10 მარტს ლელა ბერიძის ფილმის - "ოპერაცია ცელულოიდის ენები" პრემიერა შედგა. მასში მთავარ როლს მომღერალი მაია ბარათაშვილი ასრულებს. მისი თქმით, ფილმი კინემატოგრაფის საშუალებით უცხო ენების შესწავლის ერთგვარი პროპაგანდაა. გარდა იმისა, რომ ზოგადად, მხატვრული ნამუშევრის ცქერით ესთეტიკურ სიამოვნებას ვიღებთ, ეს პროცესი, როგორც ყველაზე ეფექტური მეთოდი, ენის შესწავლის მიზნით უნდა გამოვიყენოთ.
მაია ბარათაშვილი:
- ფილმი - "ოპერაცია ცელულოიდის ენები" უნიკალური საგანმანათლებლო აქციაა. ის ფილმების წყალობით უცხო ენების შესწავლის პროპაგანდას წარმოადგენს. მასში ასახულია, რომ კინემატოგრაფიას მრავალგვარი ფუნქცია აქვს და არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ საგანმანათლებლო დანიშნულებაც. გარდა იმისა, რომ ამა თუ იმ ფილმის ნახვით კონკრეტულ ფაქტობრივ ცოდნას ვიძენთ, ასევე, ფილმის საშუალებით უცხო ენა უნდა შევისწავლოთ.
- ფილმის სათაური რას გულისხმობს?
- ცელულოიდი კინოფირის შემადგენლობაში შედის და სათაურიც სწორედ ამ ფაქტიდან გამომდინარეობს. ამ ფილმში მთავარი როლი მაქვს. ეს ერთგვარი მოგზაურობა გახლავთ ერთი კინოსივრციდან მეორეში. ფილმში ექვს ენაზე ვლაპარაკობ. პირადად მივმართავ დიდ კინომაესტროებს, მათ მშობლიურ ენაზე: ფედერიკო ფელინის - იტალიურად, ჟან-ლიუკ გოდარს - ფრანგულად, ლუის ბუნუელს - ესპანურად. იტალიური სივრციდან ფრანგულში ვხვდები, ფრანგულიდან - გერმანულში, რუსულში და ამერიკულში. პარალელურად, ფილმის მსვლელობისას იდეალურ მამაკაცს ვეძებ... პირადად მე, ამ მეთოდით იტალიური ორ თვეში ისეთ დონეზე შევისწავლე, რომ დიალოგისას აზრის გაგების პრობლემა არ მქონდა. ფილმში უნიკალური კადრებია, რომელსაც მაყურებელი ვერც ინტერნეტსივრცეში და მით უმეტეს, ტელეეკრანზე ვერ ნახავს. ეს არის დოკუმენტური მასალები, რომლებიც ცნობილი კინომაესტროების მიერ დიდი კინოშედევრების შექმნის პროცესს ასახავს. ფილმი მაყურებელს იმ ნამუშევრების ნახვისკენ უბიძგებს, რომლებმაც დროს გაუძლო. ახალგაზრდები მოკლებულნი არიან იმ სიამოვნებას, რასაც ძველი ამერიკული და ევროპული კინო ჰქვია. არ არსებობს ახალი და ძველი ფილმი, არსებობს მხოლოდ კარგი და ცუდი ნამუშევარი.
- ფილმის რეჟისორზე, ლელა ბერიძეზე რას გვეტყვით?
- ლელა პროფესიით რეჟისორი და ლინგვისტია. ფილმის სახით მან თავისი ორი პროფესიის სინთეზი მოგვაწოდა. ლელამ 8 წელი გაატარა ვერონაში, სადაც ლინგვისტიკა შეისწავლა. ბრწყინვალედ ფლობს 5 ევროპულ ენას. და კიდევ, ცხრა წელი გერმანიაში ცხოვრობდა, სადაც "სინემა აკადემია" დაამთავრა და მთელი ეს პერიოდი დიდი კინომაესტროების გარემოცვაში გაატარა.
შორენა ლაბაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)