"ილიაუნის" ლექტორი გიორგი თუმანიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე რწმენისა და აღმსარებლობის შესახებ წერს.
"ცოტა რამ ინტიმური თემის შესახებ...
არსებობს თუ არა ობიექტურად ღმერთი, ამას რეალურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს თითოეული ჩვენთაგანისთვის აქ, ამ ცხოვრებაში. რწმენა უდიდესი რამ არის და ის არ არის პირდაპირ კავშირში ღმერთის ობიექტურ არსებობასთან. ანუ შესაძლებელია ღმერთი არ არსებობდეს და არსებობდეს რწმენა და პირიქით არ არსებობდეს რწმენა და არსებობდეს ღმერთი.
ღმერთის არსებობის შემთხვევაში ის არსებობს ერთსა და იმავე დროს ყველგან და ყველაფერში. მათ შორის შენში, ჩემში და სხვაში - თანაბარწილად. მიუხედავად აღმსარებლობისა, კანის ფერისა რწმენისა და ა.შ. არსებობს ჰაერში, წვიმაში, ქარში, ძაღლში, სკლინტში და კოკაკოლაში. შეუძლებელია არსებობდეს რამ რაშიც არ არსებობს ღმერთი - მათ შორის გინებაში, აზრებში და ტუალეტის ქაღალდში. თუ ივარაუდებ, რომ ზემოჩამოთვლილში ღმერთი არ არსებობს, ე.ი. უშვებ, რომ არსებობს ღმერთი და სივრცე სადაც ღმერთი არ არის, შესაბამისად მაშინ მის სრულ სუბსტანციურობას ეჭვქვეშ აყენებ.
ადამიანი (სექსიზმში რომ არ ჩამომართვათ არ ვისაუბრებ მხოლოდ კაცზე /მამაკაცზე/) შეიქმნა ღვთის ხატად "შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი (დაბ. 1:27) (მართლმადიდებლური დოქტრინა), შესაბამისად უნარი აზროვნების, რომელიც გვაქვს არის ღვთის უნარი. სხვა შემთხვევაში ვერ შეიქმნებოდა ის რაც შეიქმნა და რისი არქიტექტორიც არის ღმერთი (მართლმადიდებლური დოქტრინის მიხედვით).
ის რაც ხდება მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში, არ არის ნორმალური. ვგულისხმობ ფუნდამენტალისტურ დამოკიდებულებას ძალიან საინტერესო და მეტად ინტიმური საკითხის შესახებ - რწმენისა და აღმსარებლობის შესახებ. ადამიანი განიცდის მუდმივ ცვლილებას, რომელიც შეიძლება ბევრი სხვადასხვა კომპონენტისა თუ კრიტერიუმის მიხედვით შესწავლილ იქნას. ყველაფერი სამყაროში ცვალებადი და შედარებითია, მათ შორის ცვალებადია ადამიანის ცხოვრების განმავლობაში რწმენის, სუბსტანციასთან სიახლოვის შეგრძნების დისტანციაც.
სამწუხაროა, რომ ცხოვრებაში წარუმატებლობა, ხშირად ხდება მიზეზი იმისა, რომ პრობლების გადაჭრის გზა ვეძებოთ განზე. ასევე ხშირია, როდესაც სასოწარკვეთილობის ჟამს ჩვენდაუნებლიედ, შეუმჩნევლად, როგორც ბაყაყები ქვაბში, რომელშიც წყალი ცხელდება ვხდებით ფანატიკოსები და პრაქტიკულად არაადეკვატურნი, რეალურად კი ფსიქიკური აშლილობის მქონე არსებანი, რომლებიც სპეციალისტების (ექიმების) მეთვალყურეობას და მკურნალობას საჭიროებს.
არ არსებობს განი! არ არსებობს საზღვრები!
პრობლემა, რომელიც ამოხსნასა და გადაჭრას საჭიროებს არის ჩვენში. მხოლოდ ჩვენ, თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს. დაარქვას ყველაფერს თავის სახელი, მონახოს ძალა (თუნდაც რწმენის საფუძველზე, არ არის ამისთვის აუცილებელი მეტანიები და შუბლის რტყმა იატაკზე) და გაუმკლავდეს მის წინაშე არსებულ გამოწვევებს.
თითოეულ ჩვენთაგანს ეს შეგვიძლია! ჩვენ ხომ ღვთის ხატად ვართ შექმნილნი.
... "შიში შეიქმს სიყვარულსა" (შ.რ.) - არ არის ეგ მართალი ამბავი. ტყუილია. შიში ვერანაირ სიყვარულს ვერ შეიქმნს. თუ "სიყვარულს" შიში უდევს საფუძვლად გამოდის, რომ ღმერთი შიშია, ეს კი ალოგიკურია ანუ იმის გამო კი არ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, რომ "საქმენმან ჩვენმან საგზური მოგვცეს სამოთხეში" არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ერთ დედამიწაზე ვცხოვრობთ და კაცობრიობის წარმომადგენლები ვართ, მსგავსები და ამავდროულად ძალიან მრავალფეროვანნი. ეს ხომ მშვენიერია! რაც გვაქვს და ერთმანეთთან გვაკავშირებს არის ის, რომ ცოცხლები ვართ და გვაქვს შესაძლებლობა ამ უცნაურ სამყაროში შევიძინოთ ძალიან დიდი გამოცდილება და განვიცადოთ გრძნობათა ძალიან მდიდარი სპექტრი. უნდა ვიზრუნოთ მომავალზე იმიტომ, რომ ჩვენს შემდეგ მომავალმა თაობამ კიდევ უფრო მრავალფეროვან, უსაფრთხო და მეგობრულ სამყაროში იცხოვროს და არა კანიბალების გარემოცვაში, რომლებიც ლამობენ დაწვან ადამიანი და მერე მისი ხორცი ჭამონ.
მოკლედ ამის თქმა მინდოდა, ჰოდა სანამ "ენაზე მოგადგათ" რამე, რის გადატანასაც კლავიატურის მეშვეობით აპირებთ გაიხსნეთ, რომ...
ჩემში იმდენივე ღმერთია რამდენიც თქვენში...
რამდენიც ტუალეტის ქაღალდში და ზუსტად იმდენივე - კოკა-კოლაში
P.S. ყოველივე რაც დავწერე წარმოადგენს მხოლოდ ჩემ მოსაზრებას, რომელიც მინდოდა გამეზიარა. არ არის აუცილებელი ამ აზრების გაზიარებისაგან სპექტაკლის დადგმა და მერე აჟიტირებული განხილვა, სადაც ვგონებ ყველა თითითა თუ სხვადასხვა საგნებით უაზროდ უტყაპუნებთ კლავიატურას. წასაკითხადაც რთულია ხო, აქვე მცირე განმარტება: ტუალეტის ქაღალდის თემას ვინც აიკვიატებს - იგი მზადდება ხისგან, რომელიც მიწაზე იზრდება, ხოლო ხე - სამოთხეშიც იყო ... მოკლედ იფიქრეთ", - წერს თუმანიშვილი.