მომღერალი მაგდა ვასაძე ყოველდღიურ ცხოვრებაში თავისუფალი სტილის სამოსს ანიჭებს უპირატესობას. უყვარს შოპინგი და ამბობს, რომ ნამდვილი "შოპოჰოლიკია". მაგდა გამოგვიტყდა, რომ მის ცხოვრებაში არსებობს ადამიანი, ვისთან ერთადაც თავს კარგად გრძნობს და როგორც ყველა შეყვარებული ქალი, ისიც ვარდს ჰგავს.
- როცა ცუდ ხასიათზე ვარ, აუცილებლად საშოპინგოდ უნდა წავიდე. მაღაზიებში სიარული და სამოსის შერჩევა ცხოვრებას მიხალისებს. ყოველდღიურ ტანსაცმელს მაღაზიებში ვყიდულობ, საკონცერტო კაბებს კი ვიკერავ. სხვათა შორის, უკვე საზაფხულო გარდერობის განახლებაზეც ვზრუნავ და თუკი რაიმე მომეწონება, აუცილებლად ვყიდულობ.
- სამოსის შეძენისას ხარისხს ანიჭებ უპირატესობას თუ ფასს?
- ტანსაცმელი ფასის მიხედვით არასოდეს შემირჩევია. მთავარია, მოვიხდინო და მომეწონს. რაც შეეხება ხარისხს, ჯანმრთელობას არ უნდა ავნოს ანუ სინთეტიკა არ იყოს და სხვას მნიშვნელობა არა აქვს.
- როგორია შენი ჩაცმის სტილი?
- ყოველდღიურ ცხოვრებაში თავისუფალი სტილის სამოსს ვანიჭებ უპირატესობას. ჩემთვის მთავარია, ტანსაცმელში თავს კომფორტულად ვგრძნობდე. ისე, ჩემს გარდერობში ყველანაირ სამოსს იპოვით და მათ იმის მიხედვით ვიცვამ, თუ სად მივდივარ.
- რაიმეს შეძენისას ვის აზრს ითვალისწინებ? შოპინგზე ვისთან ერთად დადიხარ ხოლმე?
- მე თუ არ მომეწონება, როგორც უნდა მიქონ, მაინც არ ვიყიდი. ასეთ დროს ვიღაცის რჩევას აზრი არ აქვს. ამიტომ შოპინგზე მარტო დავდივარ. შემიძლია, მაღაზიებში მთელი დღე, შეუსვენებლად ვიარო. მერწმუნეთ, ეს ის საქმეა, რომელიც არ მღლის (იცინის).
- შენს გარდერობში ყველაზე ძვირად ღირებული რა ინახება?
- საკმაოდ ძვირად ღირებული ჩექმა მაქვს, რომელიც ცხადია, ძალიან მომწონს. საერთოდ, ფეხსაცმელში და სახის მოვლის საშუალებებში ფული არასოდეს მენანება.
- მაღაზიიდან სამოსი განვადებით ან ნისიად თუ წამოგიღია?
- სამოსის განვადებით გამოტანა სისულელე მგონია. აი, ნისიად კი წამომიღია... ისე, ერთხელ ისეთი რამ გავაკეთე, ნამდვილად ჯობდა, ტანსაცმელი განვადებით მეყიდა: ერთ დღეს გარდერობის კარი რომ გავაღე, იქ ისეთი ვერაფერი ვნახე, რისი ჩაცმის სურვილიც მქონდა; უკვე აღარაფერი მომწონდა. ფული არ მქონდა, მაღაზიებში რომ მევლო. ჰოდა, ბანკში წავედი, სესხი ავიღე და აღებული ფულით გარდერობი კარგად გამოვავსე (იცინის).
- რომელი ფერის სამოსს ანიჭებ უპირატესობას?
- ძალიან მიყვარს შავი, ასევე - თეთრიც.
- აქსესუარები თუ გიყვარს?
- სამკაული ჩემი სუსტი წერტილია, განსაკუთრებით - ბეჭდები მიყვარს და მათი ყიდვა არასოდეს მომბეზრდება. ძირითადად დიდი და "თვალში მოსახვედრი" აქსესუარები მაქვს. სამაჯურებიც მიყვარს. ერთადერთი, რითიც ვერაფრით მოვიხიბლე, საყურეა.
- მაკიაჟს ყოველდღიურად იკეთებ?
- მაკიაჟის გაკეთება კონცერტების, გადაღებების გამო ისედაც ხშირად მიწევს, ამიტომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვცდილობ, სახეზე აღარაფერი წავისვა, სახის კანი დავასვენო. ისე, გაპრანჭვა და მაკიაჟის წასმა საკმაოდ გვიან, 17-18 წლის ასაკში დავიწყე. ახლა ბავშვები ძალიან პატარა ასაკში ისე იპრანჭებიან, რომ ვერ მიხვდები, ვინ რამდენი წლის არის. პატარა გოგონებს რატომღაც, გაზრდა ეჩქარებათ, მე კი პირიქით ვიყავი და 15 წლის რომ გავხდი, ვიტირე. არ მინდოდა, ბავშვობა დასრულებულიყო.
- როგორ უვლი სახის კანს? რაიმე განსაკუთრებულ ნიღბებს თუ იკეთებ?
- მიმაჩნია, რომ ჩემს ასაკში სახის კანზე განსაკუთრებული ზრუნვა ნაადრევია. ვინაიდან მშრალი კანი მაქვს, სულ რომ არ გამომიშრეს, საღამოს უბრალოდ, დამატენიანებელ კრემს ვისვამ.
- თმას არ იღებავ?
- როგორ არა, ვიღებავ! ბუნებრივად მუქი წაბლისფერი თმა მაქვს, ახლა კი შავად ვიღებავ. ასევე, ჩემი თმა ხელოვნურად არის დახვეული და ამიტომაც, ნიღბების გამოყენება მიწევს ხოლმე, რათა არ გამოშრეს და ბზინვარება არ დაკარგოს. ვარცხნილობას ხშირად არ ვიცვლი.
- მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ანიჭებ უპირატესობას თუ "დაბლებს"?
- ვფიქრობ, ქალს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უხდება. თუმცა, ყოველდღიურად მათ ჩაცმას ვერიდები. "დაბლებში" უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს.
- დილით სარკის წინ დიდხანს ტრიალებ?
- სიმართლე გითხრა, მაკიაჟს ძალიან მალე ვიკეთებ, მაგრამ ტანსაცმელს, ვიდრე სახლიდან გავალ, მინიმუმ ხუთჯერ მაინც ვიცვლი.
- რის გარეშე არ გადიხარ სახლიდან?
- ჩანთა, შარფი და ბეჭედი - ამ აქსესუარების გარეშე სახლიდან არასოდეს გავდივარ. ასევე, ძალიან მიყვარს პიჯაკი.
- კომპლიმენტს ხშირად გეუბნებიან?
- კომპლიმენტებით განებივრებული ნამდვილად ვარ. სულ ვცდილობ, ფორმაში ვიყო, კარგად გამოვიყურებოდე (განსაკუთრებით მაშინ, როცა კონცერტი მაქვს) და ამას შედეგიც მოაქვს.
- შვილი გყავს. ის თუ გეუბნება ხოლმე კომპლიმენტებს?
- შვილი ძირითადად, ჩემს წონას აკონტროლებს. იმასაც მეუბნება, რა მიხდება და რა - არა. ვცდილობ, მისი რჩევა გავითვალისწინო ხოლმე და ისიც ითვალისწინებს ჩემს ნათქვამს. ჩვენ პირველ რიგში, ერთმანეთის მეგობრები ვართ.
- პლასტიკურ ქირურგიაზე რა აზრის ხარ და თავად თუ გიფიქრია გარეგნობაში რაიმეს შეცვლაზე?
- როცა საკუთარ გარეგნობაში რაიმე არ გაკმაყოფილებს და ცდილობ, "დეფექტი" გამოასწორო, - ეს მისასალმებელია, მაგრამ არ მომწონს, ზოგიერთი უამრავ ოპერაციას რომ იკეთებს, რის შემდეგაც ბარბის თოჯინებს ემსგავსებიან. ყველაფერს აქვს საზღვარი... გარდატეხის ასაკში ცხვირის ოპერაციის გაკეთება მინდოდა. თინეიჯერობისას ეს კომპლექსი მქონდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ამ ყველაფერმა გაიარა და ახლა არაფრის შეცვლას აღარ ვაპირებ. მომწონს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ვარ.
- მეუღლეს დაშორებული ხარ. შენს ცხოვრებაში არის თუ არა ვინმე ისეთი, ვისაც შესაძლოა, სულ მალე ცხოვრება დაუკავშირო?
- მომავალში რა მოხდება, არ ვიცი, მაგრამ არსებობს ადამიანი, ვისთან ერთადაც თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.
- შეყვარებულობის პერიოდში თავს განსაკუთრებულად უვლი?
- ვფიქრობ, შეყვარებულ ქალს განსაკუთრებული გამოპრანჭვა არ სჭირდება, ასეთ დროს ხომ ყველა ქალი ვარდს ემსგავსება.
მარეხ ჭონიშვილი
(გამოდის ხუთშაბათობით)