თბილისის საქალაქო სასამართლომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ ლევან ჩაჩუას და ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრ მიხეილ ძაძამიას წინასწარ პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გაოაცხადა.
ლევან ჩაჩუა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით 20 მარტს დააკავა. "გამოძიებით დადგენილია, რომ 2005 წლის 3 თებერვალს ლევან ჩაჩუამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გვამების გამოკვლევისას გამოიჩინა გულგრილობა და არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა.
კერძოდ, სრულყოფილად არ აღწერა გვამებზე არსებული დაზიანებები მაშინ, როდესაც გვამებს აშკარად აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები. ვინაიდან წარმოებული გამოძიებით ეჭვქვეშ დადგა ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის ნამდვილობა, საქმეზე აუცილებელი გახდა ახალი ექსპერტიზის ჩატარება ზ. ჟვანიასა და რ. უსუპოვის გარდაცვალების რეალური მიზეზისა და გარემოებების დადგენის მიზნით.
ლევან ჩაჩუას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებს პროკურატურა.