საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გოგლა ჟვანიამა მიხეილ მაჭავარიანის პოზიციას უზნეობის დემონსტრირება უწოდა.
გოგლა ჟვანიამ გუშინ "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციის" პირდაპირ ეთერში დარეკა, სადაც ტელედებატებში ერთმანეთის პირისპირ დეპუტატების მიხეილ მაჭავარიანი და ზვიად ძიძიგური ისხდნენ და ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით საუბრობდნენ.
"მაჭავარიანის გამოსვლას უპასუხოდ ვერ დავტოვებდი, გაოგნებული ვარ ამ ადამიანების უტიფრობით, "ეფ-ბი-აიმ", რომელზეც საუბრობს საპარლამენტო უმცირესობა, ორი გამოკვლევა ჩაატარა, პირველი იყო ტექნიკური და ეხებოდა "ნიკალას" მუშაობას და იქვე შავით თეთრზე წერია, რომ გაგუდვა ამ შემთხვევაში იყო გამორიცხული. რაც შეეხება მეორე გამოკვლევას, ეს იყო, რომ რამდენიმე ნივთზე დნმ ტესტი ჩატარდა, ეს იყო არასრულყოფილი გამოკვლევა, სხვა არაფერი დასკვნა არ არსებობს. ამიტომ ტყუილად საუბრობენ იდუმალებით მოცულ დასკვნაზე. გამოძიება მალე დასრულდება და ყველა დოკუმენტი გასაჯაროვდება. ამიტომ საჭირო არ არის სპეკულაციები.
მიშა მაჭავარიანს ასეთივე ენთუზიაზმი გამოეჩინა მაშინ, როდესაც მისი მეგობარი გარდაცვლილი იპოვეს, ხოლო ვანო მერაბიშვილი დილით 10:00 საათზე გამოვიდა და განაცხადა, რომ ის გაზით გაიგუდა კონსპირაციულ ბინაში მეგობართან ერთად. უზნეობის მეტი არაფერი ჰქვია მაჭავარიანის გამოსვლას", - აღნიშნა გოგლა ჟვანიამ.