გიორგი ახვლედიანი აცხადებს, რომ კოალიციის საბოლოოდ ფორმირების შემდეგ იმ "უგვან პოლიტიკოსებს", რომლებმაც ქდმ-ს "ენა შეაჩვიეს" შესაბამის პასუხს გასცემს.
"ჩვენს კოალიციაში შემოსვლის სურვილი "მემარცხენე ალიანსმა" უკვე გამოთქვა - ესაა, "ლეიბორისტულ" პარტიას გამოყოფილი შატბერაშვილის, ძაგანიასა და ჯიბლაძის მიერ შექმნილი პარტია", - განაცხადა "მთელ კვირასთან" საუბარში "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა.
მისივე თქმით, ბოლო 5 წელიწადში "ქრისტიან-დემოკრატებმა" ძალიან ბევრი დაკარგეს და ძალიან დაზარალდნენ იმის გამო, რომ "ბევრმა უგვანო პოლიტიკოსმა" მათ "ენა შეაჩვია".
გიორგი ახვლედიანი: წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით არასაპარლამენტო ოპოზიცია უკვე თვენახევარია ვცდილობდით, რომ როგორმე წინასაარჩევნო გარემო გაუმჯობესებულიყო და შეცვლილიყო. თუმცა, სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ. ხელისუფლებამ საარჩევნო სისტემა ახალი კოდექსის მეშვეობით ხელუხლებლად დატოვა, სწორედ ისეთი, რომელსაც თავის დროზე თავადვე საშინლად აკრიტიკებდნენ და ჩვენთან ერთად სისტემის ცვლილებისათვის იბრძოდნენ.
თუმცა, "ნაციონალური მოძრაობა" მაშინ ყრუ და ბრმა იყო, რომელიც ამ მიმართულებით ნაბიჯს არ დგამდა. ჩვენ საუბარი გვაქვს კონკრეტულად ერთმანდატიან ოლქებზე, რადგან, როცა ასეთი მაჟორიტარული ოლქები არსებობს, ხელისუფლებაში მყოფ ძალას უპრობლემოდ შეუძლია 50% აიღოს, მაგრამ პარლამენტში ან საკრებულოში, სადაც არჩევნები ტარდება, 80-90% დეპუტატებისა მათი ჰყავდეს.
ის, რომ მერობისა და გამგებლების არჩევითობა შემოვიდა, ძალიან კარგია, თუმცა ის, რომ საკრებულოს მერის გადაყენება შეუძლია, ძალიან ცუდია. გამოდის, რომ მერი ყოვლად უუფლებო და ცენტრალური ხელისუფლების მარიონეტი იქნება.
ძალიან მიკვირს, ამ საარჩევნო კოდექსს, "ნაციონალური მოძრაობა" ხმას რატომ არ აძლევს, ისინი ბედნიერები უნდა იყვნენ იმის გამო, რომ ხათუნა გოგორიშვილის მიერ დაწერილი კოდექსის ტექსტი, "ქართულმა ოცნებამ" კანონად ღირსეულად დატოვა.
- "ქრისტიან-დემოკრატები" და ნინო ბურჯანაძის "დემოკრატიული გზა" გაერთიანდით. "ახალი მემარჯვენეები" ამბობენ, რომ თქვენი ერთობა ჩაკეტილია და გაფართოებას არ მოიაზრებს. იქნებ გვითხრათ, მართავთ თუ არა სხვა პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებას და თქვენს კოალიციაში კიდევ ვინ გაერთიანდება?
- არასაპარლამენტო ოპოზიციის ხარჯზე ახალი კოალიციური ერთობა რომ უნდა ჩამოყალიბდეს, ამაზე მუშაობა დაახლოებით ერთი თვეა მიდის. ერთობა, დღევანდელი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, აუცილებელი პოლიტიკური ნაბიჯია, თუმცა, ეს პროცესი იოლი არ არის.
ორი წლის წინ ბიძინა ივანიშვილი 7-მილიარდიანი რესურსით რომ არ გამოჩენილიყო, ნამდვილად ვერ გაერთიანდებოდნენ და კოალიციას ვერ შექმნიდნენ. მათ შემთხვევაში პოლიტიკური ძალები ფულმა გააერთიანა, ჩვენ შემთხვევაში კი ფული არ არის, რომ ყველა ფუტკარივით დაესიოს.
არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთად ყოფნისა და კოალიციის შექმნისთვის სურვილი უნდა ოყფილიყო. ჩვენ და ნინო ბურჯანაძის "დემოკრატიულმა მოძრაობამ" იმისთვის, რომ ერთად ვყოფილიყავით, ძალიან ბევრი ამბიცია უკან გადავდეთ. სწორედ ამის შემდეგ მოხერხდა გარკვეული შეთანხმების მიღწევა.
ჩვენ ნინო ბურჯანაძესთან ერთად არავითარი ორგანიზაცია არ შეგვიქმნია, რომელიც ჩაკეტილი ფორმატის იქნებოდა. ჩვენ რომ კოალიციის ჩაკეტვა გვდომოდა, მაშინ ვიტყოდით, რომ შევქმენით კოალიცია და დანარჩენმა ყველამ თავის თავს მიხედოს, მაგრამ ჩვენ პირიქით - ვთქვით, რომ ჩვენ შევთანხმდით კოალიციურ ერთობაზე და კიდევ ერთი კვირა გავაგრძელებთ კონსულტაციებს ყველა პოლიტიკურ ძალასთან.
ამ ეტაპზე გავდივართ მოლაპარაკებას სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან და მათგან ერთი კონკრეტულის დასახელება რამდენიმე დღის შემდეგ შემეძლება. იმის თქმა შემიძლია, რომ "ახალ მემარჯვენეებთან" მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, რადგან მათ განაცხადეს, რომ ნინო ბურჯანაძესთან ერთად კოალიციურ ერთობაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ.
იმის მერე, რაც კოალიციური ერთობა შედგება და მოლაპარაკება დასრულდება, მე დავასრულებ ყველანაირ მორატორიუმს თავშეკავებაზე "ქრისტიან-დემოკრატებზე" თავდასხმასთან დაკავშირებით. ბოლო 5 წელიწადია "ქრისტიან-დემოკრატებმა" ძალიან ბევრი დავკარგეთ და ძალიან დავზარალდით იმის გამო, რომ ბევრმა უგვანო პოლიტიკოსმა ენა შეგვაჩვია. თუმცა, ახლა სხვანაირად იქნება და იმ შავ პიარს, რომელიც ჩვენი მიმართულებით მოდიოდა, ათჯერ უფრო მეტად ვუპასუხებთ.
მინდა ყველა იმ პოლიტიკურ ძალას ვუთხრა, რომელიც ჩვენზე ცუდად ლაპარაკობს, რომ აღარ შერჩებათ და აღარ გაუვათ ჩვენზე ცუდის ლაპარაკი, ვინც თვლის, რომ ენა შეგვაჩვია, ყველას ენას გადავაყლაპებთ, ამიტომ ურჩევნიათ ენას კბილი დააჭირონ.
- არსებობს იმის ალბათობა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ამ ფორმით გახვიდეთ და თქვენსა და ბურჯანაძის გაერთიანებას სხვა პოლიტიკური ძალა აღარ დაემატოს?
- ასე არ იქნება, რადგან ამ ეტაპზე სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან მოლაპარაკებას გავდივართ და სრული შემდაგენლობის დასახელებას, თუ ვინ გაერთიანდება ჩვენს კოალიციაში, რამდენიმე დღეში შევძლებ.
თუმცა, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ "მემარცხენე ალიანსმა" უკვე გამოთქვა ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი. ესაა "ლეიბორისტულ პარტიას" გამოყოფილი შატბერაშვილის, ძაგანიასა და ჯიბლაძის მიერ შექმნილი პარტია. იმედი მაქვს, რომ როგორც "მემარცხენე ალიანსთან", ისე სხვა პოლიტიკურ პარტიებთან თამაშის წესებზე შევჯერდებით და სერიოზულ კოალიციას შევქმნით, რომელიც სერიოზულ განაცხადს გააკეთებს.
- ვინ იქნება თბილისის მერობის თქვენი კანდიდატი?
- გულწრფელად ვიტყვი და მართლა არ გიმალავთ - ჯერჯერობით გაანალიზებული და შეჯერებული, თუ ვინ იქნება მერობის კანდიდატი, არა გვაქვს, არსებობს გარკვეული ვარიანტები, თუმცა, მსჯელობა იდეების დონეზე მიმდინარეობს.
იმის თქმა დანამდვილებით შემიძლია, რომ მერობის კანდიდატად არც მე და არც ნინო ბურჯანაძე არ განვიხილებით. თავად ბურჯანაძემაც თქვა, რომ ის მერობას არ აპირებს და შესაბამისად, ამ მიმართულებით მსჯელობა არ მიმდინარეობს.
ანი ფაცია