23 წლის თეკლა კვაჭაძეს საკმაოდ უჩვეულო გატაცება აქვს - ეგზოტიკური ცხოველების კოლექციას აგროვებს და ამით ბედნიერია. მის მრავალრიცხოვან ოჯახში საკმაოდ უცნაურ ბინადრებს მოუყრიათ თავი - მახრჩობელა გველებით დაწყებული, ობობებითა და ხვლიკებით დამთავრებული. სხვა გზა რომ არ ჰქონდათ, შიში გადალახეს და ოჯახის წევრებიც შეეგუვნენ თორისთან, ძაპასთან და ევუშკასთან თანაცხოვრებას. აღარც მეზობლები აპროტესტებენ, მეტიც, დაიმეგობრეს და ეფერებიან კიდეც ცივსისხლიან მეზობლებს.
- თეკლა, საკმაოდ უჩვეულო გატაცება გაქვს...
- საშიში ნამდვილად არ არის. მთავარია, დაიცვა უსაფრთხოების ნორმები და ქვეწარმავლები და მწერები არ გააღიზიანო. მყავს ჩვეულებრივი მახრჩობელა, ბაღის მახრჩობელა, "სიმინდის მცურავი", ნარინჯისფერი მცურავები და ობობა ტარანტულები. ასევე, ულამაზესი გეკონი - ეუბლეფარი (ხვლიკი).
- სახელებიც გაქვს მათთვის შერჩეული?
- დიდ მახრჩობელას ჰქვია თორი (თორნიკე), სიმინდის მცურავს - ძაპა, სხვები პატარები არიან და სახელები ჯერ არ აქვთ, ალბათ მალე შევურჩევ. ახლახან უკრაინიდან ჩამომივიდა ორი გველი, მეგობარმა გამიცვალა - ქართული გველით დაინტერესდა, მას ტროპიკული ჰყავდა და დედალ-მამალი გამომიგზავნა.
- შენი მეგობრები ადამიანისთვის საშიშროებას არ წარმოადგენენ? და საერთოდ, რატომ გაგიჩნდათ მათი მოშენების სურვილი?
- ისინი არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენენ, ისედაც შეჩვეულები არიან ხელში ჭერას, როცა მუდმივად გყავს ხელში, შენს სუნსა და ხელის სითბოს ეჩვევიან. ამასთან, როცა უვლი, აჭმევ, წყალს უსხამ და გრუნტს უცვლი, "გიფასებენ". თუ არ გააღიზიანე, არავითარ შემთხვევაში არ გიკბენენ. ზოგს ძაღლი ჰყავს სახლში, ზოგს - კატა ან თუთიყუშები, რადგან უყვართ. მე გველები მიყვარს. ბავშვობიდან ხვლიკებს ვაგროვებდი - ქუჩაში ვიჭერდი, შინ მიმყავდა და ვაკვირდებოდი. გველები ყოველთვის მაინტერესებდა და როცა წამოვიზარდე, რომ იტყვიან, გზა გამეხსნა - ზოოპარკში დავიწყე მუშაობა და მათი მოვლა ვისწავლე.
- რა აღიზიანებთ ქვეწარმავლებს, როდის შეიძლება გიკბინონ?
- თუ მათ ხელს მოუჭერთ, მკვეთრი მოძრაობისას თუ თავზე ხელი მოგიხვდებათ ან შენგან საფრთხე თუ იგრძნეს, მაშინ ელოდეთ კბენას. ისე, გველები აბსოლუტურად წყნარები არიან, სიმშვიდე უყვართ. მათი გამაღიზიანებელი ადამიანია. მახრჩობელა გველს, რატომღაც, პითონად მოიხსენიებენ. ჯერჯერობით პატარაა, ისე, 4 მეტრამდე იზრდება და თუ მიიჩვევ, ოჯახის პირობებში გაზრდილიც ძალზე წყნარი იქნება.
- სად და რა ფასად ყიდულობ მათ?
- ნაწილი ვიყიდე, ნაწილი გადავცვალე, ნაწილს კი მეგობრები მიგზავნიან საჩუქრად საზღვარგარეთიდან - უკრაინიდან, ტაილანდიდან, ერევნიდან... გველების ფასი მათ ზომაზეა დამოკიდებული. 2-2,5 თვის ჩვეულებრივი მახრჩობელა 200-დან 250 დოლარამდე ღირს, დიდი, მეტრიანი მახრჩობელა 600 დოლარი ღირს, ორმეტრიანი - 1.000 დოლარი. ეს მიახლოებითი ფასებია.
- შენი გატაცებიდან გამომდინარე, ტროპიკული ქვეყნების დალაშქვრის სურვილი არ გაგჩენია?
- ყოველთვის მქონდა სამხრეთ ამერიკაში, ავსტრალიასა და აფრიკაში მოგზაურობის სურვილი, ჩემი საოცნებო ქვეყნებია. ჯუნგლებში რომ მოვხვდე, ბედნიერი ვიქნები, რადგან სადაც ინტერესია, იქ შიში უძლურია.
- ყოფილა შემთხვევა, რომ გაგპარვიათ, ტერარიუმიდან სადმე გამძვრალა რომელიმე?
- არა, სახლის პირობებში ამის შანსი, ფაქტობრივად, ნულის ტოლია. ისე, ჩემს მეგობარს (მასაც ჰყავს რამდენიმე გველი) გაეპარა ერთი მცურავი და ონკანის მილში შეუძვრა, ძლივს დაიბრუნა უკან.
- რა პირობებში ამყოფებ მათ და შენახვა ძვირი გიჯდება?
- გველებისთვის აუცილებელია ტერარიუმი, სადაც ტემპერატურა მინიმუმ 24 გრადუსი უნდა იყოს, მაქსიმუმი კი 30 გრადუსია. ისინი სიცხეში იგუდებიან, სიცივეში კი ფილტვების ანთება ემართებათ.
- როგორ უნდა გაიგო, რომ გველი გაცივდა და ფილტვების ანთება დაემართა?
- თუ ცემინება დაიწყო, ე.ი. გაცივებულია და ფილტვების ანთება აქვს. ტერარიუმში დაცული უნდა იყოს ჰიგიენური პირობები, ტემპერატურა და ტენიანობაც უნდა არეგულირო. მათ სჭირდებათ სპეციალური გრუნტი, რომელიც ანტიბაქტერიულია. გველების შენახვა ძაღლის შენახვაზე ბევრად იაფი ჯდება. გრუნტად უნდა იყოს ბენტონიტი, ტორფი ან მასში არეული ფიჭვის ქერქები. მათ მუდმივად უნდა ედგათ სუფთა წყალი. გველებს კვირაში ერთხელ უნდათ კვება. იმისათვის, რომ სიგრძეში დიდები გაიზარდონ, მათთვის აუცილებელია დიდი ტერარიუმი, ასევე, სჭირდებათ კარგი კვება.
- რით კვებავ?
- თაგვებითა და ვირთხებით. ხანდახან წიწილებითაც ვუმასპინძლდები, ვინაიდან მათთვის ის აუცილებელი საკვებია. პატარა გველებს ახალდაბადებულ თაგვებს ვაჭმევ, რომელთაც სპეციალური მომწოდებლისგან ვყიდულობ. მახრჩობელა გველი მსხვერპლს გუდავს და ისე მიირთმევს, შხამიანი ჰკბენს, გესლავს და მერე ჭამს. კვირაში ერთხელ დიდ გველს ერთი ვირთხა, პატარებს - თითო თაგვი ჰყოფნით. წიწილა და ზაზუნა მრავალფეროვნებისთვისაა საჭირო, დიდ გველებს ხანდახან ბაჭიებსაც ვაჭმევთ. ბუნებრივი ინსტინქტის დასაკმაყოფილებლად, მათ ურჩევნიათ ცოცხალი მსხვერპლი, რომელსაც თავს ესხმიან. გველები, ზოგადად, მათზე 3-4-ჯერ დიდ მსხვერპლს ყლაპავენ. პითონს მუდმივად ვეკონტაქტები, შეჩვეულია და არ გადამყლაპავს (იცინის), არც - თქვენ, შეიძლება თავდაცვის მიზნით მხოლოდ გიკბინოთ.
- ბევრჯერ დაუკბენიხარ?
- კი, ძალიან. ნებისმიერი შხამიანი გველი საშიშია, მაგრამ მახრჩობელა - არა. სახლში შხამიან გველებს არ ვაჩერებ.
- მეზობლები როგორ ურიგდებიან შენს ბინადრებს?
- მეზობლები თავდაპირველად შეშინებულები იყვნენ და ცოტა შორს ეჭირათ ჩვენგან თავი, მაგრამ ახლა შეეჩვივნენ და ზოგი მათგანი გველს ხელშიც იყვანს. ასე რომ, მეზობლები წყნარად არიან. ჩემი გატაცება ოჯახის წევრებისთვისაც უჩვეულო იყო, მაგრამ შიში გადალახეს.
- არ მითხრა, რომ ისინი სიყვარულსა და სითბოსაც გამოხატავენ შენ მიმართ...
- არაფერს გამოხატავენ, მაგრამ ჩემს ხელში არ ხვანცალებენ. ამას წინათ, სტუმარი იყო ჩემთან, თორი ხელში დაიჭირა, მან კი არაკომფორტულად იგრძნო თავი, აწრიალდა და აფორიაქდა. როცა გამოვართვი, დაწყნარდა, შეიძლება იუცხოვა ან მისი სუნი არ მოეწონა - ყველა ადამიანს ხომ სპეციფიკური სუნი აქვს. გველები ზოგადად წყნარები არიან და ნებისმიერი ცხოველი გრძნობს ადამიანის ემოციას, გიყვარს, გძულს, თუ გეშინია მისი. პირველად, როცა ერევნიდან მახრჩობელა ჩამომივიდა, ზაფხული იყო, მანქანა არ გვყავდა და სამარშრუტო ტაქსით წავიყვანე შინ. გველი ჩანთაში ჩავისვი. ბედნიერებისგან ჭკუაზე არ ვიყავი, ჩემს გაჩერებას რომ მივუახლოვდი, საფულე უნდა ამომეღო და გავხსენი ჩანთა, საიდანაც გველმა ამოყო თავი და ამოსვლა დაიწყო. მძღოლმა დაინახა და არ შეიმჩნია, ხალხი კი მართლა დავაწიოკე. პანიკაში რომ არ ჩავარდნილიყვნენ, საფულე ამოვიღე, გველი ჩავაბრუნე და სასწრაფოდ დავკეტე ჩანთა. ისეთ ეიფორიაში ვიყავი, სულ არ გამხსენებია, რომ ჩანთაში გველი მყავდა.
- კიდევ რა ცხოველები გყავს?
- ძაღლი ოდრი, ზღვის გოჭი - ბუძუნა და ეუბლეფარი - ევუშკა. მყავს რამდენიმე ჩიტიჭამია ობობა, იგივე - ტარანტული.
- ტარანტულების საკვებს სად შოულობ?
- ობობა ძალიან საინტერესო მწერია, მათ მუდმივად ვაკვირდები, ძალზე საინტერესოა ჭამისა და ნადირობის პროცესი, როგორ იცავს თავს და გაშინებს - წინა თათებს წინ სწევს და ცდილობს, დიდი გამოჩნდეს. ობობებს ვაჭმევ მწერებს - ჭრიჭინებს, კალიებსა და დიდ, ე.წ. მადაგასკარულ ტარაკნებს.
- რადგან გიყვარს, გველის ხორცის ჭამა ალბათ ვერ წარმოგიდგენია.
- რატომაც არა. საკუთარს არა, რა თქმა უნდა, მაგრამ გველის ხორცს სიამოვნების გავსინჯავდი.
ნანა ფიცხელაური
(გამოდის ხუთშაბათობით)