არავინ არის დაზღვეული და ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება დადგეს მომენტი, როცა გაიგებს, რომ რაიმე სენით არის დაავადებული. პირველი წამები სასოწარკვეთას უკავშირდება, შემდეგ კი გადარჩენის ინსტინქტი ამუშავდება და ახლობლებთან ერთად იმაზე ფიქრი იწყება, როგორ დაიძლიოს ესა თუ ის პრობლემა.
ზოგი ექიმს მიმართავს, ზოგი ხალხური მედიცინის გამოყენებასაც არ ერიდება. ზოგიერთი ღმერთს მიენდობა და ლოცვით ცდილობს სენის დამარცხებას. ამ დროს შეიძლება, ყოველი მეორე ახლობელი გეკითხებოდეს, რა გჭირს, შენ არ გსიამოვნებდეს ამ თემაზე საუბარი და იძულებით გიწევდეს პასუხის გაცემა. ყველა ცდილობს დახმარებას, გასწავლიან გზებს, როგორ დაამარცხა ეს დაავადება მათმა ახლობელმა და ა.შ. მოკლედ, გარშემო ყველა ექიმი ხდება.
ერთია ახლობლებთან საუბარი და მეორე, როდესაც ხარ ცნობილი ადამიანი, გამოდიხარ და ტელევიზიით ან პრესის საშუალებით შენს ჯანმრთელობაზე ლაპარაკობ. ეს ნამდვილად გაბედული ნაბიჯია იმ ქართველი ''სელებრითების'' მხრიდან, რომლებმაც ხალხს დაანახვეს, რომ ბრძოლის შედეგად შესაძლებელია სენის დამარცხება და ძველებურ ცხოვრებასთან დაბრუნება.
გაგაცნობთ იმ ქართველ ვარსკვლავებს, რომლებმაც გაბედეს და სხვადასხვა დროს, ღიად ილაპარაკეს საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემებზე.
გასულ კვირას ქართული პრესა თუ ინტერნეტმედია მოცეკვავე სალომე ჭაჭუას ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ წერდა. სალომეს სასწრაფო ოპერაცია სჭირდება, მას ხერხემლის თიაქარი აქვს და შესაძლოა, ოპერაციის შემდეგ ცეკვა ვეღარ გააგრძელოს. მისი მეუღლე, მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე აცხადებს, რომ სამკურნალოდ საზღვარგარეთ წავლენ, რადგან შვეიცარიაში არსებობს უოპერაციო მეთოდი, რომლის საშუალებითაც თიაქარს ნემსით აქრობენ. სალომე ამ ეტაპზე ტკივილს ინიექციის საშუალებით იყუჩებს და წყვილი იმედოვნებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და შესანიშნავი მოცეკვავე პროფესიულ საქმიანობას აუცილებლად გააგრძელებს.
დიდი ხანი არ არის გასული, რაც აჩიკო სოლოღაშვილმა ''რუსთავი 2''-ის ღია ეთერში, გადაცემა ''შუა დღეში'' საკუთარ პრობლემაზე ისაუბრა. როგორც აღმოჩნდა, მსახიობს ეპილეფსიის მსუბუქი ფორმა აქვს. ქვეყანაში, სადაც ქრონიკულ დაავადებებზე ხმამაღლა ლაპარაკი ერთგვარ სტიგმად არის ქცეული, ხალხი გაოცებული ადევნებდა თვალს აჩიკოს გულახდილ საუბარს. მსახიობმა დაავადება დაძლია და მისი მართვა შეძლო. ამ გადაცემის შემდეგ უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და აჩიკოს დახმარებასა და მკურნალობის სხვადასხვა გზას სთავაზობდნენ.
იხილეთ სტატიის გაგრძელება