ლევან ჩაჩუას მხრიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილე პირებზე ადგილი ჰქონდა ზემოქმედებას, - ამის შესახებ, ჟურნალისტებს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ ძაძამიასა და ლევან ჩაჩუას პროცესის დაწყებამდე, პროკურორმა რეზო ნადოიმ განუცხადა.
მისი თქმით, პროკურატურა დღეს ამ პირების მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
"ბრალდებულთა მიმართ ვითხოვთ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას. მიგვაჩნია, რომ ამისთვის არსებობს ფაქტობრივი საფუძვლები, როდესაც ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ფოტომასალა. ლევან ჩაჩუას მხრიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილე პირებზე ადგილი ჰქონდა ზემოქმედებას ჩვენების შეცვლის მიზნით, მისთვის სასურველი ჩვენების მისაღებად. სწორედ ამან განაპირობა მის მიმართ ისეთი სამართლებრივი ღონისძიებების გატარება, როგორიც არის დაკავება. ჩვენი მოთხოვნა არის სამართლიანი", - აღნიშნა ნადოიმ. მისივე თქმით, კობა ხარშილაძეს, ლევან ჩაჩუასა და მიხეილ ძაძამიას ბრალად სამსახურეობრივი გულგრილობა ედებათ.
სასამართლო დღეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის, ლევან ჩაჩუას აღმკვეთი ღონიძიების საკითხზე იმსჯელებს. ჩაჩუა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით 20 მარტს დააკავა.
"გამოძიებით დადგენილია, რომ 2005 წლის 3 თებერვალს ლევან ჩაჩუამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გვამების გამოკვლევისას გამოიჩინა გულგრილობა და არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა.
კერძოდ, სრულყოფილად არ აღწერა გვამებზე არსებული დაზიანებები მაშინ, როდესაც გვამებს აშკარად აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები. ვინაიდან წარმოებული გამოძიებით ეჭვქვეშ დადგა ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის ნამდვილობა, საქმეზე აუცილებელი გახდა ახალი ექსპერტიზის ჩატარება ზ. ჟვანიასა და რ. უსუპოვის გარდაცვალების რეალური მიზეზისა და გარემოებების დადგენის მიზნით.
ლევან ჩაჩუას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებს პროკურატურა.