდუა ხელმძღვანელობდა.