ელენე თევდორაძის ინფორმაციით, ზურაბ ჟვანიას საქმეზე გამოძიებას ამჟამადაც ის გამომძიებელი აწარმოებს, ვინც წინა ხელისუფლების დროს აწარმოებდა, - ამის შესახებ ელენე თევდორაძემ "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.
მისი თქმით, ის რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ სხვა კონკრეტულ საკითხზე იყო დაკითხვაზე დაბარებული.
"მე ვიყავი დაკითხვაზე დაბარებული სხვა საქმესთან დაკავშირებით. ეს იყო დაახლოებით ორი-სამი თვის წინ და გამომძიებელმა მითხრა - ნახეთ ქალბატონო ელენე, მე ვარ ის გამომძიებელი, ვინც ვაწარმოებდი ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებას ადრე, ახლაც მიმყავს გამოძიება, ოღონდ ახლა სულ ყირამალა დადგა საქმე", - აღნიშნა ელენე თევდორაძემ.
მისივე თქმით, არ ახსოვს იმ გამომძიებლის გვარი, თუმცა, აცხადებს, რომ ეს ადვილი გადასამოწმებელი იქნება პროკურატურაში.