საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიას" პრეზიდენტის შვილი, 21 წლის სერგი მირზაშვილი ამჟამად ე.წ. მიხაელოვის საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ.
დაჭრილი სერგი მირზაშვილი კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მიიყვანა. მას ცეცხლსასროლი იარაღით თავში ესროლეს.
როგორც ექიმები ამბობენ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, რადგან თავის არეში გამჭოლი ჭრილობა აქვს მიყენებული.
"მას აღენიშნება ცეცხლსასროლი ჭრილობა თავის მიდამოში, შემავალი მარცხენა საფეთქლიდან და გამომავალი მარჯვენა თხემიდან. მდგომარეობა კრიტიკულია. ამჟამად პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, სადაც მკურნალობა უტარდება", - აცხადებს ექიმი ბადრი საღირაშვილი.
შემთხვევა წერეთელზე წუხელ ღამით მოხდა. უცნობმა პირებმა სერგი მირზაშვილს საკუთარ სახლში ესროლეს, რომელიც წერეთლის გამზირზე მდებარეობს.
როგორც მეზობლები ამბობენ, სერგი მირზაშვილთან სახლში მისი მეგობრები იმყოფებოდნენ, თუმცა რა მოხდა, არავინ იცის.
მეზობლების ინფორმაციით, უცნობმა პირებმა სერგი ჯერ ცეცხლსასროლი იარაღით თავში დაჭრეს, სახლში მარტო დატოვეს, შემდეგ კი სასწრაფოში ტაქსის მძღოლის ტელეფონით დარეკეს.
"მაგასთან ბიჭები ყოველთვის იყვნენ. ძალიან მეგობრული ბიჭი იყო. დაურეკავთ ჯერ სასწრაფოში და შემდეგ პოლიციაში. დაჭრილი მიუტოვებიათ სახლში მარტო, კარი ღია დაუტოვებიათ და წასულან. შემდეგ უკვე სასწრაფო და პოლიცია მოსულა", - აცხადებენ დაჭრილის მეზობლები.
დაჭრილის მამა კობა მირზაშვილი, გურიიდან თბილისში მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც შვილის დაჭრის შესახებ შეიტყო. კობა მირზაშვილი ადასტურებს, რომ მისი შვილი სახლში მარტო იყო, თუმცა რა მოხდა, ჯერჯერობით არ იცის.
როგორც Ambebi.ge-ს დაჭრილის მამამ განუცხადა, ექიმები შვილის მდგომარეობაზე სასიკეთოს ვერაფერს ეუბნებიან.
"არ ვიცი რა მოხდა, ერთი საათია რაც თბილისში ჩამოვედი, გურიაში ვიყავი. ვიცი, რომ სახლში მარტო იყო, მაგრამ რა მოხდა, არ ვიცი. ახლა ყველა დაკითხვაზეა წაყვანილი. სერგი საავადმყოფოს რეანიმაციაშია, თავშია დაჭრილი და მძიმედ არის. ექიმები სასიკეთოს ვერავერს გვეუბნებიან", - აცხადებს ლანჩხუთის "გურიას" პრეზიდენტი.
სერგი მირზაშვილის დაჭრის ფაქტზე საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.
მინდია აფციაური, Ambebi.ge