ჩემს მიმართ წაყენებული მთელი ბრალდება ერთ დისკზეა აგებული და აბსურდულია, - ამის შესახებ დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულმა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა ლევან ჩაჩუამ განაცხადა.
მისი თქმით, მან დადო სრულიად სამართლიანი, ობიექტური დასკვნა და ამას ხელს აწერს ექსპერტიზაში მონაწილე ყველა ექსპერტი, მათ შორის ზურაბ ჟვანიას ბიძაშვილის შვილის მეუღლე. ჩაჩუას განცხადებით, ექსპერტიზის მხრიდან რაიმე დარღვევის ნიშნები რომ ყოფილიყო, ჟვანიას ბიძაშვილის შვილის მეუღლე არ დამალავდა და გასააჯაროებდა.
რაც შეეხება პროკურატურის ბრალდებას, რომ ის მოწმეებზე ტელეფონით ზეწოლას ახდენდა, ჩაჩუა უსაფუძვლოს უწოდებს. მისივე თქმით, არანაირი დოკუმენტი არ არსებობს, რომ მან თუნდაც ერთ მის კოლეგასთან განახორციელა ზეწოლა.
"რაც შეეხება ზეწოლას, პროკურატურა და ბრალდება ამბობს, რომ მე მოვახდინე ზეწოლა ტელეფონით იმ ადამიანებზე, ვინც ჩემთან ერთად მოამზადა საექსპერტო დასკვნა. პროკურატურას არანაირი დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს, რომ რომელიმე მათგანთან ერთი ზარი მაინც განმიხორციელებია. მთელი ბრალდება აბსურდულია, ბრალდება, რომელიც ეფუძნება მხოლოდ ერთ ვიდეოს", - აღნიშნა ჩაჩუამ.
ლევან ჩაჩუა სასამართლო პროცესზე არ დაეთანხმა მისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას და აღნიშნა, რომ იმავე საღამოს, როცა კადრები გავრცელდა, ის თავად დაუკავშირდა პროკურატურას და ჩვენების მიცემა შესთავაზა. "აქედან გამომდინარე დამიბარეს პროკურატურაში, მივეცი ჩვენება და იქიდან გამოსვლის შემდეგ ერთ საათში კვლავ დამირეკეს, რომ რაღაც დეტალები იყო დასაზუსტებელი. განმეორებითი დაბარების შემდეგ მე ვიცოდი, რომ დამაკავებდნენ, თუმცა, ერთი წამითაც არ მიფიქრია, არ მივსულიყავი. აქედან გამომდინარე, იმ დროს, როდესაც თავად ვეუბნები პროკურატურას, რომ მივიდე პროკურატურაში, არანაირი საფუძველი იმის ვარაუდის, რომ პროკურატურას დავემალები, არ არსებობს", - განაცხადა ჩაჩუამ.