რატომ დატოვა საქართველო და რას საქმიანობს აგნესა სამარაში

რატომ დატოვა საქართველო და რას საქმიანობს აგნესა სამარაში

ერთ დროს ძალიან პოპულარული მომღერალი - აგნესა, კარგა ხანია, საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა. როგორც ამბობს, მას მერე, რაც საზღვარგარეთ წავიდა, მის ცხოვრებაში უამრავი სასიამოვნო რამ მოხდა. თბილისში სტუმრად ჩამოსულმა კი, შინ მიმიპატიჟა და საკუთარ ცხოვრებაზე გულახდილად მესაუბრა.

- ჩემს ცხოვრებაში დადგა მომენტი, როცა მივხვდი, რომ საქართველოდან აუცილებლად უნდა წავსულიყავი. გადავწყვიტე, ქალაქ სამარაში მეცადა ბედი. იქ ადრეც ხშირად ჩავდიოდი მამასთან და იქაურობა ჩემთვის უცხო არ იყო. სამარაში თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ საქართველოს გარეშეც არ შემიძლია, მით უმეტეს, რომ აქ მყავს დედა, ბებია, ძმა და ძმისშვილი.

- საქართველოდან რატომ წახვედი?

- მთავარი მიზეზი ის იყო, რომ წლების მატებასთან ერთად მივხვდი, გამუდმებით მშობლებზე დამოკიდებული ვერ ვიქნებოდი, მხოლოდ სცენაზე დგომა კი ბედნიერებას ვერ მომიტანდა.

- სამარაში რას საქმიანობ?

- მამაჩემს იქ რესტორანი აქვს. როცა პირველ მეუღლეს დავშორდი, მამამ შემომთავაზა, ჩემთან წამოდი და რესტორანს მიხედეო. ახლა ამ რესტორნის მენეჯერი ვარ.

- საქმეს როგორ გაართვი თავი?

- თავდაპირველად რესტორანში ყოველდღე დავდიოდი და ვუყურებდი, რა როგორ კეთდებოდა, მერე სპეციალური კურსებიც გავიარე და ამჟამად საქმეს თავს კარგად ვართმევ. უფრო მეტიც - იმდენად გავთამამდი, რომ რესტორნის გაფართოება გადავწყვიტე, რაღაცებს ვცვლი. კიდევ, ერთ-ერთ ბუტიკთან მაქვს ხელშეკრულება გაფორმებული: დავდივარ იტალიაში, მილანში და მისთვის კოლექციას ვარჩევ. პარალელურად, მეუღლეს ვეხმარები. მას ავეჯის ქარხანა აქვს და ზოგჯერ ჩემი რჩევა სჭირდება. მოკლედ, საქმიანი ქალი გავხდი.

- პირველ მეუღლესთან დაშორების მიზეზი რა იყო?

- ერთმანეთს ვეღარ ვუგებდით, გვქონდა მატერიალური პრობლემებიც. ერთ დღეს მშვიდად დავილაპარაკეთ და დაშორება გადავწყვიტეთ. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოდან წავედი, ესეც იყო. აქ დარჩენის შემთხვევაში საზოგადოების მხრიდან დასმულ უამრავ კითხვაზე მომიწევდა პასუხის გაცემა, მე კი ამ ყველაფერს თავი ავარიდე. რაც იყო, კარგი იყო და დამთავრდა.

- მომავალი მეუღლე სად გაიცანი?

- სამარაში, ერთ-ერთ კარაო­კე-კლუბში შევხვდი. იმ კლუბში მისული, მეგობარს მივესალმე, რომელიც ჩვენი საერთო ნაცნობი აღმოჩნდა. ჰოდა, მისთვის ჩემზე რაღაცები უკითხავს, ბოლოს კი უთხოვია, გამაცანიო... რაღაც პერიოდის შემდეგ, ერთმანეთს შემთხვევით შევხვდით სუფრასთან და მას მერე ძალიან დავახლოვდით. მოგვიანებით, ეს ურთიერთობა ქორწინებით დასრულდა. ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს.

- რამდენი ხანია, რაც შეუღლდით?

- უკვე ერთი წელია, ერთად ვართ. ქორწილი არ გვქონია, უბრალოდ, ხელი მოვაწერეთ. სამარაში მდინარის პირას, ლამაზი ცერემონიალი მოვაწყვეთ. ისე, ძალიან გვინდოდა, ქორწილი დუბაიში გადაგვეხადა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ.

- მეუღლის მშობლებთან ერთად ცხოვრობ?

- არა, ცალკე ვცხოვრობთ. ვფიქრობ, მეუღლის მშობლებთან როგორი კარგი ურთიერთობაც უნდა ჰქონდეს, ახალდაქორწინებულმა წყვილმა მაინც ცალკე უნდა იცხოვროს. ხანდახან საკუთარ მშობლებთან მოგდის კამათი და გამორიცხული არ არის, რომ მეუღლის დედ-მამას ვერ შეეგუო... პირადად მე, მამამთილი არ მყავს. დედამთილთან, მულთან და მულისშვილებთან კი არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს.

- შენს მეუღლეზე კიდევ რას გვეტყვი?

- ის, პირველ რიგში, ჩემი საუკეთესო მეგობარია. დასაოჯახებელი გოგონების საყურადღებად ვიტყვი: როცა გათხოვებას გადაწყვეტთ, ყურადღება მიაქციეთ იმ ფაქტს, შეძლებთ თუ არა მომავალ მეუღლესთან მეგობრობას? თუ ეს არ გამოგივათ, იცოდეთ, თქვენი ურთიერთობა დანგრევისთვის არის განწირული. ამას საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნებით... მას, პირველ რიგში, იმიტომ ვაფასებ, რომ უზომოდ გულწრფელია, არასოდეს მატყუებს. ის ჩემი საყრდენია.

- არასოდეს კამათობთ?

- როგორ არ ვკამათობთ! ცოლ-ქმარს შორის "ლაითი" ჩხუბი ყველა ოჯახში "მოსული პონტია" და ამ მხრივ არც ჩვენ ვართ გამონაკლისი.

- ეჭვიანი ხომ არ არის?

- რაღაც დოზით არის, მაგრამ უზომოდ ეჭვიანი და სკანდალების მოყვარული არ გახლავთ. მოსწონს, როცა კარგად გამოვიყურები და ასეთ დროს კომპლიმენტის თქმაც არ ავიწყდება.

- საოჯახო საქმეებს როგორ ართმევ თავს?

- ძალიან მიყვარს სადილების მომზადება და სახლის დალაგებაც კარგად გამომდის. ისე კი, სახლში დამხმარე ქალიც გვყავს.

- მეუღლეს ქართულ კერძებს უმზადებ?

- რა თქმა უნდა. ამ მხრივ ძალიან განებივრებული მყავს. მეუბნება - იმდენად გემრიელ კერძებს ამზადებ, რესტორნის საჭმელები აღარ მომწონსო (იღიმის).

- თავად თუ ცდილობს შენს განებივრებას?

- მანებივრებს თავისი ყურადღებით.

- საქართველოში არის ნამყოფი?

- ჯერ კიდევ მანამდე ჩამოვიყვანე, სანამ დავქორწინდებოდით - ხელის სათხოვნელად ჩამოვიდა დედაჩემთან და ყველა ნათესავი გაიცნო.

- დედაშენს სასიძო მოეწონა?

- კი, ძალიან მოეწონა. დედას უხარია, როცა ბედნიერს მხედავს.

- სიმღერას თავი დაანებე?

- არა, თავი არ დამინებებია. სამარაში იციან, რომ ვმღერი და როცა რაღაც საღამოები ეწყობა, მიწვევენ. ახლა გადავწყვიტე, რუსულენოვანი სიმღერები ჩავწერო. ქართულებიც მოსწონთ, მაგრამ იქ რუსულს ანიჭებენ უპირატესებას. ორი ახალი რუსული სიმღერა უკვე ჩავწერე და ვფიქრობ, იქაურ რადიოში "დავატრიალებინო", რათა სამარელებმა, როგორც მომღერალი, უკეთ გამიცნონ. სხვათა შორის, იქ შეიძლება, სიმღერით თავი ირჩინო. მეუღლე მგულშემატკივრობს. მას არ უნდა, რომ მომღერლის კარიერას წერტილი დავუსვა. უფრო მეტიც, დამპირდა, რომ კლიპის გადაღებაში დამეხმარება.

- საქართველოში დაბრუნებას აღარ გეგმავ?

- საქართველოში მუდმივად ვეღარ ვიცხოვრებ, თუმცა აქაურობა ჩემს მეუღლესაც ძალიან მოსწონს და სურვილი აქვს, თბილისში სახლი იყიდოს. აქ ხშირად ჩამოვალთ.

- ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებთან ისევ მეგობრობ?

- ადრე ყველასთან მეგობრული ურთიერთობა მქონდა. ამჟამად ხშირად ვეკონტაქტები ია მანიჟაშვილს. ეს ის ადამიანია, რომელმაც ჩემ შესახებ ყველაფერი იცის. ასევე ვმეგობრობ ნინო ქათამაძესთან. ის სამარაში ხშირად ჩამოდის, კონცერტებს მართავს და ყოველ ჩამოსვლაზე მირეკავს, კონცერტზე მე და ჩემს მეუღლეს გვეპატიჟება. ასეთ დროს სცენიდან მეძებს ხოლმე: აგნეს, აბა, სად ხარ, დამენახვეო, - მიკროფონში ყვირის ხოლმე (იცინის). ძალიან მაგარი ადამიანია. ნინო უყვართ სამარაში და მის კონცერტებზე დარბაზი ყოველთვის გადაჭედილია.

- ახლა თბილისში რომ ხარ, მეუღლე არ გენატრება?

- მეც მენატრება და მასაც ვენატრები. ის ყოველდღე მირეკავს და მეკითხება: როდის ჩამოხვალო? მე კი ყოველ ჯერზე ვპასუხობ, - ვიდრე თოვლი არ დადნება, მანდ ჩამომსვლელი არ ვარ-მეთქი (იცინის). უკვე დამღალა თოვლმა და საშინელმა ყინვებმა.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება